ადვოკატების განცხადებით, კახა კუჭავამ ევროპარლამენტარებს გიორგი რურუასთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა, „სადაც არაერთი ტყუილია“

„მთავარი არხის" მეწილის გიორგი რურუას ადვოკატებმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე წარმოადგინეს წერილი, რომელიც მათივე მტკიცებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ ევროპარლამენტის წევრებს გიორგი რურუასთან დაკავშირებით გაუგზავნა.

როგორც ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული წერილი კუჭავამ ევროპარლამენტარებს რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა. მისი თქმით, ამგვარად გამოიკვეთა ის, რომ „გიორგი რურუასთან პრობლემა პროკურატურას კი არ აქვს, არამედ „ქართულ ოცნებას" აქვს და ამიტომ იმყოფება რურუა საპატიმროში".

„წერილში ვხვდებით არაერთ ტყუილს და საქართველოში ალბათ, რა მკვლელობაც მომხდარა ყველაფერი, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაბრალდებულია გიორგი რურუაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მიუთითებს ხელისუფლება გიორგი რურუას ბრალეულობაზე, მიუხედავად იმისა, რომ რურუა არ არის ნასამართლევი და მის რაიმე დანაშაულთან დაკავშირებით საუბარი არის ცილისწამება. მეორეს მხრივ, საინტრესოა, “ქართული ოცნება" ამ წერილში მიუთითებს, რომ საქმეები მიმდინარეობდა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის" დროს მოხდა შეწყვეტა. აქ საუბარია 1993-1994 წლებზე და მას შემდეგ დაახლოებით 10 წელი „ მოქალაქეთა კავშირი“ იყო ხელისუფლებაში. 2012 წლის შემდეგ უკვე „ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში და არც ერთხელ კითხვაც კი არ დასმულა რურუასთან ამ საქმეებთან მიმართებით. ეს არის რურუას პოლიტიკური დევნის უტყუარი დადასტურება", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ბრალდებულის კიდევ ერთი ადვოკატის, შალვა შავგულიძის განცხადებით, ამ წერილის გაგზავნის გარემოება კიდევ ერთხელ მოუთითებს იმას, რომ გიორგი რურუა უდანაშაულოა.

მისი თქმით, რურუას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური მოტივაციით ხორციელდება.

„მე ხელთ მაქვს გამოძიების მიერ მოპოვებული ცნობა შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტიდან, სადაც წერია, რომ აღნიშნულ დეპარტამენტში ინფორმაცია რურუას სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემასთან დაკავშირებით არ მოიპოვება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო არ ფლობს ინფორმაციას გიორგი რურუას არათუ ნასამართლეობის, არამედ ოდესმე მისი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით. ასეთ დროს, საქართველოს პარლამენტის „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის კოლექტიური წერილი ევროპარლამემტარებისადმი, თითქოსდა რურუას რაღაც დანაშაულებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, წარმოადგენს მეტად უპასუხისმგებლო მოქმედებას ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. ეს არის პასკვილი, ცილისწამება საკუთარ მოქალაქეზე და რა თქმა უნდა, არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ასეთი განცხადებით „ქართული ოცნება" ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ევროპარლამენტარები, რათა გაამართლოს მის მიერ 8 მარტის ხელშეკრულების შეუსრულებლობა, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების ნაწილში. ასევე ეს არის ხელისუფლების პირდაპირი მესიჯი სასამართლოსადმი, სადაც ამჟამად მიმდინარეობს გიორგი რურუას ბრალდების საქმის განხილვა და რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლება სასამართლოსგან გამამტყუნებელ განაჩენს ითხოვს გიორგი რურუასთან მიმართებით. ეს გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ გიორგი რურუა არის უდანაშაულო“, - განაცხადა შავგულიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა