,,ლელოს" წევრები აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა სოფელ დიცში არ შეუშვეს, რის გამოც შესაძლოა, პროკურატურას მიმართონ

ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ გარდა, ვერც ერთი პოლიტიკური გაერთიანება ვერ წარმართავს სწორ, თანაბარ და თანასწორ წინასაარჩევნო კამპანიას გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, - ეს განცხადება პარლამენტის ყოფილმა წევრმა სოსო ვახტანგაშვილმა ,,ლელოს" გორის ოფისში გააკეთა. პარტიის წევრების განცხადებით, სამართალდამცავებმა ,,ლელოს" წევრები საოკუპაციი ხაზთან მდებარე სოფელ დიცში არ შეუშვეს.
,,ორსაათნახევრის განმავლობაში ვცდილობდით, შევსულიყავით სოფელ დიცში, მაგრამ სამწუხაროდ, არ მოგვცეს უფლება და ვერც ვერანაირი არგუმენტი ვერ გვითხრეს, რატომ არ გვიშვებდნენ აღნიშნულ სოფელში. ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი. ხედავენ, რომ “ლელოს” აქვს მზარდი რეიტინგი, ძლიერდება და ხელისუფლებას ეშინია, რომ დაკარგავს სადავეებს. ამიტომ მე მინდა პირდაპირ მოვუწოდო ჩვენს ხელისუფლებას და ვუთხრა, რომ ჩვენ არავისი გვეშინია. ჩვენ მოვდივართ სუფთა ხელებით, ყველა სოფელში შევალთ და ყველგან ჩავატარებთ საარჩევნო კამპანიას, მათ შორის სოფელ დიცშიც და ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებთ ამ ხელისუფლების სამარცხვინო “მოღვაწეობას", - განაცხადა ,,ლელოს" გორის ოფისის ხელმძღვანელმა პაპუნა კობერიძემ.
,,ლელოს" წევრი, იურისტი კახა კოჟორიძე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ფაქტის გამო, პროკურატურას მიმართონ. ,,დავაკვირდებით რა რეაგირება ექნებათ და მოგვცემენ თუ არა განმეორებით იქ შესვლის უფლებას. თუ კიდევ მივიღებთ უარს, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ შევიტანთ პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადებას ოფიციალურად, პარტიის სახელით. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელის შეშლა არის დანაშაული და პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელის შეშლა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ პოლიტიკური პარტიის წევრებს არ აძლევენ ამომრჩეველთან მისვლის უფლებას", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

























