თურქეთში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აქციას მართავდნენ, "ქართული ოცნების" წევრი ვლადიმერ მგალობლიშვილი შეხვდა

თურქეთში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აქციას მართავდნენ, "ქართული ოცნების" წევრი ვლადიმერ მგალობლიშვილი შეხვდა

თურქეთში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაში ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატი ვლადიმერ მგალობლიშვილი შეხვდა. ვლადიმერ მგალობლიშვილის თქმით, აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს დღეს საქართველოს მთავრობას წერილობით შეატყობინებს.

"შევთანხმდით, რომ ნახევარ საათში საქართველოს მთავრობაში გავაგზავნი წერილს და მოვახდენ ინფორმირებას. ვიდრე საზღვარი გაიხსება, აქ ორი მოთხოვნაა, გაგრძელდეს 300-ლარიანი კომპენსაციების გაცემა და მეორე - ბანკებში აქვთ პრობლემა პროცენტებზე", - განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

ცნობისთვის, თურქეთში დასაქმებულმა საქართველოს მოქალაქეებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან და ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრ ვლადიმერ მგალობლიშვილთან შეხვედრას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რომ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი გაიხსნას, ან საზღვრის გახსნამდე ყოველთვიურად თითოეულს 300-ლარიანი კომპენსაცია მიეცეს.

იხილეთ ვიდეო:თურქეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქციას მართავენ