საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, კახეთში 3 პროექტი განხორციელდება

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, კახეთში 3 პროექტი განხორციელდება

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს რიგით 34- ე სხდომა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს.

სხდომაში მონაწილეობა მიიღეს - კახეთის რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების საკრებულოების თავმჯდომარეებმა, საკრებულოების თავმჯდომარეების მოადგილეებმა და მერებმა.

„საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში, საბჭოს წევრების მიერ შეირჩეული იქნა „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ღონისძიება 4.2 „ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობის“ კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები. 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაში საქართველოს ოთხი რეგიონი, მათ შორის კახეთის რეგიონი მონაწილეობს. მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი განაცხადებიდან სულ სამმა პროექტმა მოიპოვა შესაბამისი მხარდაჭერა და დაფინანსება. ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობის ფარგლებში, ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, ტურისტული დანიშნულების ობიექტებამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, ხოლო თელავში ორ მსხვილ სავაჭრო ობიექტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გატანამდე თითოეული პროექტი შეაფასა მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფმა. პროგრამის 2020 წლის ბიუჯეტი 5 მილიონ ლარს შეადგენს და აქედან კახეთის რეგიონისთვის 1 782 000 ლარია გათვალისწინებული. გამარჯვებული პროექტების განხორციელების შემდეგ მოსალონდელი შედეგებია: ბიზნესისა და ვიზიტორებისთვის რეგიონის მიმზიდველობის გაზრდა, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა. აღნიშნული პროგრამა ევროკავშირის თანამედროვე მიდგომების მიხედვით შემუშავებული ინტეგრირებული რეგიონული განვითარების პოლიტიკის დოკუმენტია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.