ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2020

ახალი პოლიტიკური პლატფორმა - დოლიძე-ელისაშვილი-კობერიძე “ლელოსკენ” იხრება

რამდენკაციანი ჯგუფი ამზადებდა გაბუნიას მკვლელობას

დიდი სკანდალი ტრამპის კარზე - რა საიდუმლო გასცა აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა

* * *

ახალი პოლიტიკური პლატფორმა - დოლიძე-ელისაშვილი-კობერიძე “ლელოსკენ” იხრება

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ მემორანდუმს ხელი მოაწერეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს. ანა დოლიძე განმარტავს, რომ მემორანდუმის მიზანი იმ პოლიტიკური პოლარიზაციის დარღვევაა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არსებობს. ასევე საინტერესოა ვისთან აპირებენ ისინი თანამშრომლობას. უკვე ახალი პლატფორმის წევრები არ გამორიცხავენ, შესაძლოა მათი თანამშრომლობა “ლელოსთან” ან თამარ ჩუგოშვილთან მოხდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ახალი პოლიტიკური პლატფორმა - დოლიძე-ელისაშვილი-კობერიძე “ლელოსკენ” იხრება.

“დოლიძე ამბობს, რომ ქვეყანა უპერსპექტივობის ჭაობშია ჩაფლული და ჩვენი თანამოქალაქეები დარჩენილნი არიან ცუდსა და უარესს შორის არჩევანის პირისპირ. ხოლო საზოგადოების დღის წესრიგი მონოპოლიზებული ორ ძალას აქვს. მისი თქმით, ამ სამ ადამიანს სუფთა წარსული აერთიანებს. “ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ მსჯელობის და დისკუსიის განსხვავებული პლატფორმა, რომელიც გახდება დღევანდელი პოლარიზებული ატმოსფეროს ახალი, ჯანსაღი ალტერნატივა და რომელიც თავის გარშემო შემოიკრებს მსგავსი ფასეულობების, პატრიოტ, კეთილსინდისიერ და ჩვენს ქვეყანაზე მზრუნველ მოქალაქეებს”, - განაცხადა ანა დოლიძემ. ალეკო ელისაშვილი კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ ეს არის პლატფორმის პრეზენტაცია და არა პარტიის. მისივე თქმით, ეს იქნება სივრცე და მაგიდა, სადაც საქართველოზე შეყვარებული ადამიანები შეიკრიბებიან. აქ კი მთავარი სამსჯელო და საფიქრალი მხოლოდ საქართველო იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენთან 30 წელია პოლიტიკურ პროცესად მიჩნეულია სიძულვილი, ზიზღი, გაუთავებელი დაპირისპირება. ხალხი იხრჩობა სიღატაკეში და ქვეყანა გახდა წარუმატებელი, მაჩანჩალა, საიდანაც ადამიანები გარბიან. ჩვენ გვინდა საკუთარი მაგალითით ვაჩვენოთ, რომ სინამდვილეში, პოლიტიკა ხალხის სამსახურია”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. მისივე თქმით, პლატფორმას მხოლოდ მსგავსი ღირებულებების პოლიტიკოსები, თუ პარტიები შეუერთდებიან. ელისაშვილი ამბობს, რომ ქვეყანა წინასაარჩევნო რეჟიმშია და ამიტომაც არ გამორიცხავენ, რომ ეს სერიოზულ პოლიტიკურ განაცხადადაც ჩამოყალიბდეს”, - განაგრძობს გამოცემა.

ლევან კობერიძე კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ ახლა ქვეყნის მთავარი გამოწვევა სიღარიბეა და მისი დაძლევა მხოლოდ პოლიტიკური ცხოვრების შეცვლით იქნება შესაძლებელი. “მას შემდეგ რაც პარლამენტში მუშაობა დავიწყე, მივხვდი, რომ თუ ამ ქვეყანაში პოლიტიკა არ შეიცვალა და რაღაცა ტიპის გარღვევა არ მოხდა, ქვეყანაში არსებული პრობლემები ვერ მოგვარდება. რა თქმა უნდა, პოლიტიკური კონსულტაციები მიდის. შესაბამისად, რა სახის პოლიტიკურ კონფიგურაციაში ჩაჯდება ეს პლატფორმა, მომავალი გვიჩვენებს. გვაქვს კონსულტაციები თამარ ჩუგოშვილთან, პარტია “ლელოსთან”, ეს არის ის ძირითადი წრე”, - განაცხადა ლევან კობერიძემ, რომლის თქმით, “ასევე საუბარია თამარ ხულორდავაზე, დიმიტრი ცქიტიშვილსა და გიორგი მოსიძეზე”, - დასძენს გამოცემა.

რამდენკაციანი ჯგუფი ამზადებდა გაბუნიას მკვლელობას

“არის თუ არა “მთავარი არხის” ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული მხოლოდ ერთი პირი და შესაძლოა თუ არა, რომ მის ლიკვიდაციას რამდენიმე ადამიანი გეგმავდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ მსგავს დანაშაულს მინიმუმ სამი ადამიანი მაინც გეგმავს. ერთი მოთვალთვალეა, მეორე უშულოდ მის პიროვნებას და გადაადგილებას სწავლობს, მესამე კი ამ დავალებას ასრულებს. შესაბამისად ჩნდება კითხვა გადაიარა თუ არა საფრთხემ და ხომ არ შეიძლება დამნაშავეებს გეგმა “ბ” ჰქონდეთ. როგორც ჩანს ამ ვერსიას სუს-ში განიხილავენ, რადგანაც გვიან ღამით ისანში სპეცოპერაცია ჩატარდა. ვის და რას ეძებდნენ ქართველი სამართალდამცველები ჯერჯერობით უცნობია, რადგანაც სუს-ში რაიმე სახის განმარტებას ამ ეტაპზე არ აკეთებენ. მხოლოდ იმას ამბობენ, რომ დაკავებული არავინ არის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რამდენკაციანი ჯგუფი ამზადებდა გაბუნიას მკვლელობას - “დიდი ალბათობით დაკავებული მარტო არ მოქმედებდა”.

“ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები გიორგი მდივნის ქუჩაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ერთ-ერთი საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები იყვნენ მობილიზებულნი. ჯერჯერობით კვლავ უცნობია, უკავშირდება თუ არა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ბოკოვის დაკავებას. თუმცა სუს-ში, ამ ვერსიას უარყოფენ. ვინ არის, სავარაუდოდ, გაბუნიას მკვლელობის მომზადებისთვის დაკავებული რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოევი და როგორ ჩავარდა ის. “რეზონანსს” უკრაინაში მოღვაწე ერთ-ერთი ქართველი სამხედრო უყვება, რომ დაკავებული პირი რუსეთის ეფესბე-ს სპეცდანიშნულების რაზმის “ვიმპელის” მოქმედი თანამშრომელია. სავარაუდოდ, ის კადიროვისგან გაბუნიაზე თავდასხმის ან გატაცების ნიშანს ელოდა და მან საქმის სისრულეში მოყვანას ამდენი დრო ამიტომაც მოანდომა. აქვე ის გამოთქვამს ეჭვს, რომ ის მარტო არ მოქმედებდა. ასევე გაჩნდა ეჭვი, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მონაწილე იგივეს ჯგუფი უნდა მოქმედებდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თავად გიორგი გაბუნია არ გამორიცხავს, რომ მის ლიკვიდაციას არა ერთი ადამიანი, არამედ კონკრეტული ჯგუფი ამზადებდა. შესაბამისად, გამოძიებამ ახლა უნდა დაადგინოს უშუალოდ დაკავებული რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოევია თუ არა დაქირავებული ქილერი, რომელსაც გაბუნიას მკვლელობა უნდა შეესრულებინა. გიორგი გაბუნიას მკვლელობის მზადება კი სავარაუდოდ, მას შემდეგ ჩავარდა, რაც უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული სამსახურის ხელმძღვანელი გენერალი შაიტანოვი მხილებულ იქნა რამზან კადიროვთან კავშირში. გამოძიების ინფორმაციით, მას კადიროვისა და პუტინის მოწინააღმდეგის შეკვეთილი მკვლელობის მომზადებაში 1 მილიონი დოლარი ჰქონდა აღებული. გენერალი შაიტანოვი უკრაინაში აპრილის დასაწყისში დააკავეს. სწორედ ამ სპეცოპერაციების შედეგად გახდა უკრაინელი სამართალდამცავებისთვის გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთის საქმის შესახებ, რაც მოგვიანებით ქართველ კოლეგებს აცნობეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“უკრანული მედია კი წერს, რომ საქართვეელოში დაკავებული ასლანბეგ ბოკოევი კადიროვის მარჯვენა ხელია. ამიტომაც კადიროვის კიდევ ერთი მუქარის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა გაბუნია ჯერ გაეტაცებინათ და მისთვის საჯაროდ ბოდიში მოეხდევინებინათ და შემდეგ მოეკლათ. ეს ეჭვი კადიროვის განცხადებამ კიდევ უფრო გაამყარა. “როგორც ადრე ვთქვი, გიორგი გაბუნიას ურჩევნია დადგეს მუხლებზე და პატიება ითხოვოს”, - ამის შესახებ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა. კადიროვი ქართველი ჟურნალისტის ლიკვიდაციის შეკვეთას უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ მისგან მიღებულ დავალებებს ყოველთვის ასრულებენ. “დღევანდელი ქართული პოლიტიკა მკვდარია, ზუსტად ისევე, როგორც უკრაინული. ნაცვლად იმისა, რომ ამ ქვეყნების მთავრობები ხალხზე ფიქრობდნენ, სულელურ განცხადებებს აკეთებენ. ამჯერად თქვეს, რომ კილერი დააკავეს, რომელიც კადიროვის დაკვეთით ქართველ ჟურნალისტზე გეგმავდა თავდასხმას. ბატონებო, დამიჯერეთ, რომ თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის ამ დავალებას ასრულებს და თუ დავალების შესრულება ჩუმადაა საჭირო, ამის შესახებ ვერავინ ვერაფერს იგებს”, – დაწერა ჩეჩნეთის ლიდერმა სოციალურ ქსელ “ტელეგრამში”. კადიროვმა გიორგი გაბუნიას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაბუნია ჩეჩნეთის ლიდერის პირადი მტერი გახდება”, - დასძენს გამოცემა.

“გიორგი გაბუნიას ურჩევნია მუხლებზე დადგეს და ბოდიში მოიხადოს. მან შეურაცხყოფა მიაყენა არა ერთ ადამიანს, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქეს. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები ამ ადამიანის აღსაზრდელად. პირადად ამ ადამიანს კი მოვუწოდებ, სწორი დასკვნები გამოიტანოს და ჭკუას მოუხმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩემი პირადი მტერი გახდება”, - აცხადებს კადიროვი. გადაცემა “პოსტ ფაქტუმის” წამყვანი და “მთავარი არხის” დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნია კი სუს-ში მისვლას არ აპირებს - იგი მხოლოდ სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას დათანხმდება. ზელიმხან ხანგოშვილის ძმა ზურაბ ხანგოშვილი კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ დაკავებული ბოკოევის შესახებ არაფერი სმენია, თუმცა დარწმუნებულია, რომ ის კადიროვის დავალებით მოქმედებდა. ხანგოშვილი იმასაც არ გამორიცხავს, რომ მას ამ მკვლელობაში ის ჯგუფი ეხმარებოდა, რომლებმაც გერმანიაში მისი ძმის ლიკვიდაცია შეასრულეს. ზურაბ ხანგოშვილიც რუსეთის მტრად არის აღიარებული და ის სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს, რადგანაც საკუთარ ქვეყანაში თავს დაცულად ვერ გძნობს”, - წერს სტატიის ავტორი.

“დარწმუნებული ვარ, რომ კადიროვი რუსეთთან შეთანხმებით მოქმედებდა. კადიროვს პუტინის თანხმობა ექნებოდა. თავის მხრივ, პუტინისთვის საჩუქრის გაკეთება უნდოდა და გაბუნიას ლიკვიდაციას წლისთავს დაამთხვევდა... ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა სპეცსამსახურებმა ბოკოვის დაკავება რატომ ვერ შეძლეს, მით უმეტეს ასე ღიად გადაადგილდებოდა. რა თქმა უნდა, ის მარტო არ მოქმედებდა და მას რამდენიმე კაცი აუცილებლად ეყოლება, რომლებიც ეხმარებიან. ჩემი ძმის საქმეში ეჭვი მაქვს, რომ პანკისელი ქისტები მკვლელს ეხმარებოდნენ. არ ვიცი ხელს ვერავის ვადებ, მაგრამ ეს ეჭვები მაქვს... არ მგონია, რომ გებიშ ხანგოშვილმა (პანკისელი უხუცესის ხასო ხანგოშვილის ვაჟი) რამე იცოდა. ზოგადად კავკასიელები სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და მათი საქმიანობის ან მიზნების შესახებ გამოკითხვებს ვერ დავიწყებთ. რა თქმა უნდა, ქვეყანაში ყოფნის რეალურ მიზეზსს არც ის ეტყოდა. გამოძიებამ უნდა გაარკვიოს ვისთან ჰქონდა საქმე და რა მიზნები ამოძრავებდა სტუმარს. საიდან და როდიდანაა მისი მეგობარი, ამ ყველაფერზე ჩვენმა სპეცსამსახურებამ უნდა იმუშაონ“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ხანგოშვილი.

“უშიშროების საკითხების ანალიტიკოსი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ არ არის გამორიცხული გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეში სხვა ადამიანებიც ფიგურირებდნენ, რომლებიც დაკავებულები არ არიან და ამ მიმართულებით გამოძიება მუშაობს. მისივე თქმით, გამოძიება რამდენიმე მიმართულებით უნდა წავიდეს. პირველი ამოსავალი წერტილი გიორგი გაბუნიას უსაფრთხოების დაცვა უნდა იყოს, რადგანაც არ ვიცით, რა სახის და რა ხარისხის თავდასხმა მზადდებოდა. რუხაძე აცხადებს, რომ რადგან ეს პირი დაკავებულია მისი საშუალებით ბევრი ინფორმაციის მიღება უნდა შევძლოთ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს ისტორია შესაძლოა კი არ დასრულდა, არამედ დაიწყო და საფრთხე სხვა ადამიანებისგანაც მოდიოდეს, რომლების გამოვლენაზე უსაფრთხოების სამსახურმა ოპერატიულად უნდა იმუშავოს. თუკი ერთი ჩავარდა, შესაძლოა ამ გეგმის შესრულების სხვა ვარიანტებიც ჰქონდეთ და ეს მიზანი სხვადასხვაგვარად აღასრულონ”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“თუ ჩვენს სპესამსახურებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ გაბუნიაზე თავდასხმა იგეგმებოდა, მასზე თვალთვალს, რა თქმა უნდა, დაიწყებდნენ. თუმცა დიდი ალბათობით არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ დაკავებული მარტო არ მოქმედებდა. მას შესაძლოა წინასწარ ნიადაგი მოუმზადეს და გაბუნიას გადაადგილების და მოქმედების სქემას სხვები ადგენდნენ. ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. უამრავი კითხვა არსებობს ასევე, იმ ადამიანთან, რომელიც დააკავეს. არის თუ არა ეს პირი რეალურად ე.წ. ქილერი, რომელიც უკვე დაკვეთის შესასრულებლად იყო ჩამოსული, თუ იმ ჯგუფის წევრი, რომლებიც გაბუნიას უთვალთვალებდნენ. ამ ხნის განმავლობაში დაკავებულს ვისთან ჰქონდა ურთიერთობა. სახელი და გვარები უნდა გადამოწმდეს. ვინ არის ეს პირი და ამ ხნის განმავლობაში ვისგან და რა სახის დირექტივებს იღებდა”, - ამბობს ანალიტიკოსი გამოცემასთან საუბრისას.

დიდი სკანდალი ტრამპის კარზე - რა საიდუმლო გასცა აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა

“აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი საკუთარ წიგნში, სახელწოდებით “ოთახი, სადაც ეს მოხდა”, დონალდ ტრამპს საზოგადოებისთვის განსაცვიფრებელ ბრალდებებს უყენებს, რაზედაც აშშ-ს პრეზიდენტმა საპასუხოდ ყოფილ მრჩეველს ბრალი კანონდარღვევაში დასდო, მატყუარა და თეთრ სახლში ყველასთვის საზიზღარი პიროვნება უწოდა. მაგალითისთვის იგი წერს, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 10 წლის თავზე ტრამპმა რუსეთის გამაკრიტიკებელი განცხადების გამოქვეყნება შეაჩერა, გარდა ამისა, ასევე წერს, რომ ტრამპმა სკრიპალების მოწამვლის საქმის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაც არ მოიწონა. ბოლტონი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაზე ზეწოლას ახდენდა, რათა ოპონენტებზე კომპრომატი მიეღო - ამის შესახებაც მისივე წიგნშია ნათქვამი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დიდი სკანდალი ტრამპის კარზე - რა საიდუმლო გასცა აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა.

“წიგნში აღნიშნულია, - 2019 წლის 20 აგვისტოს ტრამპმა განაცხადა, რომ არ სურს უკრაინას რაიმე სახის სამხედრო დახმარება გაუწიოს, “ვიდრე არ მიიღებს ჰილარი კლინტონთან და ჯო ბაიდენთან დაკავშირებული გამოძიების ყველა მასალას”. ბოლტონი მემუარებში ამტკიცებს, რომ ის, ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი 10-ჯერ მაინც შეეცადნენ დაერწმუნებინათ ტრამპი, განეახლებინა უკრაინის სამხედრო დახმარება. აღსანიშნავია, რომ ბოლტონი დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან 2019 წლის სექტემბერში გარკვეულ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოების გამო გაათავისუფლა. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” ამბობს, რომ შესაძლებელია ბოლტონი ტრამპის მისამართით აღნიშნულ მემუარებით შურსაც იძიებდეს. ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ ობამასგან განსხვავებით “ტრამპმა ფაქტობრივად არსებული მსოფლიო წესრიგის ღერძი მოარყია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჯონ ბოლტონი ნეოკონსერვატორია. ტრამპი როდესაც თავის დროზე პრეზიდენტად მოვიდა, შეეცადა, რომ რესპუბლიკური პარტიის შიგნით არსებულ ყველა ძალასთან ეთანამშრომლა, რის შედეგადაც თანამდებობებზე კურტ ვოლკერი, ბოლტონი და სხვები მოიწვია - შემდეგ მათთან ურთიერთობა დაეძაბა, ბოლტონი მან თეთრი სახლიდან გააძევა და არაა გამორიცხული რომ იგი ტრამპზე ახლა უბრალოდ შურს იძიებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რასაც ჯონ ბოლტონი წერს, სიმართლეს არ შეესაბამება. ტრამპის პოლიტიკა ძალიან ზიგზაგური და არათანმიმდევრულია, რაც ბარაკ ობამას მმართველობისგან განასხვავებს. იგი ეგოცენტრისტულად ორიენტირებული პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და ულტრანაციონალისტია და რა თქმა უნდა, მას ძალიან პრაგმატული მიზნები და ამოცანები აქვს. როცა ტრამს სჭირდება ის ანტირუსია, როცა დასჭირდება შესაძლოა პრორუსიც იყოს, ანუ ამ მიმართულებით ჰქონდეს გარკვეული ჟესტები. მან ბოლოს და ბოლოს ისეთი რაღაც თქვა, რომ ყველას თმები ყალყზე დაუყენა, წამოაყენა ინიციატივა, რომ რუსეთი დიდ შვიდეულში მიიწვიოს, თუმცა მეორეს მხრივ კი იგი უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ამ ეტაპზე იგი ჩინეთთანაა დაპირისპირებული, ამის გამო ის უფრო ცდილობს რუსეთთთან კარგი ურთიერთობა გააბას, იმის გამო რომ ჩინეთი რუსეთს არ “ჩაეხუტოს”, ამიტომ იგი ერთგვარად გეოპოლიტიკურად ფლირტაობს და თუ მეორე დღეს რუსეთის პოზიცია უფრო გაძლიერდება, მაშინ პირიქით, შესაძლოა ჩინეთზე გადაერთოს. რამდენიმე ხნის უკან ტრამპის მესიჯი იყო, რომ ჩვენო კონფლიქტებში აღარ ჩავერევითო და ყველამ თავის თავს მიხედოსო, რამაც სერიოზული ვნებაღაღელვა გამოიწვია და რაც რუსეთის წისქვილზე წყლის დამსხმელი წინადადება იყო. ასე რომ, იგი ხვალ და ზეგ რას მოიმოქმედებს, ვერავინ ვერ გათვლის. ტრამპი რუსეთის კაცი არაა, იგი თავისი თავის კაცია, იგი რუსეთთან დამაბალანსირებელ პოლიტიკას აწარმოებს, რომელსაც, სხვათა შორის, ბარაკ ობამაც ახორციელებდა, მანაც გადატვირთვის პლიტიკა შეარჩია, მაშინდელი პრეზიდენტი მედვედევი და ობამა მზად იყვნენ, რომ სტრატეგიული შეიარაღება 3-ის ხელშეკრულებას ხელი მოეწერათ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ობამას ადმინისტრაციას სააკაშვილის რეჟიმის მიმართ სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა, მას ფაქტაობრივად სააკაშვილთან იზოლაციური და ერთგვარი სანქციური პოლიტიკა ჰქონდა გამოცხადებული. თუ არ ვცდები 2012 წელს სააკაშვილი თეთრ სახლში დაიბარა და განუცხადა, რომ თუ დემოკრატიულ არჩევნებს არ ჩაატარებდა ამერიკა საქართველოსთან ურთიერთობას გაწყვიტავდა. უკვე “ქართულ ოცნებასთან” ობამა თანამშრომლობდა, თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ზოგადად საქართველოსთან ურთიერთობები შენარჩუნდა, მაგრამ უშუალოდ ტრამპის პოზიცია მაინცდამაინც აქტიური არაა, მას დიდი ყურადღება უფრო უკრაინის მიმართულებით აქვს” - ამბობს ვახტანგ მაისაია.

“ტრამპისა და ობამას მმართველობა რადიკალურად განსხვავდება, მათ ერთი რამ აქვთ საერთო, ობამას მოსვლა იყო ერთის მხრივ ამერიკის პოლიტიკის გადატრიალება და მეორეს მხრივ ამერიკაში რასობრივი განსხვავების ლოგიკური დასასრული, იმიტომ რომ ამერიკას ფერადკანიანი პრეზიდენტი პირველად ჰყავდა. ამ მასშტაბის არა, მაგრამ ტრამპის გამარჯვებაც ძალიან მნიშვნელოვანი მიწისძვრა იყო, ობამასგან განსხავებით, რომლის გამარჯვებას ბევრი ელოდა, ტრამპის გამარჯვებას თითქმის არავინ არ ელოდა, ეს თავად ამერიკელებისთვის მართლაც მოულოდნელი იყო, დანარჩენ მსოფლიოზე არაფერს ვამბობ... ტრამპის წინასაარჩევნო ტექნიკასა და მისი წინამორბედის წინასაარჩევნო ტექნიკას შორის განსხვავება იყო ის, რომ, მან ამერიკის ისტორიაში პირველად, სოციალური ქსელები არჩევნების მოგებისთვის გამოიყენა, განსაკუთრებით “ტვიტერი”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“ძალიან საინტერესო სტატისტიკაა, რომ ტრამპის აჩევნების დროს, ყოველი მეხუთე პირობითად “ტვიტერის” ანგარიში ყალბი იყო, რომელსაც ისინი სოციალურ სივრცეში თავიანთთვის სასურველი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის იყენებდნენ. გარდა ამისა, ტრამპის საარჩევნო კამპანიაც ძალიან ექსცენტრული იყო, რომელიც პრეზიდენტობის პერიოდშიც გაგრძელდა, მის უცნაურობებს შორის, რომელიც უკვე მსოფლიო დიპლომატიის ერთ-ერთ იარაღად დამკვიდრდა ტვიტერის და სოც-ქსელების გამოყენებაა, გარდა ამისა იგი მედიასთან ზეკრიტიკული ურთიერთობით გამოირჩევა, წამყვანი გამოცემები პირდაპირ დაუფარავად ანტიტრამპისტულ პოლიტიკას ეწევიან, მათ მიმართ ასეთი ხისტი ამერიკის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელი იშვიათად ყოფილა. მისი ექსცენტრულობა გამოიხატება იმაში, რომ მას მაგალითად, შეუძლია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს თანამშრომლობის ხელი გაუწოდოს, განცხადებები გააკეთოს იმის თაობაზე, რომ მას სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში დემოკრატიული ფასეულობები ნაკლებად ანაღვლებს, ასევე, ნატოს მისამართით შემტევი პოზიცია ჰქონდეს, თუმცა აქ უარყოფითს ვერაფერს ვხედავ, იმიტომ, რომ ნატოს დანაჩენი წევრები აიძულა, რომ საკუთარი ფინანსური მონაწილეობა გაეზარდათ ერთიან სამხედრო ბიუჯეტის ფორმირებისთვის”, - განმარტავს ლაგაზიძე.

“ზოგადად, ტრამპის ქმედებები საერთაშორისო ურთიერთობების ტურბულენტობას და არასტაბილურობას იწვევს, ტრამპმა ფაქტობრივად არსებული მსოფლიო წესრიგის ღერძი მოარყია, როცა რაღაცას ანგრევ, მისი ალტერნატივაც უნდა გქონდეს გამზადებული, რომ აშენდეს და ტრამპი რას აშენებს, ამ შემთხვევაში არ ჩანს. ამ ნგრევის სანაცვლოდ იგი რის შეთავაზებას აპირებს, არავინ არ იცის, ამ მიმართულებით თავისი ხედვები მსოფლიოსთვის არ გაუზიარებია. ესაა რაც მხოლოდ ობამასგან კი არა თავისი ძალიან ბევრი წინამობედისგან გამოარჩევს, არაპროგნოზირებადობა პოლიტიკისთვის ერთის მხრივ კარგია იმიტომ, რომ ამითი შენს მოწინააღმდეგეს შეგიძლია თავგზა აუბნიო, მაგრამ როდესაც შენს მოკავშირესაც თავგზას უბნევ და მთელ საერთაშორისო პოლიტიკას თავდაყირა აყენებ - ასეთ შემთხვევაში არაპროგნოზირებადობა მხოლოდ ნეგატივია” - დაასკვნის ხათუნა ლაგაზიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა