ქუცნაშვილების ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ქუცნაშვილების ოჯახი მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტელეკომპანია „პირველმა“ და „ფორმულამ“ არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს.

ქუცნაშვილების ოჯახის განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ივერი ქუცნაშვილთან დაკავშირებული ტყუილები ინფორმაციისთვის: ივერი ქუცნაშვილი ბიზნესშია 1993 წლიდან და ის არასდროს ყოფილა საჯარო სამსახურში. მისი თანამონაწილეობით შეიქმნა და განვითარდა 4 ქართული კომპანია, რომლებმაც დაარსებიდან 2-3 წელიწადში შეძლეს გამხდარიყვნენ ბაზრის შესაბამისი სეგმენტის უპირობო ლიდერები.

„ტყუილების ფორმულის“ ცრუ ბრალდება: „სახელმწიფომ ივერი ქუცნაშვილს აჩუქა 1.5 მლნ ლარის ღირებულების ქონება. რომ მას მიწის ნაკვეთი გადასცეს არა ახალი საწარმოს აშენების სანაცვლოდ, არამედ პირადად, როგორც ზაქარია ქუცნაშვილის ძმას, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე და ამიტომ ის პრივილეგირებული პირია.“

ტყუილები:

1. ტყუილია ის, რომ ივერი ქუცნაშვილს სახელმწიფომ ქონება აჩუქა და ამიტომ ის პრივილეგირებული პირია. სინამდვილეში ქონება 2014 წელს გადაეცა შპს-ს „რებას-ს“ 1.44 მლნ ლარის (მაშინდელი კურსით 1 აშშ დოლარი - 1.75 ლარს შეადგენდა) ინვესტიციის განხორციელების და სამამულო წარმოების ე.წ. ბაზალტის არმატურის გამომშვები ქარხნის აშენების სანაცვლოდ, რაც კომპანიის მხრიდან შესრულდა. ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და დამატებითი საგადასახადო შემოსავლების ბაზის შექმნის გარდა, ქართული ბაზალტის არმატურის წარმოების ხაზის აწყობით შემცირდა ქვეყნის დამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებში წარმოებულ სამშენებლო მასალაზე (იმპორტზე), რითაც გაუმჯობესდა ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, შემცირდა ლარის გაცვლით კურსზე ნეგატიური წნეხი და საქართველომ ინოვაციური და ეკოლოგიურად სუფთა ახალი სამშენებლო მასალის მწარმოებელი ქვეყნის სტატუსი მოიპოვა. ანალოგიურად, ,,აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, ქართული საწარმოების მოწყობის პირობით, მიწის ნაკვეთები გადაეცათ 500-ზე მეტ საწარმოს, რაც მათი მფლობელების (სულ მცირე 2 000 პირი) რაოდენობის გათვალისწინებით იმას ნიშნავს, რომ ივერი ქუცნაშვილი არც გამონაკლისია და შესაბამისად ვერც პრივილიგერებული პირი იქნება;

2. ტყულია ის, რომ კომპანიაზე გადაცემული მიწის ნაკვეთის ღირებულება 1.5 მლნ. ლარია. სინამდვილეში საწარმოს აშენების სანაცვლოდ გადაცემული ქონების ღირებულება ოთხჯერ ნაკლებია და ის 361 ათას ლარს შეადგენს;

3. ტყულია ის, რომ ეს ქონება ზაქარია ქუცნაშილის ძმას გადაეცა. სინამდვილეში მიწის ნაკვეთი გადაეცა შპს “რება”-ს, სადაც ივერი ქუცნაშვილის წილი მხოლოდ 5% იყო. ომარ ქუცნაშვილთან დაკავშირებული ტყუილები ინფორმაციისთვის: ომარი ქუცნაშვილი არასდროს ყოფილა საჯარო სამსახურში. 1997 წელს მან თავის პარტნიორებთან ერთად, მაშინ, როცა საქარველოში საინჟინრო-კვლევების ბიზნესი წარმოუდგენლად ითვლებოდა, დაარსა კომპანია „ჯეოინჟინირინგი“. „ჯეოინჟინირინგი“ არის უდიდესი საინჟინრო გეოლოგიური კვლევების მწარმოებელი კომპანია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. 2002 წელს აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში არსებული მსგავსი პროფილის საინჟინრო კომპანიებიდან პირველმა მიიღო ISO 9001 სერტიფიკატი გერმანული კომპანია TUV-სგან. მას მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ისეთ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა: ბაქო-სუფსას და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენები, ბაქო-ერზრუმის და ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენები, კაშაგანის ნავთობსაბადო, საერთაშორისო მნიშვნელობის გზები, რკინიგზები, პორტები და ტერმინალები, აშშ-ს საელჩოს შენობა თბილისში, ჰიდროელექტროსადგურების უმნიშვნელოვანესი ნაწილის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები და ბევრი სხვა. მაღალპროფესიული საინჟინრო სერვისების მიწოდებით, კომპანია წარმოადგენს ისეთი გლობალური მასშტაბის კომპანიების პარტნიორს საქართველოში როგორიცაა: „ბრითიშ-პეტროლიუმი“, „შევრონი“, „პეტროფაკი“, „სიმენს“, „სტატოილი“, „ენრონი“, „ატკინს“, „შტუკი“, „ფიხტნერ“ და ა.შ. ომარ ქუცნაშვილი 2008 წელს იმის გამო, რომ ერთი მხრივ, არ შესწირა ფული წინა ხელისუფლების საარჩევნო კამპანიას, ხოლო მეორე მხრივ, არ შეაჩერა ოპოზიციისადმი ზაქარია ქუცნაშვილის აქტიური მხარდაჭერა, გამოგონილი ბრალდებით დააპატიმრეს და 70 წლის იუბილეს 4 წლიანი სასჯელის დაკისრებით ციხეში შეხვდა. ომარ ქუცნაშვილი არის გეოლოგია-მინეროლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და რამოდენიმე ასეული სამეცნიერო სტატიის და წიგნის ავტორი. „ტყუილების ფორმულის” და ტყუილებში „გაპირველებული“ ნოდარ მელაძის ცრუ ბრალდება: „ომარ ქუცნაშვილის კომპანიას, შპს „ჯეოინჟინირინგს“, 2013-2017 წლებში 11 სახელმწიფო ტენდერი მარტივი მოხერხებით უკონკურენტო გარემოში აქვს მოგებული და ბიუჯეტიდან ჯამში 750 ათასი ლარი აქვს წაღებული. რომ ვითომ ის სახელმწიფო უწყებაში მუშაობს და საკუთარი სამსახურიდან საკუთარ კომპანიას აძლევს შეკვეთებს.“

4. ტყუილია ის, რომ ომარ ქუცნაშვილი „სახელმწიფო უწყებაში მუშაობს და ამ უწყებაში საკუთარ კომპანია „ჯეოინჟინერინგს“ სამუშაოებს ტენდერის გარეშე აგებინებს“. სინამდვილეში ომარ ქუცნაშვილს არასდროს უმუშავია სახელმწიფო უწყებაში. 2012 წელს, ციხიდან განთავისუფლების შემდეგ, ის მუშაობდა მხოლოდ თავის კერძო კომპანიაში, ხოლო 2013-20 წლის მარტამდე ასევე მუშაობდა სააქციო საზოგადოება „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოში წევრად სადაც 2013, 2014 და 2015 წლების მანძილზე ხელფასიც არ აუღია. მის კომპანიას ტენდერის ანუ კონკურენციის გარეშე კორპორაციისაგან რაიმე ღირებულების სამუშაო არასდროს არ მიუღია. სინამდვილეში სამეთვალყურეო საბჭომ, კორპორაციის დირექტორთა საბჭოსთან ერთად, სწორი მუშაობის შედეგად სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სააქციო საზოგადოება 121 მილიონიანი წლიური მოგებით 2019 წელს საქართველოს ლიდერ კომპანიად აქციეს.

5. ტყუილია ის, რომ ომარ ქუცნაშვილი „...საკუთარი სამსახურიდან საკუთარ კომპანიას აძლევდა შეკვეთებს“. სინამდვილეში ომარ ქუცნაშვილი სააქციო საზოგადოება „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“-დან შპს „ჯეოინჟინერინგს“ შეკვეთას ვერ მისცემდა იმიტომ, რომ ის მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო და კანონით უფლება არ ჰქონდა შესყიდვაში მონაწილოება მიეღო. ბუნებაში არ არსებობს კორპორაციის შესყიდვების კომისიის რომელიმე გადაწყვეტილება სადაც ომარ ქუცნაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული. კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოში 8 წლის მანძილზე მუშაობისას მის კომპანიას, როგორც საველე და ლაბორატორიული კვლევების პრეტენდენტს, მხოლოდ ერთხელ აქვს ტენდერში მონაწილოება მიღებული და ისიც მხოლოდ კონკურენტულ ანუ ელექტრონულ შესყიდვაში მონაწილოების სახით (იხილეთ: NAT170004459).

6. ტყუილია ის, რომ ომარ ქუცნაშვილი „მარტო, როგორც თავისი კომპანიის ერთადერთი წარმომადგენელი, მარტივად ახერხებს შავ ლაქებიანი ხელშეკრულების გაფორმებას“. სინამდვილეში, ომარ ქუცნაშვილი არ გახლავთ შპს „ჯეოინჟინერინგის“ წარმომადგენელი. კომპანიის გენერალური დირექტორი სხვა პიროვნებაა. შპს „ჯეინჟინერინგს“ არც სიმბოლურ ფასად და არც რომელიმე პროგრამაში მონაწილეობის სანაცვლოდ დაფუძნებიდან დღემდე სახელმწიფოსაგან არ მიუღია არანაირი ქონება და არც რაიმე საგადასახადო შეღავათი. მათი წარმატება დიდი შრომის და ცოდნის, ასევე სხვა ნიჭიერი ადამიანების კოლექტიური მისწრაფების შედეგია და არა „მარტივად მოხერხების“. ყველა მცოდნე ადამიანმა იცის, რომ საინჟინრო-გეოლოგიის სფეროში წარმატების მიღწევა მოხერხებით შეუძლებელია. „ტყუილების ფორმულის“ ვითომ ექსპერტი ქ-ნ ქეთევან ენუქიძე არ იცნობს საინჟინრო სფეროს, საინჟინრო სერვისების მიმწოდებელი კომპანიების პროფესიულ და მატერიალურ შესაძლებლობებს და შესაბამისად, მსჯელობას ამყარებს მიკერძოებული პირისათვის დამახასიათებელი სტანდარტული კლიშეებსა და ფორმულებზე დაყრდნობით, რაც სრულად ჯდება ყალბი ამბების ტელევიზიის ინტერესებში.

7. ტყუილია ის, რომ „ომარ ქუცნაშვილის კომპანიას, შპს „ჯეოინჟინირინგს“, 2013-2017 წლებში 11 სახელმწიფო ტენდერი უკონკურენტო გარემოში მოგებული აქვს და ბიუჯეტიდან ჯამში 750 ათასი ლარი აქვს წაღებული იმის გამო, რომ ის ჩინოვნიკის მამის კომპანიაა“. სინამდვილეში საინჟინრო-გეოლოგიის სფეროში ტენდერები განსხვავდება სამშენებლო სფეროს ტენდერებისაგან. საქართველოში, სამწუხაროდ, სულ 2 ცნობილი საინჟინრო-გეოლოგიური სპეციალიზაციის მქონე ქართული კომპანიაა, საიდანაც შპს „ჯეოინჟინირინგს“ ყველაზე რთულ და მასშტაბურ საინჟინრო-გეოლოგიურ პროექტებს ანდობენ. საინჟინრო-გეოლოგია მოითხოვს კომპლექსურ საინჟინრო და გეოლოგიურ ცოდნას, საველე ტექნიკის მართვის ურთულეს უნარებს და ლაბორატორიული კვლევების ჩატარების ღრმა კვალიფიკაციას. კიდევ უფრო რთულია საინჟინრო-გეოლოგიის როგორც ბიზნესის შენარჩუნება და განვითარება საქართველოსნაირი მცირე ეკონომიკის და მწირი ტექნიკური რესურსების გათვალისწინებით. მშენებლობის სფეროში შედარებით მრავალი მიმწოდებელია და შესაბამისად კონკურენციაც დიდია. ასე რომ „ტყუილების ფორმულის“ მიერ ამ სფეროში უკონკურენტო გარემოს ზაქარია ქუცნაშვილისათვის დაბრალება საკითხის უცოდინრობის და პოლიტიკურად დაინტერესების მორიგი მაგალითია. ინფორმაციისათვის ამ მაშტაბის კომპანიის მიერ 5 წლის მანძილზე, ჯამში, 750 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები, შეადგენს „ჯეოინჟინირინგის“ 2013-2017 წლების შემოსავლების 7%-ზე ნაკლებს. შესაბამისად ნათელია, თუ რამდენადაა კომპანია დამოკიდებული სახელმწიფო ტენდერებიდან მიღებულ შემოსავლებზე. ზაქარია ქუცნაშვილთან დაკავშირებული ტყუილები ინფორმაციისთვის: ზაქარია ქუცნაშვილმა თავისი შრომითი საქმიანობა 1992 წელს დაიწყო კერძო სადაზღვევო კომპანიაში მუშაობით. მის 28 წლის შრომის საერთო სტაჟში საჯარო და კერძო სექტორებში მუშაობას თანაბარი პერიოდი უკავია. ის გახლავთ სამართლებრივი პროფილის პირველი რადიო და სატელევიზიო გადაცემის „კანონი ხალხისათვის“ ავტორი და ყოფილი წამყვანი, წარმატებული იურიდიული კომპანიის „კ ენდ კ - კონსტალტინგის“ დაფუძნებელი პარტნიორი, საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის იურიდიული დეპარატემენტის ყოფილი დირექტორი და საქართველოს საპარტრიარქოს იურიდიული სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი. 27 წლის ასკაში ის არჩეული იქნა თბილისის საკრებულოს, ხოლო 28 წლის ასაკში პირველად საქართველოს პარლამენტის წევრად. გაიმარჯვა 4 საპარლამენტო არჩევნებში ორჯერ პროპორციული და ორჯერ მაჟორიტარული სისტემით მონაწილოებისას. არის 20-ზე მეტი კანონის ავტორი (თანაავტორი), მათ შორის, სააკაშვილის რეჟიმის დროს უკანონოდ ქონება ჩამორთმეული ადამიანებისათვის კონსტიტუციური უფლების არსებითად დარღვეულად მიჩნევის გამო საქმეების გადასინჯვის და ქონების დაბრუნების თაობაზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილების (310-ე მუხლი), საქართველოში „უკანონო შემოსავლის ლეგალიზების (ფულის გათეთრების) საწინააღმდეგო“ კანონმდებლობის, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის. ათეულობით პუბლიკაციის და „საქართველოს 2050“ - საქართველოს განვითარების სტრატეგია, წიგნის მთავარი რედაქტორი (გამომცემლობა მერიდიანი, 2015 წელი, ISBN 978-9941-25-134-4). „ტყუილების ფორმულის”ცრუ ბრალდება: „ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატებს შორის არის ლიდერი უძრავი ქონებების რაოდენობით, რომ ის დაბა თიანეთში მიწას და სხვა უძრავ ქონებებს ფლობს, რომ ბანკიდან დიდი იპოთეკური სესხი 4 000 – 5 000 ლარიანი ხელფასის იმედად აიღო და რომ მან თქვა, რომ „კრემლის ჩინოვნიკი სერგეი გავრილოვი საქართველოში მე ჩამოვიყვანეო.“

8. ტყუილია ის, რომ ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატებს შორის ლიდერია უძრავი ქონებების რაოდენობით. სინამდვილეში ზაქარია ქუცნაშვილი თბილისში ფლობს ერთ ერთსაძინებლიან ბინას (59 კვ.მ), ერთ საოფისე ფართს (88 კვ.მ) და ერთ მცირენომრიან ბუტიკური სტილის სასტუმროს. ხოლო მის მშობლიურ სოფელში ერთ მცირე ზომის ნაკვეთს (136 კვ.მ) და სოფელ ხევსურთსოფელში 2 თანამესაკუთრესთან ერთად ერთ მულტიფუნქციურ შენობას. საჯარო რეესტრის ჩანაწერებიდან და მისი ქონებრივი დეკლარაციის სხვადასხვა წლების მონაცემების ერთმანეთთან შედარებით ნათლად ჩანს, რომ საოფისე ფართი შეძენილი ჰქონდა 2012 წლის არჩევნებამდე. თბილისში ერთი ერთსაძინებლიანი ბინა შეძენილი აქვს ბათუმის ცენტრში ორსაძინებლიანი ბინის რეალიზაციის შემდეგ, რომელიც ასევე 2012 წლის არჩევნებამდე ჰქონდა ნაყიდი. თბილისში ერთი მცირენომრიანი სასტუმრო შეიძინა და მოაწყო ბანკიდან იპოთეკური სესხის აღებით, რაც სესხის ხელშეკრულებების მიზნობრიობაში პირდაპირ წერია. „ტყუილების ფორმულის“ არაობიექტური დასკვნა ზაქარია ქუცნაშვილის ქონების როგორც რაოდენობის, ასევე ღირებულების თაობაზე ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს.

9. ტყუილია ის, რომ ზაქარია ქუცნაშვილი დაბა თიანეთში მიწას და სხვა უძრავ ქონებებს ფლობს. სინამდვილეში ზაქარია ქუცნაშვილი დაბა თიანეთში არაფერს არ ფლობს.

10. ტყუილია ის, რომ ზაქარია ქუცნაშვილი თბილისში, საირმის გორაზე, სახლს ფლობს. სინამდვილეში ზაქარია ქუცნაშვილი თბილისში საირმის გორაზე სახლს არ ფლობს. მითითებული სახლი ეკუთვნის ომარ ქუცნაშვილს, რომელმაც ის 2000-2008 წლებში ააშენა.

11. ტყუილია ის, რომ ზაქარია ქუცნაშვილმა ბანკიდან მცირეონმრიანი სასტუმროს მოსაწყობად დიდი იპოთეკური სესხი მიიღო მხოლოდ 4 000 -5 000 ლარის ხელფასის იმედად. სინამდვილეში ბანკიდან იპოთეკური სესხები ზაქარია ქუცნაშვილმა მიიღო არამარტო საკუთარი ხელფასის ჩვენებით, არამედ ოჯახის სხვა წევრების თანამსესხებლის სტატუსით გაფორმების და თავდებში ჩაყენების შედეგად. „ტყუილების ფორმულის“ ვითომ ექსპერტებმა ისიც არ იციან, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესების მიხედვით სესხს ვერავინ აიღებს თუ არ აჩვენა მისი და სხვა თანამსესხებლის შემოსავლები და ეს შემოსავლები, ეროვნული ბანკის დადგენილი რეგულაციებით, საკმარისი არ არის სესხის და ბანკის სარგებლის მომსახურებისათვის.

12. ტყუილია ის, რომ ზაქარია ქუცნაშვილმა იპოთეკური სესხით შეძენილი ქონება გაანადგურა და დაამახინჯა. სინამდვილეში ზაქარია ქუცნაშვილმა მცირენომრიანი სასტუმროს მოსაწყობად მრავალბინიან ეზოში შეძენილ ქონებას მოუარა და გაამაგრა. შენობას ახალი სიცოცხლე შთაბერა ისე, რომ არც სახელმწიფოს და არც მუნიციპალიტეტს ამაში ფული არ დაუხარჯავს და რაც იქ მცხოვრებ ყველა მეზობელს ძალიან მოსწონს.

13. ტყუილია ის, რომ ზაქარია ქუცნაშვილმა თქვა, რომ „კრემლის ჩინოვნიკი სერგეი გავრილოვი საქართველოში მე ჩამოვიყვანეო“. სინამდვილეში, ეს ზაქარია ქუცნაშვილის არც უთქვამს და არც გაუკეთებია. დიპლომატიის და საერთაშორისო ურიერთობების ნებისმიერმა მცოდნემ იცის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების გენერალური ასამბლეების დღის წესრიგს, დელეგატების და სტუმრების შერჩევას და მოწვევას, დარბაზში მათი განლაგების (დაჯდომის) საკითხს წყვეტს ამ ორგანიზაციების მუდმივმოქმედი საერთაშორისო სამდივნოები. მხოლოდ მათ შეუძლიათ განსაზღვრონ დღის წესრიგი, შეარჩიონ და მოიწვიონ დელეგატები, გაანაწილონ და დასვან ასამბლეის სესიის გასამართ დარბაზში. მასპინძელი ქვეყნის როლი მხოლოდ ღონისძიების ხელშეწყობაში, კულტურული პროგრამის შერჩევაში და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით მათ მიერ მოწვეული დელეგატების შემოწმებაშია. ბ-ნი სერგეი გავრილოვი არც კრემლის ანუ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის და არც მათი მთავრობის წევრი გახლავთ. ის „მართმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტაშორისო ასამბლეის“ საერთაშორისო სამდივნომ მოიწვია, როგორც მისი არჩეული პრეზიდენტი და არა როგორც მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ერთ-ერთი დეპუტატი. საპარლამენტაშორისო ასამბლეის წევრები, როგორც წესი, მხოლოდ პარლამენტის წევრები არიან და არა სხვა ქვეყნების პრეზიდენტების ადმინისტრაციების ან კიდევ მთავრობების წევრები. საქართველოს შესაბამისი ორგანოების მოწოდებული მონაცემების საფუძველზე მას არ ჰქონდა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი დარღვეული, წარმოადგენდა დედით ქართველ ადამიანს და მისი ბევრი წინაპარი განისვენებდა ქვემო ქართლში. ასე რომ ბუნებაში არ არსებობს და ვერც იარსებებს დოკუმენტი რომელიც დაადასტურებს, რომ ის საქართველოში ზაქარია ქუცნაშვილმა ჯერ მოიწვია და შემდეგ ჩამოიყვანა. დასკვნა: დარწმუნებული ვართ, ზოგიერთი მიკერძოებული ექსპერტი და ყალბი ამბების ტელევიზია, მათი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, არ შეწყვეტენ სიცრუის ტირაჟირებას. დარწმუნებული ვართ იმაშიც, რომ პატივსაცემი საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ჩვენ ოჯახს არ იცნობს, აქ მოყვანილ ინფორმაციას გაიზიარებს იმიტომ, რომ თითოეული გარემოება ადვილად გადამოწმებადია. ისინი დასტურდება საჯარო, სამეწარმეო და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეესტრის სრულიად ღია და ხელმისაწვდომი ჩანაწერებით. სიმართლით დაინტერესების შემთხვევაში, „ტყუილების ფორმულას“ და ტყუილებში „გაპირველებულ“ ნოდარ მელაძეს ადვილად შეეძლო გადაემოწმებინა ზემოაღნიშნული 13-ე ფაქტი, თუმცა მათი მიზანი სიცრუის ტირაჟირებით და პატიოსანი ადამიანების ცილისწამებით მათი გადაცემების დაფინანსების გამართლებაა“, - აღნიშნულია ქუცნაშვილების განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა