ლონდა თოლორაია - 1-ელი ნოემბრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში 351 შეტყობინება შევიდა, გამოძიება 68 შემთხვევაზე დაიწყო, აქედან 64 სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხებოდა

პირველი ნოემბრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში 351 შეტყობინება შევიდა, სისხლის სამართლის გამოძიება 68 შემთხვევაზე დაიწყო, აქედან 64 შემთხვევა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხებოდა, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე განმარტებით, მოქალაქეები ძირითადად საჯარო მოხელეთა მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე მიუთითებენ და ძირითადად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან.

„რაც შეეხება 1-ელი ნოემბრის შემდგომ არსებულ ვითარებას - ჩვენთან შემოვიდა 351 შეტყობინება, აქედან შეტყობინების ნაწილი არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, შეტყობინებების ნაწილი არ განეკუთვნებოდა სახელმწიფო ინსპექტორის კომპენტენციას.

დანაშაულის შემცველი შეტყობინებების უდიდესი ნაწილი ჩვენთან შემოდის შინაგან საქმეთა სამინისტროდან, კერძოდ დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან, გენერალური ინსპექციიდან, ტერიტორიული დანაყოფებიდან, 12% შემოვიდა საქართველოს პროკურატურიდან, 12%- სახალხო დამცველის აპარატიდან, 7%- იუსტიციის სამინისტროდან, ასევე, მოქალაქეებისგან - 4%, ჩვენ ასევე გამოძიებას ვიწყებთ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე და შეტყობინებების 1% სწორედ მედიაზე მოდის. რა თქმა უნდა, გამოძიება მყისიერად დავიწყეთ ყველა იმ შემთხვევაზე, რომელიც შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. გამოძიება დავიწყეთ სისხლის სამართლის 68 საქმეზე, აქედან 64 საქმეზე გამოძიება დავიწყეთ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით. ძირითადად მოქალაქეები მიუთითებენ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე საჯარო მოხელეთა მხრიდან და ძირითადად სამართლდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან. 1 ფაქტზე გამოძიება დავიწყეთ განმარტების, ჩვენების და დასკვნის მიცემის იძულების ფაქტზე, ხოლო 3 ფაქტი შეეხება ციხეში გარდაცვალების შემთხვევებს,“- განაცხადა ლინდა თოლორაიამ.

ამასთანავე, სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეტყობინებების დაუყოვნებლივ მიღება და მათზე დაუყოვნებლივი რეაგირება. მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დასაკავშირებლად 24-საათიანი ცხელი ხაზი მუშაობს, რომლის ნომერია 199.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა