ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2020

ქართველების გატაცება კახეთიდანაც დაიწყეს - “მამა-პაპადან ვიცით, რომ ჩვენი ტერიტორიაა, მანდ რაღა უნდათ რუსებს”

პირბადეებით და ხელთათმანებით არჩევნებზე - რა რეგულაციები დაწესდება საარჩევნო დღეს

“იმედია საქართველოში მხოლოდ ჯანმრთელი ტურისტები შემოვლენ, რომლებიც პირბადით სიარულს გაუძლებენ...”

* * *

ქართველების გატაცება კახეთიდანაც დაიწყეს - “მამა-პაპადან ვიცით, რომ ჩვენი ტერიტორიაა, მანდ რაღა უნდათ რუსებს”

“რუსმა ოკუპანტებმა ქართველების გატაცება ახლა კახეთიდან დაიწყეს. 23 წლის დავით ვარდოშვილი 13 ივნისს რუსებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც ის და მისი მეზობელი ლევან ბაწილაშვილი ყადორის მთაზე საქონელს აძოვებდნენ. როგორც ადგილობრივები “რეზონანსთან” ყვებიან, რუსებმა მწყემსი საქართველოს ტერიტორიიდან გაიტაცეს. მათი თქმით, რუსები დაღესტნის მხრიდან ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილდებიან და რამდენიმე მეტრით გადმოსვლას არ ერიდებიან. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი ნიშნული არ არის და ეს გარემოება მათ ხელს აძლევთ, რომ ქართველებს მუდმივად საზღვრის დარღვევის მოტივით მოედავონ. უკვე 10 დღეა, რაც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატიდან გატაცებული ახალგაზრდა დაღესტნის ტერიტორიაზე იმყოფება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ქართველების გატაცება კახეთიდანაც დაიწყეს - “მამა-პაპადან ვიცით, რომ ჩვენი ტერიტორიაა, მანდ რაღა უნდათ რუსებს”.

“შს სამინისტრომ ეს ინფორმაციით 13 ივნისს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს მესაზღვრეებს, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, დაუკავშირდა მწყემსი და აცნობა, რომ საქართველოს მოქალაქე, მწყემსი დავით ვარდოშვილი, სავარაუდოდ, რუსმა მესაზღვრეებმა საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. პროცესში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია. მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები საქართველოს მოქალაქის გადმოცემათან დაკავშირებით და არსებული ინფორმაციით, მწყემსის ქართული მხარისთვის გადმოცემა უახლოეს მომავალში მოხდება. ყვარლის მუნიციპალიტეტში და კახეთის გუბერნიაში აქამდე ოფიციალური განცხადებები ჯერ არ კეთდება. ადგილობრივების თქმითვე, არ არსებობს ნიშნულები და რუსები ამით სარგებლობენ. მათ შეუძლიათ, რომ რამდენიმე მეტრით გადმოვიდნენ. მათივე ინფორმაციით, საქმეში უკვე ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო და მწყემსის სახლში დაბრუნებას ოჯახს უახლოეს დღეებში დაპირდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსები ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოფილან გადმოსულები. ლევანის ისინი მალევე შეუმჩნევია და დათოსთვის დაუძახია, რომ გაიქეცი დაგიჭერენო. ამას ალბათ ეგონა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ვარ, ვინ დამიჭერსო. ლევანი ესევე გამოქცეულა. რუსებიც დაძრულან დათოს მიმართულებით და ამ გაწევა-გამოწევაში დაუკავებიათ. ლევანისაც გამოედევნენ, მაგრამ გორაზე ვეღარ დაეწივნენ. ასე მოურიდებლად დადიან რუსები და ჩვენს ტერიტორიაზე როგორც უნდათ გადმოდიან. მანდ ვაძოვებდით სულ საქონელს და მამა-პაპიდან ვიცით, რომ ჩვენი ტერიტორიაა, მანდ რუსებს რა უნდათ. ამიტომაც ესენიც თამამად იყვნენ და აზრადაც არ მოსვლიათ, რომ რამე საფრთხე დაემუქრებოდათ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დაკავებული მწყემსის მეზობელი.

“ვიცით ის, რომ დაღესტანში ჰყავთ გადაყვანილი. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა ოჯახს უთხრა, ჯანმრთელად და კარგად არის. მიდის დაღესტნის მხარესთან მოლაპარაკებები, რომ მისი გათავისუფლება რაც შეიძლება მალე მოხდეს. იმედი მოგვცეს და ჩვენც ველოდებით, რომ იქნებ დღე-დღეზე გაათავისუფლონ. სიმართლე გითხრათ იმ ტერიტორიაზე გადაადგილებას ადგილობრივები უკვე ვერიდებით. როდის გადმოვლენ რუსები კაცმა არ იცის. ამიტომ, ამ ფაქტის გამო ახლა ჩვენც შიში გაგვიჩნდა”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გატაცებული მწყემსის კიდევ ერთი მეზობელი.

პირბადეებით და ხელთათმანებით არჩევნებზე - რა რეგულაციები დაწესდება საარჩევნო დღეს

“დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მონაცემებით, შესაძლოა ითქვას, რომ დიდი ალბათობით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დათქმულ დროში ჩატარდება - ოქტომბერში კი თავისუფალი და უსაფრთხო არჩევნების ჩატარება ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება. პანდემია და არჩევნები - ამ თემაზე ორშაბათს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგა, რომელსაც დეპუტატები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჯგუფმა იმის შესახებ იმსჯელა, თუ თუ რა წესები და რეგულაციები უნდა შემუშავდეს იმისთვის, რომ არჩევნები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პირბადეებით და ხელთათმანებით არჩევნებზე - რა რეგულაციები დაწესდება საარჩევნო დღეს.

“თუ როგორ ჩატარდება არჩევნები, ამაზე ჯერ კონკრეტული რეგულაციები არ არსებობს, თუმცა, წინასწარი ცნობით, საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველს ხელთათმანი და სამედიცინო პირბადე უნდა ეკეთოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაცია საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდეს, თუმცა, დასძენს, რომ კოვიდ-19 ინფექცია რთულად პროგნოზირებადია. “დღეს სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა და მასში თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ჩართულია დაავადებათა კონტროლის ცენტრი. უნდა შემუშავდეს ის რეკომენდაციები, რაც საარჩევნო პროცესსა და თვითონ არჩევნების დღეს მინიმუმამდე დაიყვანს ეპიდემიის გავრცელების რისკს ქვეყანაში. საუბარია იმ რეკომენდაციებზე, რასაც ჩვენ ზოგადად ვიძლევით. საუბარია პირბადეებზე, დისტანცირებაზე, თვითონ საარჩევნო კომისიის წევრების საჭიროებისამებრ წინასწარ გამოკვლევაზე, საუბარია ასევე იმაზე, როგორ უნდა მისცენ ხმა კარანტინში მყოფმა ადამიანებმა და არის მთელი რიგი საკითხები, რაზედაც მიმდინარეობს მსჯელობა. დღეს ყველა ამ საკითხის ჩამონათვალს მივიღებთ”, - აცხადებს ამირან გამყრელიძე, რომლის თქმით, “ცესკოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი თავის რეკომენდაციებს მისცემს”. - აღნიშნავს გამოცემა.

“დღეს არსებობს პანდემიის პირობებში მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რეკომენდაციები: რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ერთ სივრცეში ერთდროულად, რომ დახურულ სივრცეებში უნდა ვატაროთ პირბადე, რომ აუცილებელია სანიტაიზერებით დავიმუშაოთ ხელები და ა.შ. ეს ზოგადი რეკომენდაციები უნდა მიესადაგოს საარჩევნო პროცესს, რათა ერთი მხრივ, არ დაირღვეს ადამიანის ფუნდამენტური უფლება ხმის მიცემისა და მეორე მხრივ, ინფექციის გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ. დღეს მრავალჯერ დაისვა კითხვა, დღევანდელი ეპიდსიტუაცია იძლევა თუ არა არჩევნების ჩატარების საშუალებას. ამაზე ჩემი პასუხია, რომ დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია არის რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო და ის იძლევა საშუალებას, რომ ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს, სასწავლო პროცესიც დაიწყოს და სხვა ღონისძიებებიც გაფართოვდეს, მაგრამ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ პროგნოზირება, რა იქნება მომავალი ოთხი თვის განმავლობაში, ძნელია”, - დაასკვნის გამყრელიძე. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ გადაიდება, ოქტომბერში ჩატარდება და მიუხედავად პანდემიური ფონისა, მისი თქმით, შესაძლოა ამომრჩეველთა 50%-იანი აქტივობაც დაფიქსირდეს”, - დასძენს გამოცემა.

“სიტუაციიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით არჩევნები არ გადაიდება, თავის დროზე ჩატარდება, თუმცა, რაც შეეხება უსაფრთხოების დაცვას, ალბათ მოქალაქეები საარჩევნო ყუთებთან პირბადით უნდა გამოცხადდნენ, ამაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა უწყებებმა უნდა იზრუნონ. არჩევნებში აქტივობა კი დამოკიდებულია იმაზე, რომ მაგალითად, პოლიტიკურმა პარტიებმა თავიანთ ამომრჩეველს მოუწოდონ, რომ ისინი საარჩევნო უბნებთან დროულად გამოცხადდნენ, ასევე, მათი მხრიდან მომხრეების ტრანსპორტირების უზრუნველყოფაც შესაძლებელია. მიუხედავად კორონავირუსული ფონისა, არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია ოპოზიციური პარტიების ბევრი მომხრე მაინც გამოცხადდეს, მეორეს მხრივ, ხელისუფლება შეეცდება, რომ თავიანთ მომხრეებს თავი მოუყაროს და მაგალითად საარჩევნო უბნებზე მომხრეები სამარშრუტო ტაქსებით მიიყვანონ და ასე შემდეგ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ბოლო პერიოდში კი ამომრჩეველთა აქტივობისა და რაოდენობის შემცირება შეინიშნება, მაგალითად 2018 წელს პირველ ტურში ამომრჩევლის 50%-ზე ნაკლებმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო მეორე ტურში კი დაახლოებით 54%-მა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამჯერად როგორც მინიმუმ ალბათ ამომრჩეველთა ნახევარი მაინც გამოცხადდება. არჩევნების დისტანციურად ჩატარება ცოტა რთულია, აუცილებელია რომ ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა ყველას ჰქონდეს, დღეს კი ინტერნეტზე ხელი საქართველოს მოსახლეობის 60%-ს მიუწვდება. ეს ცოტა რთულია, თორემ რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნებოდა, ჯერჯერობით ეს ტექნიკურად უზრუნველყოფილი არაა, რომ მაგალითად ინტერნეტთან 90%-იანი ხელმისაწვდომობა იყოს”, - მიიჩნევს ჩიტაძე.

“პარტიებს საარჩევნო კოდექსში შესატან უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ, ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ რომ საარჩევნო უბნებთან რიგების თავიდან ასაცილებლად, თითო უბანზე 800 ამომრჩეველზე მეტი არ უნდა იყოს. მათივე განცხადებით, საჭიროა აგიტატორების გაფრთხილება, რომ უბნებთან დისტანცია დაიცვან. საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ მთავრობა ვალდებულია, რომ არჩევნები და პანდემია - ახალ გამოწვევას გაუმკლავდეს, რაც მისივე აზრით, ასევე ახალი გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას იძლევა. “არჩევნები და პანდემია კიდევ ცალკე თემაა, რომელიც ჩვენ ასევე მოგვცემს წარმატებული გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას. არჩევნები პანდემიის პირობებში არის ასევე გლობალური გამოწვევა, ესეც რაღაც ახალი მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში და აქაც ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ისეთი, რასაც დავაგროვებთ, ცოდნის სისტემატიზაციასაც მოვახდენთ და შემდეგ უკვე დავტოვებთ იმისთვის, რომ ინსტიტუტები სულ უფრო და უფრო გაძლიერდნენ ჩვენს ქვეყანაში” - განაცხადა გახარიამ. აღსანიშნავია, რომ პარლამენტში კონსულტაციები და შეხვედრები უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კიდევ იგეგმება”, - წერს სტატიის ავტორი.

“იმედია საქართველოში მხოლოდ ჯანმრთელი ტურისტები შემოვლენ, რომლებიც პირბადით სიარულს გაუძლებენ...”

“პირველი ივლისიდან მსოფლიოს ქვეყნები და მათ შორის საქართველო საერთაშორისო საზღვრებსა და ტურისტულ სეზონს ხსნის. კორონავირუსის გამო, საქართველო ტურისტების შემოდინებასთან დაკავშირებით კონკრეტულად რა ტიპის ზომებს მიიღებს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთი რამ თავსითავად ცხადია, რომ ტურისტს სამედიცინო პირბადე მგზავრობის განმავლობაში აუცილებლად უნდა ეკეთოს. აღსანიშნავია, რომ თბილისამდე მომავალ ტურისტს მოგზაურობასთან დაკავშირებულ ფორმალობების გავლისთვის (აეროპორტი-თვითმფრინავი-აეროპორტი) საშუალოდ 7-8 საათი სჭირდება, აღნიშნულ ადგილებში კი აუცილებლობას წარმოადგენს, რომ მოგზაური სამედიცინო პირბადით აღჭურვილი იყოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შესაძლებელია თუ არა მრავალსაათიანი მგზავრობა პირბადით და როგორ აისახება ეს საერთაშორისო ტურიზმზე / “არიან ადამიანები, რომლებიც ვერ გუობენ პირბადეს, მოხრჩობის შეგრძნება აქვთ და თავს ძალიან ცუდად გრძნობენ”.

“კორონავირუსული პანდემიის გამო ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ტურისტულად აქტიურდება, თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არააა საქართველო პირველ რიგში საზღვარს რომელ ქვეყნებთან გახსნის. ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ ზედიზედ 7-8 საათი ადამიანს არავინ არ აიძულებს და ვერც შეძლებს, რომ სამედიცინო პირბადე ეკეთოს, თუმცაღა, მისივე თქმით ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას გააჩნია. ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ სამედიცინო პირბადით მგზავრობა ჯანმრთელობაზე კარგად არ აისახება, თუმცა, მისივე თქმით, სჯობს ტურისტს პირბადე ეკეთოს, ვიდრე შემდეგ კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეები შეიქმნას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც ვიცი, მაგალითად, 7-8 საათი ზედიზედ პირბადის ტარებას არავინ არავის არ აძალებს, მხოლოდ თავშეყრის ადგილებზე, ტრანსპორტში და სადაც ბევრი ხალხია იქ - ზედაზედ ამდენი ხანი პირბადეს არავინ არ ატარებს. ისე, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას გააჩნია, ზოგს შეუძლია ზოგს არა. მაგალითად, ექიმები ძალიან დიდხანს, 8-9 საათი დგანან ხოლმე ოპერაციაზე და პირბადე აქვთ გაკეთებული - რა თქმა უნდა, ეს ძალიან ინდივიდუალურია. არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ვერ გუობენ, მოხრჩობის შეგრძნება აქვთ და თავს ძალიან ცუდად გრძნობენ - ასეთი რაღაცაც არსებობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვატო სურგულაძე.

“მაგრამ, პირბადეები სულაც რომ მოვხსნათ, აქ უკვე მეორე მომენტი იქმნება, რამდენად უსაფრთხოდ ვიქნებით , ამიტომაც აქ ასეთი მომენტია - გავაკეთებთ ცუდია, არ გავაკეთებთ, მაინც ცუდია, მანკიერი წრე გამოდის . ტურისტები სხვა ქვეყნებშიც ჩადიან, სადაც ეს რეგულაცია არსებობს, პირბადეს ატარებენ და არაა პრობლემა, იგივე იტალიაში. არც ესაა იდეალური, მაგრამ ამაზე კარგი მეთოდი ჯერჯერობით არაა, ესაა საშუალება, რომ მეტ-ნაკლებად კორონავირუსის გავრცელების რისკები დავაკლოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ნამდვილად არ დაემართება ადამიანს და პირბადე უშველის, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ არ დაგემართოს, საგრძნობლად იკლებს” - დაასკვნის სურგულაძე.

“რომ გითხრათ, რომ პირბადით მგზავრობა ჯანმრთელობაზე ძალიან კარგად აისახება - არა, მაგრამ, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ თუ ადამიანს რამე ქრონიკული დაავადების გამო ისედაც ჰაერის უკმარისობები, ასთმური მოვლენები და ა.შ. აქვს, ასეთი ადამიანებისთვის რა თქმა უნდა ძნელი იქნება, მაგრამ იმედია ასეთი ადამიანები ამჯერად ტურიზმს თავს აარიდებენ და საქართველოში მხოლოდ ჯანმრთელები შემოვლენ, რომლებიც პირბადით სიარულს გაუძლებენ. სჯობია პირბადე ეკეთოს, ვიდრე მერე რაღაცა პრობლემა შეექმნას. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ შიდა გავრცელებას და ახალი კლასტერის გაჩენას, ამას პირბადე სჭირდება თუ კიდევ სხვა რამე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის - მით უმეტეს, რომ დათმობაზე მივდივართ და ტურიზმი იხსნება, ტურიზმის გარეშე საქართველოს ეკონომიურად ძალიან გაუჭირდება. პირბადის ტურიზმი თავის მოტყუება ნამდვილად არაა - პირბადე მხოლოდ პირზე მიდებული კი არ უნდა გვქონდეს, არამედ ცხვირ-ხახა მთლიანად უნდა იყოს დაფარული. ანუ ერთია, რომ მან სხვას არ გადასდოს და შედარებით მცირე შანსია, რომ მას გადაედოს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა