ორგანიზაციამ "მოძრაობა მომავლისთვის" 12 გალელ სტუდენტს სტიპენდია დაუნიშნა

ორგანიზაციამ "მოძრაობა მომავლისთვის" 12 გალელ სტუდენტს სტიპენდია დაუნიშნა

არასამთავრობო ორგანიზაციამ "მოძრაობამ მომავლისთვის" 12 გალელ სტუდენტს, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლობენ, სტიპენდია დაუნიშნა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გალელი სტუდენტები ეპიდემიის დროს შექმნილი ვითარების გამო უაღრესად რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. უმეტესობამ დაკარგა სამსახური და შემოსავლის წყარო, ხოლო ჩაკეტილი გამშვები პუნქტის გამო, ვეღარ მიიღეს დახმარება ოჯახებიდან.

მათივე ცნობით, გალელი სტუდენტები ვეღარ იხდიან ბინის ქირას და იძულებულნი არიან სწავლა შეწყვიტონ და საქართველოს უნივერსიტეტები დატოვონ. სწორედ ამიტომ "მოძრაობა მომავლისთვის" გადაწყვიტა სტუდენტთაგან ნაწილს მაინც გაუწიოს დახმარება და მხარდაჭერა.

"გალიდან ჩამოსული ეს ახალგაზრდები შეიძლება, ითქვას, რომ გმირები არიან. ისინი დიდი რისკის ფასად გადმოდიან ე.წ. საზღვარზე და თბილისში იღებენ განათლებას. სამწუხაროა, რომ მათზე არავინ ზრუნავს.არავინ ფიქრობს, იმ პრობლემებზე, რომელიც მათ წინაშე ყოველდღიურად დგას. გალი ჩვენი ფორპოსტია, ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონი და იქ მოსახლეობის გამაგრება, მხარდაჭერა და ქართულ სივრცეში ინტეგრირებაც უმნიშვნელოვანესი საქმეა. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, დავეხმაროთ მათ დასაქმებაში, ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვაში. იმედი მაქვს, რომ "მოძრაობა მომავლისთვის" ერთადერთი არ იქნება ამ საქმეში და სხვა კომპანიები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ბიზნესმენები შემოგვიერთდებიან და სხვა სტუდენტებს შეეხიდებიან", - განაცხადა ორგანიზაციის დამფუძნებელმა თეონა დოლენჯაშვილმა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სოციალური პროექტი მამუკა ხაზარაძის ფინანსური მხარადჭერით ხორციელდება. "მოძრაობა მომავლისვთის" უკვე ათეულობით ოჯახს დაეხმარა.