ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, სატვირთოს მძღოლს, რომელსაც სოფელ ჩუმლაყში კორონავირუსი დაუდგინდა, საზღვარზე შემოსვლის შემდეგ 4-ჯერ ჩაუტარდა ტესტირება და დადებითი პასუხი მხოლოდ გუშინ დაუფიქსირდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, პირი, რომელსაც სოფელ ჩუმლაყში კორონავირუსი დაუდგინდა, სატვირთო ავტომობილის მძღოლია და საქართველოში სომხეთიდან შემოვიდა.
ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, აღნიშნულ პირს საქართველოს საზღვარზე შემოსვლის შემდეგ ოთხჯერ ჩაუტარდა ტესტირება, თუმცა გუშინდელ დღემდე დადებითი პასუხი არ ყოფილა.
„პაციენტი არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სომხეთიდანაა შემოსული. არის საქართველოს მოქალაქე. ეს ადამიანი იყო აბსოლუტურად უსიმპტომო. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი ჩამოსულია და ფაქტობრივად ცხოვრობს ჩუმლაყში, სადაც არის ხილის და ბოსტნეულის დასამზადებელი სამაცივრე ბაზარი და ეს ადამიანი იქ იმყოფებოდა. იქ მოიძიეს კონტაქტები, ჯერჯერობით ყველა კონტაქტი მოძიებული არ არის. დაახლოებით 10-15 კონტაქტია. დღეს ხუთ საათზე დაგეგმილი გვაქვს გუბერნატორთან სპეციალური სხდომა, სადაც დავგეგმავთ, თუ რა ღონისძებები უნდა გავატაროთ, არა მხოლოდ ახლა, არამედ მომავალში ასეთი ეპიდსიტუაციების კონტროლისთვის“, - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

























