რუსთავის მერია - რუსთავში, თრიალეთის კულტურის პერიოდის სამარხი აღმოაჩინეს

რუსთავის ისტორიულ ციხეზე სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, რუსთაველმა არქეოლოგებმა ჩვ. წ. აღ-მდეXV-XIV საუკუნეების სამარხი, ადამიანის ნეშტი და სხვადასხვა სახის ექსპონატები აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სპეციალისტების ინფორმაციით, აღნიშნული საუკუნით დათარიღებული ნაშთები, რუსთავის ტერიტორიაზე არქეოლოგების მიერ, პირველად იქნა აღმოჩენილი, სამარხი თრიალეთის ეპოქის მიწურულს ეკუთვნის.

როგორც მერიაში განმარტავენ, იმის გარდა, რომ რამდენიმე დღის წინ ნანახი სამარხი თავისი სიძველითაა საინტერესო, ეს აღმოჩენა, იმის ვარაუდის საფუძველსაც იძლევა, რომ თრიალეთის ბრწყინვალე კულტურა, რუსთავამდე ვრცელდებოდა.

დღეს, არქეოლოგების მიერ ნანახი არტეფაქტები, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ დაათვალიერა.

„რუსთავის ისტორიული ციხის რესტავრაცია მიმდინარეობს და ეს სამარხი, იქვე ციხის მახლობლადაა აღმოჩენილი. უძველესი ნაშთები ძველი წელთაღრიცხვისXV-XIV საუკუნეებით თარიღდება. ძალიან საინტერესოა არტეფაქტი, რომელსაც ეგრეთწოდებული სავაჭრო შტამპი ემჩნევა, რაც იმ პერიოდში, ამ ტერიტორიაზე ძალიან განვითარებული ცივილიზაციის არსებობაზე მეტყველებს. ამაზე მიუთითებს აღმოჩენილი თიხის ჭურჭელიც, რომელიც თრიალეთის უძველეს კულტურას ეკუთვნის. რუსთავის სიძველეზე მეტყველებს დღემდე ციხის ტერიტორიაზე ნანახი ნაქალაქარიც, თავისი სანიაღვრე ქსელითა და აბანოთი“,- განუცხადა ჟურნალისტებს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის, არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, ნაზი პაიკასვილის განცხადებით, გვიან ბრინჯაოს და ადრე რკინის ხანის არტეფაქტებიდან, რომლებიც ქალაქის ისტორიულ ციხესთან მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს, განსაკუთრებით საინტერესოა თიხის ჭურჭელი, რომელზეც ურთულესი ორნამენტებია დატანილი, უწვრილესი თეთრი და ფირუზისფერი მძივები, ბრინჯაოს საკინძი.

„ადრე ნანახი ექსპონატები, მე-12 საუკუნით თარიღდება, უფრო ქვედა ფენებში კი ვნახეთ გვიან ბრინჯაოს და ადრე რკინის ხანის არტეფაქტები და რომ გვეგონა, ამაზე ძველს, აქ უკვე ვერაფერს ვიპოვიდით, ვნახეთ ეს სამარხი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის XV-XIV საუკუნეებით თარიღდება. აქ არის ახალგაზრდა ადამიანის ნეშტი, ცხოველების - სავარაუდოდ ცხვრის ნაშთები, 9 თიხის ქოთანი უფაქიზესი ორნამენტებით, ბრინჯაოს საკინძი, მინის და სარდიოლის მძივები. ქოთნებში სავარაუდოდ იყო საკვები პროდუქტიც. ახლა ველოდებით, რა დასკვნას გააკეთებენ პალეობოტანიკოსები და ანთროპოლოგები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამარხი ეკუთვნის თრიალეთის კულტურის ბოლო პერიოდს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსთავი ხვდება ამ უძველესი ბრწყინვალე კულტურის არეალში“, - განაცხადა რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა და ექსპედიციის ხელმძღვანელმა ნაზი პაჭიკაშვილმა.

რუსთავის ისტორიულ ციხესთან მიმდინარე არქეოლოგიურ კვლევებს, რუსთავის მერია აფინანსებს, ციხის რესტავრაცია, კი აქ 2019 წელს, „ფონდი ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა