პარლამენტში „საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ანგარიში - სამოქალაქო საზოგადოების შეფასება“ განიხილეს

ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მხარდაჭერით მომზადებული ანგარიშის „საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ანგარიში - სამოქალაქო საზოგადოების შეფასება“ განიხილეს, კერძოდ, გარემო და კლიმატის ცვლილება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომხსენებლის, მანანა ქოჩლაძის განმარტებით, რომელიც ცენტალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკების დამკვირვებელთა ქსელის კოორდინატორია, ევროკავშირის სამეზობლო რეგიონში 2018 -2019 წლებში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგი გაკეთდა, მათ შორის, ასოცირების სამოქმედო გეგმასთან მიმართებით.

„დავინახეთ, რომ ქვეყანაში არის გარკვეული პოზიტიური ცვლილებები ამ მიმართულებით. მთელი რიგი საკითხები იყო გაკეთებული, მათ შორის, ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელება, ეროვნული გარემოსდაცვითი და ჯანდაცვის სამოქმედო გეგმის მომზადება და დამტკიცება. გარკვეული ძვრებია ჰაერის მიმართულებით“, - განაცხადა მანანა ქოჩლაძემ.

მან დეტალურად მიმოიხილა საკითხები, რომელზეც, მისივე თქმით, მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებაა გასამახვილებელი, მათ შორის, გარემოს დაცვის სამინისტროს სტრუქტურის თაობაზე.

„პოზიტიური იყო, პირველ რიგში, ის, რომ ძალაში შევიდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კანონი, რამაც დააბრუნა საზოგადოების მონაწილეობა და შემოიტანა ახალი ინსტრუმენტი , რომელიც არის სტრატეგიული გარემოს ზემოქმედების, მან ისაუბრა ასევე საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე კანონშემოქმედებით პროცესებში, წყალთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტზე, ზურმუხტოვან ქსელში სვანეთის ტერიტორიის შეტანაზე, დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. ჩვენი მთავარი რეკომენდაცია კომიტეტისადმი არის ის, რომ გაიზარდოს გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობები და გაძლიერდეს ადმინისტრაციული პროცედურები, მოხდეს მისი გაყოფა სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან, რადგან არსებობს ინტერესთა კონფლიქტები, რომელიც ან ძალიან კარგად უნდა დარეგულირდეს ან დაშორიშორდეს, უნდა გაიზარდოს ბიუჯეტის ასიგნებები გარემოს დაცვის სექტორისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა გარემოსდაცვით მოქმედებათა მესამე ეროვნული გეგმის შესრულებაზე“, - განაცხადა მანანა ქოჩლაძემ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ჩრდილოვანი რეპორტების მოსმენა, რადგან პარლამენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მსაჯულ მხარედ გამოდის.

„ასევე მნიშვნელოვანია, თუ რა აქცენტები უნდა გავაკეთოთ შემდგომ მუშაობაში. სამინისტროს მიერ გარემოს მიმართულებით გამოყოფილ თანხებთან დაკავშირებით როგორც თქვენ, ასევე ჩვენც ვხედავთ უფრო მეტად გასააქტიურებელ მოძრაობებს, აქედან გამომდინარე, კომიტეტს დაწყებუბული გვაქვს და თითქმის ბოლომდე ვართ გასული, მწვანე ბიუჯეტის პროექტი, რაც გულისხმობს იმას, რომ გამოვყოთ სამინისტროს მიერ უკვე მიღებული და ჩვენ მიერ მიღებული კანონების აღსრულების ნაწილში სად გვჭირდება სტრუქტურული გაძლიერება ისევე, როგორც პროგრამულ ნაწილში გაძლიერება და დამატებითი თანხების მობილიზება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, კომიტეტში დაიდება კომპეტენტური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს იმ პრიორიტეტებს, სადაც დამატებითი თანხების მობილიზაცია იქნება საჭირო და დაეხმარება ბიუჯეტის განხილვისას სამინისტროს ადვოკატირებაში.

„მადლობა, რომ ახსენეთ იმ მიღწევების შესახებ, რომელიც რეალურად გვაქვს ასოცირებასთან მიმართებაში კანონმდებლობასთან დაკავშირებით. გარემოზე ზემოქმედების შეფასების კანონთან მიმართებით თავად მონაწილეობთ იმ პროცესში, რომელიც კომიტეტს გვაქვს დაწყებული. ეს არ არის დამოუკიდებელი პროცესი. სამინისტროს მზაობით ვახდენთ იმ საკითხების იდენტიფიცირებას, რაზეც უფრო მეტი დაზუსტებები იქნება საჭირო, ამიტომ დღევანდელი მოხსენებაც, რა თქმა უნდა, იმ გამოწვევების გამოვლენას ემსახურება, რომლის საქმის კურსშიც ვართ და ვმუშაობთ თქვენთან და სამინისტროსთან ერთად, რომ მაქსიმალურად აღმოვფხვრათ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მისი განცხადებით, დაინიცირდა კანონპროექტი, რომელიც საწვავისგან გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზაგავლენას აღმოფხვრის. დღეს დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს სანქციების გამკაცრებას საწვავის ხარისხთან დაკავშირებით. 2020 წლის აპრილის, ისევე, როგორც 2018 და 2019 წლის შემოწმებებმა გამოავლინა, რომ რიგ შემთხვევებში დიზელის საწვავში მომატებულია გოგირდის დიოქსიდი 4-5-ჯერ და ზოგ შემთხვევაშიც 10-ჯერაც, ამასთანავე, ზოგ შემთხვევაში არ შეესაბამება ოქტანოვატს. ფაქტია, რომ კანონში არსებული რეგულაციები არასაკმარისია იმისთვის, რომ ვაკონტროლოთ და სამინისტროს მიეცეს აღსრულების შესაბამისი საშუალება. აქედან გამომდინარე, დაინიცირებული ცვლილებები გულისხმობს ძალიან მაღალ ფინანსურ სანქციებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და მსგავსი ქმედების განმეორებით ჩადება გულისხმობს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც ვფიქრობთ, რომ აღმასრულებელს საშუალებას მისცემს აღმოფხვრას ეს პრობლემა და გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე საწვავის მიერ მიყენებული ზიანი ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას. დღესვე, სხდომაზე მოისმინეს გარემოს დაცვის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო შესრულების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაწეული ანგარიში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რაზეც მანანა ქოჩლაძემ გაამახვილა ყურადღება და ასევე იმ მიმდინარე პროექტების შესახებ, რაც მნიშვნელოვანია უახლოეს მომავალში კანონმდებლობად იქცეს, რაც, მისივე თქმით, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესში.

„საქართველოს მთავრობამ 2018 წელს დაამტკიცა გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამა, რომელიც სრულად ეფუძნება ასოცირების შეთანხმებას, რაც განსაზღვრავს იმ ძირითად პრიორიტეტებს და სფეროებს, სადაც ჩვენი საქმიანობა უნდა გავაუმჯობესოთ და რა მიმართულებებითაც უნდა შემოვიღოთ ახალი რეგულაციები იმისათვის, რომ უკეთესად შევძლოთ გარემოსთან და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, ასევე გარემოს დაცვის სტანდარტების ამაღლება. ეროვნული გეგმის შესაბამისად და ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით, ცხადია, მთელი რიგი მიმართულებებით ვმუშაობთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მან ისაუბრა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კანონის თაობაზე, რომელიც მისი თქმით, არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ დამკვიდრდეს ეფექტიანი და უკეთესი გარემოსდაცვითი მმართველობა.

„თუმცა ეს არის ძალიან კომპლექსური და რთულად აღსასრულებელი კანონმდებლობა და ამ პროცესში ჩვენ რიგი ხარვეზები გამოვავლინეთ“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. მან დეტალურად ისაუბრა სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ და მიმოიხილა მიმდინარეობის პროცესში მყოფი გარემოსდაცვითი ღონისძიებები. ნინო თანდილაშვილმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა, რის შემდეგაც კომიტეტებმა ანგარიში ცნობად მიიღეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა