ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)

მეოცე საუკუნის ბოლოს, ყაზახეთმა, ისევე, როგორც ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ, მოიპოვა რა დამოუკიდებლობა, დაიწყო სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და მოდერნიზაციის გზა. ეს იყო გაურკვევლობისა და გლობალური ტურბულენტობის დრო, მსოფლიო თანასაზოგადოებამ ახალ ისტორიულ პერიოდში შეაბიჯა. გლობალიზაციამ გახსნა კოლოსალური შესაძლებლობები თანამშრომლობისთვის, ამასთანავე, გააძლიერა ურთიერთდამოკიდებულება და გამოავლინა მანამდე უცნობი გამოწვევები, რომელთაც ჰქონდათ უკვე გლობალური, ყოვლისმომცველი ხასიათი.

ასეთ "მღელვარე" საერთაშორისო კონტექსტში ხდებოდა ყაზახეთის ფორმირება, იწერებოდა ქვეყნის სუვერენული ისტორიის პირველი გვერდები მეოცე საუკუნეში. დღეს შეიძლება სხვადასხვაგვარად წარმოვიდგინოთ, როგორი შეიძლება ყოფილიყო სუვერენული ყაზახეთის გზა, მაგრამ რესპუბლიკის ისტორიაში საბედისწერო აღმოჩნდა მისი პირველი ლიდერის პიროვნების ფაქტორი.

ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა ნურსულთან აბიშის ძე ნაზარბაევმა ისეთივე მასშტაბური როლი ითამაშა ქვეყნის ისტორიაში, როგორიც ითამაშეს თავიანთი სახელმწიფოების განვითარებაში მსოფლიოში ისეთმა ცნობილმა რეფორმატორებმა, როგორიცაა ათათურქი თურქეთში, შარლ დე გოლი საფრანგეთში, მაჰათჰირ მუჰამედი მალაიზიაში, ლი კუან იუ სინგაპურში, დენ სიაოპინი ჩინეთში და სხვები.

ხალხის მიერ 1991 წლის 1 დეკემბერს უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობაზე არჩეული ნ. ნაზარბაევი გახდა ახალგაზრდა სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელ ყაზახეთს მოუწია ეპასუხა სუვერენული განვითარების გამოწვევების მთელი სპექტრისთვის. უნდა დავიწყოთ იმით, რომ გეოგრაფიული მდებარეობა, კონტინენტის ცენტრში მსხვილ სახელმწიფოებსა და არასტაბილურ სამხრეთს შორის მოქცეული, განსაზღვრავდა რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და ზღუდავდა ეკონომიკურ შესაძლებლობებს. რესპუბლიკას ერგო განსაკუთრებით რთული ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალურ-დემოგრაფიული სიტუაცია.

დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის ეკლიანი გზა გაიარა ახალგაზრდა ყაზახეთმა სწორედ მისი პირველი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. ახლა იმ პირველი წლების გამოწვევებისა და შეზღუდვების კომპლექსი განსხვავებულად გამოიყურება - ბევრი მათგანი გადააქციეს განვითარების შესაძლებლობებად. დროთა განმავლობაში ნათლად გამოჩნდა, რომ გაურკვევლობის პერიოდში ყაზახეთის ლიდერმა მოახერხა არა მხოლოდ იმ დროისთვის გაბედული გადაწყვეტილებების მიღება, არამედ კრიზისულ პერიოდში ერის გაერთიანება და მისი გამოყვანა განვითარების ახალ დონეზე.

დამოუკიდებლობის დასაწყისში ნ. ნაზარბაევმა შეძლო სახელმწიფოებრივი განვითარების ყველა სფეროს რეფორმირების საკუთარი პროგრამის სწრაფად შემუშავება და ეროვნული მოდერნიზაციის წარმატებით განხორციელება. მან წარმოადგინა განვითარების საკუთარი ფორმულა „ჯერ - ეკონომიკა, შემდეგ -პოლიტიკა“, ანუ თავდაპირველად ქვეყანამ ფსონი დადო ეკონომიკურ განვითარებაზე და შემდეგ, უკვე ამის საფუძველზე - დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე.

დღეს ეს გამოცდილება ცნობილია როგორც ”ნაზარბაევის მოდელი” ან ყაზახეთის გზა. მას საფუძვლად უდევს გააზრებული და ეტაპობრივი სახელმწიფო მშენებლობა, დაფუძნებული პრიორიტეტული ამოცანების რაციონალურ გადაწყვეტაზე და ამბიციური მიზნებისკენ სწრაფვა მომავალში.

90-იანი წლების დასაწყისში ამოცანა იყო სახელმწიფო მმართველობის სისტემის გადაკეთება, საბაზრო ეკონომიკის საფუძვლების ფორმირება და მსოფლიო საზოგადოებაში ინტეგრაცია. ამ პერიოდში ყაზახეთმა განახორციელა "სამმაგი ტრანზიტი" ეკონომიკურ, სოციალურ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სფეროებში. რეფორმები განიცადა ცხოვრების ყველა სფერომ. ყაზახეთმა აირჩია დემოკრატია, როგორც პოლიტიკური განვითარების მოდელი. სახელმწიფომ განახორციელა ღრმა ეკონომიკური გარდასახვები და ჩამოაყალიბა საბაზრო ეკონომიკის ძირითადი მექანიზმები.

ყაზახეთი მთელ მსოფლიოს გამოეცხადა, როგორც მშვიდობიან განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფო და თავად თქვა უარი სსრკ-სგან მემკვიდრეობით მიღებულ სიმძლავრით მე-4 ბირთვულ არსენალზე. იმ პერიოდში ყაზახეთმა გადადგა მოულოდნელი ნაბიჯი, სახელმწიფოს გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებით. 1997 წელს ნურსულთან ნაზარბაევმა საზოგადოებას წარუდგინა განვითარების სტრატეგია 2030 წლამდე დეტალური სამოქმედო გეგმით ცხოვრების ყველა სფეროში.

საზოგადოების კეთილდღეობა გაუმჯობესდა, თუ 1990-იანი წლების დასაწყისში ერთ სულ მოსახლეზე მშპ შეადგენდა 700 დოლარს, 2013 წლისთვის ამ მაჩვენებელმა უკვე 12 000 დოლარს მიაღწია. ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, შედეგად, მსოფლიო ბანკმა ყაზახეთი შეიყვანა საშუალო დონის შემოსავლის ქვეყნების რიცხვში. 1998 და 2008-2009 წლების ორი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დამოუკიდებელმა ყაზახეთმა გაიარა საგრძნობი ზარალის გარეშე, რამაც დაადასტურა ახალგაზრდა სახელმწიფოს სიმყარე და დაამტკიცა მისი შემდგარობა.

იმ დროისთვის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი წარმატებული მიღწევა იყო სახელმწიფოს ახალი დედაქალაქის გადატანა და მშენებლობა, რომელსაც დღეს პირველი პრეზიდენტის სახელი ჰქვია - ნურ-სულთანი. ახალმა დედაქალაქმა გადაჭრა სახელმწიფოებრივი განვითარების სტრატეგიული ამოცანების მთელი კომპლექსი და გახდა ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორიული ეპოქის სიმბოლო.

ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია ახალ სიმაღლეებს მმართველობის, პოლიტიკური მოდერნიზაციის, ეკონომიკაში პერსპექტიული მიმართულებების და ინსტიტუციური გარდასახვების ძიების სფეროში, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური განვითარების ეფექტურობის გაუმჯობესებისკენ.

2012 წელს ყაზახეთი შევიდა მსოფლიოს 50 ყველაზე კონკურენტუნარიანი ქვეყნების რიცხვში. იმავე წლებში სტრატეგია „ყაზახეთი-2050“-ში ნ. ნაზარბაევმა წარმოადგინა განვითარების ახალი ამბიციური მიზანი - რამდენიმე ათწლეულში, მსოფლიოს 30 მოწინავე ქვეყანას შორის ადგილის მოპოვება. ამ ორიენტირმა მოხაზა ყაზახეთის ეროვნული იდეის კონტურები, რომელმაც წლებზე გათვლილ სახელმწიფო მშენებლობის ახალ ლოგიკას დაუდო სათავე.

ამ წლების განმავლობაში, რესპუბლიკამ უკვე აჩვენა თავისი ზრდის პოტენციალი. ნ. ნაზარბაევის პოლიტიკის წყალობით, ყაზახეთის მშპ გაიზარდა 22 მილიარდიდან 184 მილიარდ დოლარამდე. საქმიანი აქტივობისთვის პირობების განვითარებისთვის ძალისხმევამ მოიტანა ის, რომ მსოფლიო ბანკის Doing Business რეიტინგის 86-ე ადგილიდან 2005 წელს ქვეყანამ აიწია 25-ე პოზიციამდე 2019 წელს.

ამ წლების განმავლობაში პირველი პრეზიდენტის მრავალი იდეა და ინიციატივა განხორციელდა და დღეს თანმიმდევრულად ვითარდება. ყაზახეთი გახდა ერთ-ერთი მთავარი აქტივისტი გლობალური ბირთვული უსაფრთხოების სფეროში, მიაღწია მთელ რიგ შედეგებს სამშვიდობო პოლიტიკაში და კონფლიქტების მოგვარებაში მთიანი ყარაბაღის, ირანის, უკრაინის, სირიის და სხვათა გარშემო. რესპუბლიკამ დაიწყო და აგრძელებს გლობალური რელიგიათაშორისი დიალოგის განვითარებას თავის დედაქალაქში მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების რეგულარული ყრილობების საფუძველზე.

ყაზახეთის მშვიდობისმოყვარე პოლიტიკამ ხელი შეუწყო ქვეყნის ეუთო-ს, შთო-ს, ითო-ს თავმჯდომარედ, 2017-2019 წლებში გაეროს უშიშროების საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში არამუდმივ წევრად არჩევას. ნურსულთან ნაზარბაევის ევრაზიული იდეა განხორციელდა შექმნილ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში. ყაზახეთი გახდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, ხოლო დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების წყალობით იგი გახდა ოპერატორი ევრაზიის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მზარდი სავაჭრო ნაკადებისა, რომლებიც მიედინებიან სახმელეთო დერეფნებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გავლით.

ქვეყნის საგარეო პოლიტიკა თავიდანვე კონსტრუქციული ხასიათისაა და დაფუძნებულია მრავალვექტორობის პრინციპზე. მსოფლიოს სხვადასხვა გეოპოლიტიკური ცენტრებთან ურთიერთობებში დაბალანსებულობა საშუალებას აძლევს ყაზახეთს შეინარჩუნოს ურთიერთმომგებიანი პარტნიორული ურთიერთობა რუსეთთან, ჩინეთთან, აშშ-სთან, ევროკავშირის, ცენტრალური აზიისა და ისლამური სამყაროს ქვეყნებთან. მეზობლებთან კარგი ურთიერთობის წყალობით, ყაზახეთმა პირველად ისტორიაში მოიპოვა საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული, მკაფიო, ურღვევი, დოკუმენტურად დაფიქსირებული საზღვრები.

რაც შეეხება ყაზახურ-ქართულ ურთიერთობებს, რომლებსაც საუკუნოვანი ისტორიული ფესვები აქვთ, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ისინი ძალიან დინამიურად და ნაყოფიერად ვითარდებიან. ჩვენი ქვეყნები ინარჩუნებენ პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიმართა შეხვედრები და ვიზიტები ყველა დონეზე, დაწყებული ჩვენი პრეზიდენტებიდან და პრემიერ-მინისტრებიდან, საზოგადოებისა და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებამდე.

გასული წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტებს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევსა და სალომე ზურაბიშვილს, შორის, რომლებმაც დაადასტურეს პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონე, ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი პოლიტიკური პრობლემების არარსებობა, რაც, რა თქმა უნდა, კარგ პერსპექტივებს ხსნის ეკონომიკური თანამშრომლობისთვის.

საქართველოს მთავრობის მეთაურის 2019 წლის მაისში ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის დროს განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და განისაზღვრა შეხების წერტილები. მხარეებმა აღნიშნეს დაინტერესება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ყველა სფეროში თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და განმტკიცების საკითხში.

რა თქმა უნდა, პოლიტიკური უთანხმოების არარსებობა კარგ საფუძველს ქმნის სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანზიტო-სატრანსპორტო, საინვესტიციო, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის სხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისათვის. 2019 წლის შედეგების მიხედვით, ყაზახეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტი, თუმცა ეს არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის პოტენციალს.

თანამშრომლობის დიდი ფენაა კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროში. ეს არის ადამიანური ურთიერთობები, ჩვენს ქვეყნებს შორის დამყარებულია უვიზო რეჟიმი. წლის დასაწყისში თბილისს ეწვია ნაზარბაევის უნივერსიტეტის წარმომადგენლობა, ყაზახეთის წამყვანი უნივერსიტეტის, რომელსაც საკმაოდ მაღალი საერთაშორისო რეიტინგი აქვს, და მიიწვია ქართველი სტუდენტები და ასპირანტები ხარისხიანი განათლების მისაღებად ნურ-სულთანში.

ასევე დიდი სიამოვნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში პირველად, ყაზახეთის დიდი პოეტი, ფილოსოფოსი და განმანათლებელი აბაი კუნანბაიული ქართულად ალაპარაკდება: მისი ლექსები თარგმნილია ქართულ ენაზე, ხოლო ლექსების კრებული სინათლეს უკვე ივლისის ბოლოს იხილავს. აბაი კუნანბაიულის ლექსები თარგმნა ნიჭიერმა პოეტმა, ყაზახეთის ხალხის დიდმა მეგობარმა, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა. ამრიგად, ყაზახურ-ქართული მეგობრული კავშირები აქტიურად ვითარდება და ახალი შინაარსით ივსება.

საკუთარი სახელმწიფოს შექმნა გარდამტეხი მომენტია ათასწლიან ისტორიაში ხალხისა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აკონტროლებდა ცენტრალურ ევრაზიის უკიდეგანო სივრცეებს. XX-XXI საუკუნეების მიჯნა ყაზახეთისთვის აღმოჩნდა არა მხოლოდ გარდამტეხი, არამედ რეალურად ტექტონიკური ძვრა. ლიდერის ხელმძღვანელობით გააზრებული მოდერნიზაციის შედეგად, ქვეყანამ მოახდინა "ნახტომი დროში", ე.ი. ძალიან სწრაფად, უყოყმანოდ, ერთი პოლიტიკურ-ისტორიული ეპოქიდან გადავიდა ახალში, ერთი ეკონომიკური წყობიდან მეორეზე.

მრავალი წლის შემდეგ, ნურსულთან ნაზარბაევი იტყვის: ”... ყაზახეთმა საკუთარ თავს და ახლო მეზობლებს დაუმტკიცა, რომ მას შეუძლია მიაღწიოს დასახულ მიზნებს, რა მასშტაბისაც არ უნდა იყოს ისინი. თანმიმდევრულობა, უწყვეტობა სტრატეგიული მიზნების მიღწევში - აი, რა უზრუნველყოფს ჩვენს წარმატებას, ჩვენი განვითარების მდგრადობას ... ” ამ მოკლე, მაგრამ მრავალმნიშვნელოვან სიტყვებში ჩაქსოვილია პირველი პრეზიდენტის ყაზახეთის სათავეში სამი ათწლეულის განმავლობაში ყოფნის მთელი ლოგიკა და შედეგები.

2019 წელს ნურსულთან ნაზარბაევმა კვლავ აიღო საკუთარ თავზე ისტორიული პასუხისმგებლობა. საკონსტიტუციო პროცედურების ჩარჩოში, მან ძალაუფლება გადასცა მემკვიდრე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს, რომელმაც ცოტა მოგვიანებით საპრეზიდენტო არჩევნებში მოიპოვა ყაზახეთის ხალხის ნდობა და დღეს ხელმძღვანელობს რესპუბლიკას. ყაზახეთის ისტორიაში მეორე პრეზიდენტის პოლიტიკას საფუძვლად უდევს სუვერენული ყაზახეთის დამფუძნებლის პოლიტიკის კურსის უწყვეტობა.

ამ დღეებში ნურსულთან ნაზარბაევს 80 წელი უსრულდება. და ყაზახეთის ხალხი განსაკუთრებული პატივისცემითა და მადლიერებით აღნიშნავს თავისი წარმატებული რეფორმატორის - ერის ლიდერის იუბილეს, რომელმაც საკუთარი მმართველობის დროს თავდაჯერებულად გადაალახინა ყაზახელებს ყველა განსაცდელი, გააძლიერა ახალგაზრდა სახელმწიფო და აიყვანა იგი განვითარების სრულიად ახალ დონეზე.

ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვი

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით