ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში "ლელოს" ოფისი გაიხსნა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" ოფისი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს, აჭარის ორგანიზაციის წევრებთან ერთად, პოლიტიკური მოძრაობის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ესწრება.
პოლიტიკურ მოძრაობა "ლელოს" ხელვაჩაურის ორგანიზაციას მერაბ აბაშიძე უხელმძღვანელებს.
"ლელო არის ადამიანების წარმატების გაერთიანება, უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის წუმპიდან ამოსაყვანად, ეს არის პოლიტიკური პლატფორმა ყველასათვის, იმისთვის რომ ყველას მოვუსმინოთ და 30-წლიან ჯადოსნური ჩიხიდან გამოვიდეთ, ერთხელ და სამუდამოდ. ლელოსფერი, სიცოცხლის ფერი - პოლიტიკაში. მივმართავ მეგობრებს, რომლებთან ერთად 2007 წლის 7 ნოემბერი გამოგვივლია, გეტყვით, რომ კიდევ ერთხელ ბრძოლის წინა ხაზზე დავდგეთ და ახალგაზრდებს დაუდგეთ, რადგან ეს ქვეყანა მათია",- განაცხადა მერაბ აბაშიძემ.
პოლიტიკურ მოძრაობა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მხარდამჭერებს მიმართა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"ეს იმის დადასტურებაა, რომ ჩვენს ქვეყანას ცვლილებები და გაერთიანება სჭირდება. “ლელო” არის ის პლატფორმა, სადაც ვეპატიჟებით ყველას, რადგან 30 წლიანი ჩაკეტილი წრე გავარღვიოთ, დაიწყოს სერიოზული რეფორმები. ახალგაზრდები ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში შემოვიდეს. ქვეყანაში ჩამოყალიბდა მისაკუთრებული პროკურატურა, მისაკუთრებული სასამართლო და ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ფაქტი ვერ გამოიკვლიეს, - ეს ყველაფერი ჟურნალისტებმა ითავეს.
"ქართული ოცნებამ" ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და მიზანია, რომ საქართველოს ცოტა მოქალაქე დარჩეს ქვეყანაში. ჩვენ აქ შევქმნით რეალობას, რომ ემიგრანტები დაბრუნდნენ სამშობლოში. ჩვენ შეგვიძლია ამ ქვეყანაში სიღატაკე დავძლიოთ", - განაცხადა ხაზარაძემ.

























