„ქართული ოცნება“ - შარშან, ხელისუფლების მიერ დაშვებულ სამწუხარო შეცდომას, საზოგადოების პროტესტი მოჰყვა - დესტრუქციული ოპოზიცია შეეცადა, პროტესტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა

„დესტრუქციული ოპოზიცია შეეცადა, პროტესტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა და საპროტესტო ტალღა ძალადობრივ აქციაში გადაზარდა. პარლამენტის შენობასა და საპოლიციო ძალებზე მათ ინტენსიური შტურმი მიიტანეს და ფაქტიურად, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა სცადეს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც პარტიამ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გაავრცელა.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ შეფასდეს გასულ წელს განვითარებული მოვლენები.

„დღეს, როცა 20 ივნისის მოვლენებს ვაფასებთ, მომხდარის გაანალიზება სწორედ ამ რაკურსიდან უნდა ვცადოთ, რათა მომავალში მინიმუმადე დავიყვანოთ უკიდურესად დამაზიანებელი პროცესების რეციდივის შანსი. შარშან, ხელისუფლების მიერ დაშვებულ სამწუხარო შეცდომას, საზოგადოების პროტესტი მოჰყვა; ხელისუფლებამ აღიარა დაშვებული შეცდომა და პოლიტიკური პასუხისმგებლობაც აიღო. სამწუხაროდ, დესტრუქციული ოპოზიცია შეეცადა, ეს პროტესტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა და საპროტესტო ტალღა ძალადობრივ აქციაში გადაზარდა. პარლამენტის შენობასა და საპოლიციო ძალებზე მათ ინტენსიური შტურმი მიიტანეს და ფაქტიურად, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა სცადეს. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის შენობაში ძალადობრივი შეჭრის მცდელობა, პრაქტიკულად, ყველა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ხორციელდებოდა და შტურმის ორგანიზატორთა თუ აქტიურ მინაწილეთა მიმართ უტყუარი მტკიცებულებები შეგროვდა, ოპოზიცია, კარგა ხანი, მისთვის ჩვეული უტიფრობით უარყოფდა ფაქტებს, რომლებიც მთელმა საქართველომ საკუთარი თვალით იხილა. თუმცა, გასული ერთი წლის განმავლობაში, ოპონენტებმა არაერთხელ, პირდაპირ თუ ირიბად, დაადასტურეს, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის პარლამენტის შენობაზე მიტანილ შტურმში გადაზრდა, მათ მიერ სპეციალურად დაგეგმილი ოპერაცია იყო, რომლის მიზანს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების პროვოცირება წარმოადგენდა, რათა ხელოვნურად შექმნილიყო ხელისუფლების დამხობის საბაბი. 2007 წლის 7 ნოემბრის და 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი დარბევების ავტორთა გათვლა ცინიკური და ამორალური იყო - მათ კარგად უწყოდნენ, რომ ქართული საზოგადოება უკიდურესად მტკივნეულად რეაგირებს პოლიციის მიერ თუნდაც ლეგიტიმურად გამოყენებულ ძალაზე. ეჭვგარეშეა, რომ მთავარ სახელმწიფო ინსტიტუტზე მიტანილი იერიშის აღკვეთის დროს, აუცილებელი მოგერიების სამართლებრივ რეჟიმში მყოფი საპოლიციო ძალები მოქმედებდნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. სამწუხაროდ, კანონის ფარგლებიდან გასული აქციის შეწყვეტის მიზნით ჩატარებული ლეგიტიმური ოპერაციის დროს მძიმე ფიზიკური დაზიანება მიიღეს როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ასევე პოლიციელებმა; დაზარალდნენ მედიის წარმომადგენლები.მათი ჯანმრთელობის დაზიანება ამ მოვლენების ყველაზე მძიმე შედეგი იყო და სამართლებრივის გარდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობაც, ამ შედეგებზე, 20 ივნისის დანაშაულებრივი ავანტიურის ორგანიზატორებს ეკისრებათ. ამ მოვლენების შედეგად, ხელისუფლებამ დემოკრატიის ტესტი წარმატებით ჩააბარა და სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დატოვა პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები და იმავდროულად, ყველაფერი გააკეთა დაზარალებულთა ჯანმრთელობის რეაბილიტაციისთვის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ შტურმის მონაწილეთა მხრიდან დანაშაულის ჩადენა დაადასტურა სასამართლომ და შტურმში მონაწილე აბსოლუტურმა უმრავლესობამ თავადვე აღიარა ჩადენილი დანაშაული.

დღეს, ამ მძიმე მოვლენებიდან 1 წლის შემდეგ, როდესაც ემოციები დალექილია და ცივ გონებაზე შეგვიძლია ფაქტების განსჯა, კიდევ უფრო თვალსაჩინოა განსხვავება დემოკრატიული ღირებულებების ერთგულ, ეფექტურ და საკუთარ ხალხზე მზრუნველ ხელისუფლებასა და დესტრუქციაზე ორიენტირებულ და ძალაუფლების დაბრუნებისთვის ყველაფერზე წამსვლელ ძალებს შორის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა