ვასილ მამულაშვილი - პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეოფაილები არანაირად არ არის  დაკავშირებული გიორგი შაქარაშვილის საქმესთან

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რომელიც მას გამოძიებამ საქმის მასალებთან ერთად გადასცა, არანაირად არ არის დაკავშირებული გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან. ამის შესახებ ვასილ მამულაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„არ გავცნობივარ დეტალებს. არ ვიცი, ვინ არის ამ მასალის გადამღები, ეს დეტალები არ ვიცი. არ არის იდენტიფიცირებული არაფერი და ვითხოვ განადგურებას, იმიტომ, რომ ეს არის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა. ვნახე რამდენიმე სურათი, დანარჩენს არ გავცნობივარ. ეს დოკუმენტები გაგვიცვალა ბრალდების მხარემ, თვითონ ჩაწერა ჩვენს კომპიუტერში. საუბარია ფოტო და ვიდეომასალაზე. არაიდენტიფიცრებული პირია ფაილებში, არავინ არ ამომიცნია. არ შემისწავლია, ვნახე თუ არა, მაშინვე დავუკავშირდი პროკურატურას. არ არის არანაირად დაკავშირებული გიორგი შაქარაშვილის საქმესთან, შემიძლია ამის თქმა თავის შინაარსიდან გამომდინარე,“ - განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა მცხეთაში, იმ ტერიტორიაზე იყოს გადაღებული, სადაც ახალგაზრდები დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, ადვოკატის თქმით, „ფაილები ამ ინფორმაციას არ იძლევა“.

„არ მაქვს ეს ინფორმაცია, მცხეთაში მოხდა მოქმედება თუ სადმე სხვაგან. ეს ფაილები ამ ინფორმაციას არ გვაძლევს. როცა ვნახე ეს ფაილები, იყო ორმხრივი კომუნიკაცია გამოძიებასთან და მოვითხოვე განადგურება, რომელიც არის კანონიერი და სწორი ამ სიტუაციაში,“ - განაცხადა ადვოკატმა.

გარდა ამისა, ვასილ მამულაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა შესაძლოა, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მობილურ ტელეფონში აღმოაჩინეს. მისი თქმით, ბრეგვაძის მობილური ტელეფონის შემცველი ინფორმაციის შესახებ დასკვნა ექსპერტიზას ჯერ არ დაუდია.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებულ მასალებში პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების შესახებ ინფორმაცია სწორედ ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა გაასაჯაროა. მისი თქმით, პროკურატურამ აღნიშნული ფაილები სხვა მასალებთან ერთად შეცდომით გადაუგზავნა. თავის მხრივ, პროკურატურაც ადასტურებს, რომ შაქარაშვილის საქმეზე ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რისი შესწავლაც, უწყების ცნობით, ცალკე წარმოებად გამოიყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა