ნინო ლომჯარია - 20-21 ივნისს პოლიციას ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად პროპორციული იყო გამოყენებული ძალა

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ 20-21 ივნისის აქციის დროს პოლიციას ძალის გამოყენების უფლება ჰქონდა, თუმცა კითხვები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რამდენად პროპორციული იყო ეს ძალა.

როგორც ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატის კითხვის პასუხად განაცხადა, აქციის მონაწილეთა ნაწილმა მოგვიანებით ძალადობა დაიწყო და ასეთ შემთხვევაში პოლიციას ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება აქვს.

“დასაწყისში აქცია იყო მშვიდობიანი, გარკვეული პერიოდის შემდეგ ის გადაიზარდა ძალადობრივში, უფრო სწორად აქციის ნაწილი, აქციის მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო ძალადობა და შესაბამისად, როდესაც ხდება ძალადობრივი ქმედებები პოლიციის წარმომადგენელთა მხრიდან თუ სხვაგვარად გამოიხატება ეს ძალადობა აქციის მონაწილეების მიერ, ამ შემთხვევაში პოლიციას რა თქმა უნდა, აქვს ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს ძალა და შესაბამისად დაშალოს აქცია თუ სხვა მექანიზმები გამოიყენოს, მაგრამ ის, რაზეც სახალხო დამცველი საუბრობს, არ მდგომარეობს იმაში, ზოგადად ჰქონდა თუ არა პოლიციას ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება, დიახ, ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად პროპორციული იყო გამოყენებული ძალა და რამდენად იყო კანონიერი ის ძალისმიერი საშუალებები თუ იარაღი, რაც გამოიყენა პოლიციამ და ამასთან დაკავშირებით გვაქვს შეკითხვები”, - განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, აქციაზე არ მომხდარა გაფრთხილება ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, იქ შეკრებილებმა არ იცოდნენ, რომ სამართალდამცველები უმისამართოდ ტყვიებს იყენებდნენ.

ლომჯარია აღნიშნავს, რომ გამოძიების მასალებში არ დევს ინფორმაცია, ვინ გასცა ტყვიის გამოყენებაზე ბრძანება და პოლიციელები ამბობენ, რომ დამოუკიდებლად, თავდაცვის მიზნით დაიწყეს იარაღის გამოყენება. მისივე თქმით, ადგილზე იმყოფებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელძღვანელი, რომელმაც იცოდა, რომ პოლიციელებს არ ჰქონდათ ბრძანება ტყვიების გამოყენების თაობაზე, თუმცა ამის აღსაკვეთად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა. სწორედ ამიტომ, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არსებობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა