დიმიტრი ცქიტიშვილი - 15%-იანი შემცირების საკითხი, როგორც ჩანს, ბოლომდე გავა იმიტომ, რომ ამას ძლიერი მხარდაჭერა აქვს კონგრესის სხვადასხვა პარტიებში

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი მმართველი გუნდის წევრებს მოუწოდებს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელშიც საქართველოს შესახებაცაა საუბარი, სერიოზულად მოეკიდონ.

როგორც ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჩანს, რომ კანონპროექტში ასახული დაფინანსების 15%-იანი შემცირება, ბოლომდე გავა, რადგან ძლიერი მხარდაჭერა აქვს.

„სამწუხაროდ, ეს 15%-იანი შემცირების საკითხი, როგორც ჩანს, ბოლომდე გავა იმიტომ, რომ ამას ძლიერი მხარდაჭერა აქვს კონგრესის სხვადასხვა პარტიებში, რაც ძალიან სამწუხაროა ქვეყნისთვის. ამას სჭირდება ნაბიჯების გადადგმა. ის საკითხები, რომელიც ამ ძირითად ნაწილშია, რომელიც ჯერ კიდევ კანონპროექტშია ასახული, გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. მათ შორის არის ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, კორუფციასთან ბრძოლა, საარჩევნო გარემო და ა.შ. ეს ის ნაბიჯებია, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. არა ის, ამერიკელები როგორ შეაფასებენ ამას, არამედ რამდენად არის დაცული ჩვენს ქვეყანაში ეს სტანდარტები. იმიტომ, რომ ჩვენ დემოკრატიისკენ სვლა უნდა გავაგრძელოთ. მე ჩემს კოლეგებსა და მეგობრებს მოვუწოდებ, რომ ცოტა სხვა კუთხით მოეკიდონ ამ საკითხს. კარგია, თუ მე ვცდები, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ბოლო მოვლენები აჩვენებს, რომ არ ვცდები ჩემს შეფასებებში. ეს არ არის გზავნილი ან მინიშნება. საკანონმდებლო დონეზე შესაძლოა, აისახოს ეს ხარვეზები საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიმართულებით. ეს თუ საკანონმდებლო დონეზე აისახა, ეს იქნება მძიმე დარტყმა საქართველოსთვის. ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდონ ჩვენი კოლეგები”,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს შესახებაცაა საუბარი. კერძოდ, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზე.

კომიტეტის პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი დამტკიცდა 29 ხმით 21-ის წინააღმდეგ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ხაზგასმულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა