სოფელ ციცაგიაანთკარში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა

სოფელ ციცაგიაანთკარში მალე ახალი სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა.ამის შესახებ ინფორმაცია სოფლის მოსახლეობას გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა გააცნო.
„სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი მიმდინარეობს. შესყიდვის ღირებულება 358 844 ლარია. საპროექტო დოკუმენტაცია USAID-ის „ზრდა“ პროექტმა მოამზადა და გორის მერიას უსასყიდლოდ გადასცა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის დიდი ნაწილის (87%) მოპოვებაშიც გორის მუნიციპალიტეტის მერიას USAID-ის „ზრდა“ პროექტი დაეხმარა. პროექტმა დაფინანსება ეუთოს მხარდაჭერით იტალიის რესპუბლიკისგან მიიღო. გულწრფელი მადლიერება მინდა გამოვხატო USAID-ის „ზრდა“ პროექტის, ეუთოსა და იტალიის რესპუბლიკის მიმართ“, - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელში მცხოვრები 120 ოჯახი ხარისხიან სასმელ წყალს მიიღებს. მათი ინფორმაციით, ადგილობრივები გასული წლის 80 - იან წლებში მოწყობილი, ამჟამად უკვე ამორტიზებული სასმელი წყლის სისტემით სარგებლობენ. შედეგად მოსახლეობის ნაწილს წყალი შეფერხებით, ნაწილს კი საერთოდ არ მიეწოდება.

























