ანა ნაცვლიშვილი - მმართველი პარტიის მიერ დეზინფორმაციასთან გამოცხადებული ბრძოლა არის ცენზურა - ჰაერში კვლავ კაგებე-ს სუნი დატრიალდა

მმართველი პარტიის მიერ დეზინფორმაციასთან გამოცხადებული ბრძოლა არის ცენზურა. სუს- ის გამოძიებას კი ქვეყნის უსაფრთხოებასთან საერთო არაფერი აქვს,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც სუს-ის მიერ მედიის წარმომადგენლების დაკითხვას ეხმაურება.

მისი თქმით, სუს-ის მიერ გამოძიების დაწყება მედია-რეპორტაჟის საფუძველზე, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების დაკითხვაზე დაბარება და დედაქალაქის მერის და მმართველი პარტიის გენერალური მდივნის მიერ დეზინფორმაციასთან გამოცხადებული ბრძოლა „ერთი მედლის ორი მხარეა და ამ მედალს ერთადერთი სახელი აქვს: ცენზურა“.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, სუს-ის გამოძიებას ქვეყნის უსაფრთხოებასთან საერთო არაფერი აქვს.

„არაფერი საერთო სუს-ის ამ გამოძიებას ქვეყნის უსაფრთხოებასთან არ აქვს. ჯერ ერთი, აბსურდული დასაბუთებაა და სამართლებრივი არაკვალიფიციურობა ამ სიუჟეტის საბოტაჟად დანახვა, მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი - სუს-ი არასდროს რეაგირებს იმაზე, რაც მართლა საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისთვის. ერთი აგენტი არ გამოუვლენიათ ბოლო 8 წლის განმავლობაში და სახელმწიფოსთვის არც ერთი რეალური საფრთხის შემცველი მოვლენის მიმართ არ ჰქონიათ რეაგირება. რუსული რბილი ძალის მომძლავრებაზე, სიცრუის ფეისბუქ-მანქანაზე, რომლის დაფინანსებასა და მართვაში ფეისბუქმა ღიად დაადანაშაულა მმართველი პარტია, ჰაკერულ ვებ-გვერდზე საქართველოს 5 მილიონი მოქალაქის პირადი მონაცემების გამჟღავნებაზე, „თი-ბი-სი ბანკზე“ მომხდარ კიბერ-შეტევაზე „გამოძიება მიმდინარეობს“ და ა.შ.,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„ლელოს“ ლიდერის თქმით, უსაფრთხოების სამსახური არც იმაზე შეშფოთებულა, როცა ღიად დაფიქსირდა ყალბი ანგარიშების და დეზინფორმაციის მანქანის სამიზნე აუდიტორია.

„ესენი იყვნენ, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანები, რომლებიც ავრცელებდნენ ანტიამერიკულ, ანტინატო, ანტიევროკავშირულ მესიჯებს“, - აღნიშნა მან.

ანა ნაცვლიშვილი, ხელისუფლების მხრიდან ცენზურის მცდელობაზეც საუბრობს და მათ მოუწოდებს, ხელები შორს დაიჭირონ კრიტიკული მედიის და საინფორმაციო ველისგან.

„ხელისუფლება რამდენიმე წელია, მოგუდულად საუბრობს დეზინფორმაციის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე, ახლა კი ღიად აკეთებს განაცხადს. ეს ცენზურის მცდელობაა ბატონებო და იქ, სადაც ცენზურაა, დემოკრატია ქუდს იხურავს და უკანა კარიდან გადის. საქართველოში ეს ვერ მოხდება, მაგრამ თქვენ რომ კრიტიკულ და ხელისუფლებისგან თავისუფალი აზრის წინააღმდეგ შეტევაზე გადადიხართ, ამით ოლიგარქიული ავტორიტარიზმისკენ კიდევ ახალი და დიდი ნაბიჯი გადადგით,“- აცხადებს ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, როდესაც მედიის მიერ გავრცელებული კონკრეტული ინფორმაცია არღვევს სტანდარტს, ეს თვითრეგულირებით და მედია-ეთიკით უნდა „დაისაჯოს“ და არა სისხლის სამართლის კოდექსით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა