„ევროპული საქართველო“ ადამიანის უფლებათა კომიტეტზე იუსტიციის მინისტრის მისვლას ითხოვს

„ევროპული საქართველო“ ადამიანის უფლებათა კომიტეტზე იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს იწვევს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის შეზღუდვას ეხებოდა.

მისი თქმით, კომიტეტზე კითხვები სწორედ ამ საკითხს შეეხება.

კაპანაძე ბაჩანა შენგელიასთვის საქმიანობის შეზღუდვას პოლიტიკურ დევნას უწოდებს და აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა იუსტიციის სამინისტროში თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით დევნა.

„გუშინ შევიტყვე სრულიად აღმაშფოთებელი ფაქტის შესახებ, თუ როგორ ახორციელებს ქალბატონი წულუკიანი ერთ-ერთი გამორჩეული ნოტარიუსის, ბაჩანა შენგელიას პოლიტიკურ დევნას. როგორც ბოლო პერიოდში გასაჯაროვებული ფაქტების შედეგად აღმოჩნდა, ქალბატონმა წულუკიანმა ჯერ შეცვალა ნოტარიატის დებულება, სადაც დაამატა დისციპლინარული დევნის საფუძვლად პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. ამის შემდეგ ბაჩანა შენგელიას შეუგზავნა ინსპექცია და დააჯარიმა ის. შეუწყვიტა ფუნქციონირება და გამოურთო პროგრამა. შემდეგ დაიწყო დისციპლინარული წარმოება იმის გამო, რომ თურმე არ მოეწონა ბაჩანა შენგელიას „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტები. იგივე გზა გაიმეორა, რასაც ეს ხელისუფლება, ბატონი გახარიადან დაწყებული განათლების მინისტრით გაგრძელებული, 2018 წელს ახორციელებდა ბაჩანა შენგელიას დედის წინააღმდეგ. ეს არის ღია პოლიტიკური დევნის ფაქტი, რომელზეც რეაგირებაა საჭირო. სახეზე არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა“, - განაცხადა კაპანაძემ.

როგორც მან აღნიშნა, „არ შეიძლება საქართველოში ასეთი პოლიტიკური დევნა არსებობდეს“.

„ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვიტა და ადამიანის უფლებების კომიტეტზე დღესვე გავაგზავნეთ წერილი, რომ მოვიწვიოთ ქალბატონი წულუკიანი კომიტეტზე, რათა მან ამ კითხვებს გასცეს პასუხები და არა მარტო ამ კითხვებზე. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით ხშირი იყო თანამშრომლების დევნის ფაქტები იუსტიციის სისტემაში მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო და დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარამდე წააგო ქალაბტონმა წულუკიანმა სასამართლო დავები და კომპენსაციის სახით გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც მან გაათავისუფლა პოლიტიკური დევნით. ეს ორმაგი სტანდარტი არის პირდაპირ არაკონსტიტუციური და აღმაშფოთებელი იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ ყოველი არჩევნების მოახლოებისას საჯარო მოხელეები, მერიებში, სსიპ-ებსა და ააიპ-ებში დასაქმებული პირები, მოსამართლეებიც კი როგორ არიან ჩართულები საარჩევნო კამპანიაში და მათზე ბუნებრივია არანაირი სანქციები არ ვრცელდება. მხოლოდ და მხოლოდ ბაჩანა შენგელიას და ასევე სხვა ადამიანების მიმართ, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი სამართლიანად ხელისუფლების მიმართ. ეს კითხვები გვექნება ქალბატონ მინისტრთან. შესაბამისად, ველოდებით, რომ ის უახლოეს ხანებში, როგორც კანონით არის გათვალისწინებული და ვალდებული, მობრძანდება პარლამენტში და ყველა ამ კითხვას გასცემს პასუხს“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, მას 19 ივნისს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სანოტარო საქმიანობა შეუზღუდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შენგელია იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებს და პროკურატურას მიმართავს ამ საქმეზე გამოძიება დაიწყონ. მან ასევე მიმართა არასამთავრობო ორგანიაციებს და სახალხო დამცველს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა