კორონავირუსით დაინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან, ერთი რუსთავის ე.წ. ცხელების ცენტრში გამოვლინდა

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ,,ცხელების ცენტრში" მოთავსებულ შუახნის ქალს, კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განაცხადა, შუახნის ქალი საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა, ის ფოთის მცხოვრებია და ,,ცხელების ცენტრში" სასტუმრო ,,გრანდ-ვეჯინის" საკარანტინე სივრციდან იქნა შეყვანილი.
შუახნის ქალს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ბიოლოგიური მასალის კვლევის შედეგად, გუშინ დაუდასტურდა კორონავირუსი.
ამასთან ერთად, როგორც ბახტაძემ განაცხადა, კორონავირუსით მე-15-ე გარდაცვლილი, 82 წლის მამაკაცი, თავდაპირველად რუსთავის ,,ცხელების ცენტრში" იყო მოთავსებული, ვირუსის დადასტურების შემდეგ კი ის სპეციალიზირებულ კლინიკაში იქნა გადაყვანილი.
,,კოვიდ 19" ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაუდასტურდა მის 84 წლის მეუღლესაც, რომელიც მცხეთის კლინიკაში იქნა გადაყვანილი და მკურნალობის კურსს იქ გადის. 82 წლის მამაკაცი სომხეთში ყოფნის დროს დაინფიცირდა, რუსთავის ცხელების ცენტრში, ამ დროისათვის 5 პირია მოთავსებული და მათი საკვლევი მასალა ლუგარში დღეს გადაიგზავნება.

























