კარლ ჰარცელი ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების დასათვალიერებლად კახეთს ესტუმრა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ეკონომიკური განვითარების, ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოების, გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების დასათვალიერებლად კახეთის რეგიონის ესტუმრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართელოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს.

პირველი პროექტი, რომელიც მან მოინახულა თელავის „სმენისა და მეტყველების სახლი“ იყო, რომელიც სმენისა და მეტყველების პრობლემების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება. ის ევროკავშირის პროექტის “თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის - სოფლად სოციალური მომსახურების მომწოდებელთა მხარდაჭერა“ ფარგლებში უზრუნველყოფილი გრანტის დახმარებით შეიქმნა.

ევროკავშირის მდგრადი ენერგიის კვირეულის ფარგლებში ელჩმა ევროკავშირის ენერგოეფექტურობის ჯილდოს მფლობელი ორი პროექტიც დაათვალიერა: თელავის მუნიციპალიტეტის „მერების შეთანხმების“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე იყალთოს საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეაბილიტაცია და მეღვინეობა „შილდა“, რომელმაც ევროკავშირის მხარდაჭერით ენერგოეფექტური წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობა შეიძინა.

ელჩი ჰარცელი ასევე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

კახეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ელჩმა აგრეთვე მოინახულა პროექტები ეკონომიკური განვითარების სფეროდან. ყვარელში ის ეწვია ორ საწარმოს, რომლებმაც ევროკავშირისა და EBRD-ის ერთობლივი ბიზნეს პროგრამის ფარგლებში ისარგებლეს საკონსულტაციო მხარდაჭერით:

„არომა პროდუქტი“ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ამუშავებს ხილსა და ბოსტნეულს და აწარმოებს მაღალი ხარისხის ნატურალურ წვენებს. კომპანია აწარმოებს პროდუქციის ექსპორტს მსოფლიოს 40 ქვეყანაში.

კომპანია „ყვარლის ბაგა“ კი ყვარელში მდებარე რძის მწარმოებელი საწარმოა, რომელმაც ისარგებლა მხარდაჭერით როგორც სწორი ფინანსური მართვის კუთხით, ასევე აგრონომიის სპეციალისტების კონსულტაციით.

თამარიანში ელჩი ჰარცელი სოფლის მეურნეობის სადემონსტრაციო ნაკვეთს ეწვია, რომელიც FAO-ს მიერ განხორციელებული ევროკავშირის პროგრამის მხარდაჭერით გაშენდა. პროექტი თანამედროვე ფერმერული მიდგომების უპირატესობების წარმოაჩენს, ეხმარება ადგილობრივ ფერმერებს პროდუქციისთვის ახალი ბაზრების მოძიებაში და სტაჟირების მეშვეობით ახორციელებს ახალგაზრდა ფერმერების ტრენინგს.

ევროკავშირის მხარდაჭერით კახეთში განხორციელებული პროექტების დათვალიერების მიზნით ელჩის ვიზიტმა ასევე მისცა მას საშუალება განეხილა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან, ფერმერებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან COVID-19-ის გავლენა, რამაც მათ საქმიანობასა და ფუნქციონირება ზეგავლენა იქონია. გარდა ამისა, მათ პანდემიის შემდგომი აღდგენისა და რეაბილიტაციის პერსპექტივებიც განიხილეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა