ფოთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

ფოთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

ფოთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად ხდება მიყენებული ზარალის დათვლა. პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური. ამ წუთებში საცხოვრებელი სახლების ეზოებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები ხორციელდება.

,,ქალაქში უკვე დაწყებულია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. პროცესში ჩართულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახურთან ერთად , შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საცხოვრებელი სახლების ეზოებიდან და პირველი სართულიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც მოსახლეობის ზარალს აღწერს და აღნიშნული ზარალი კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება. ყველა სატუმბი სადგური მუშაობს გამართულად,“- განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

ფოთში , დილით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. დატბორილი იყო ცენტრალური ქუჩები და ეზოები. წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულშიც შეაღწია. მძიმე მდგომარეობა იყო ერეკლე მეორესა და ჭანტურიას ქუჩებზე მდებარე მრავალსართულიან კორპუსებში, სადაც გადახურვითი სამუშაოები მიმდინარეობს.