„ლელოს“ ლიდერებმა აჭარაში არასამთავრობოებთან შეხვედრა გამართეს

„ლელო საქართველოსთვის“თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარტიის სხვა ლიდერები ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს. “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ არასამთავრობოებთან შეხვედრის დროს ქვეყნის და რეგიონის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა.

„როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის, ჩემი პირველი ვალდებულება ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაა. “ლელოს” აქვს ზუსტი ხედვა, ნებისმიერ თემას საქმიანად ვუყურებთ და მინიმალურ დროში ვპოულობთ გამოსავალს, ზუსტად იმიტომ გვიერთდება ამდენი ადამიანი, რომ ვართ გახსნილები და კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებულები.

ბევრი გამოწვევაა რეგიონშიც, თუნდაც მეჩეთის აშენების თემა, რომელიც საკმაოდ მწვავედ წამოიჭრებოდა ხოლმე. ვთვლი, რომ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის არ არის საჭირო სასამართლო დავა, რადგან სიტუაციას თავად დაალაგებენ და დარწმუნებული ვარ, საკმაოდ გონივრულადაც. პრობლემაა ქალაქთმშნებლობის კუთხით. რაც ხდება ბათუმში, არის კატასტროფა და კორუფციის შედეგი. მშენებლებს ჰგონიათ, რომ კვადრატული მეტრების რაოდენობა არის ბიზნესი, რადგან ქალაქი არ არის განვითარებული ურბანულად, რის გამოც დიდ მშენებლობებს ღირებულება ვერ შეუნარჩუნდებათ“,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე სექტორის” პროექტის მენეჯერის, ციალა ქათამიძის თქმით, მსგავსი შეხვედრები პერმანენტული ხასიათის უნდა იყოს და პარტიები მოსახლეობასთან უშუალოდ უნდა საუბრობდნენ რეგიონის პრობლემებზე.

“ზოგადად, ვფიქრობ, რომ ქვეყნის ან რეგიონის სწორად განვითარებისთვის სხვადასხვა სუბიექტებმა, რომლებიც ამ ქვეყნის განვითარებისთვის მუშაობენ, უნდა ითანამშრომლონ და ჰქონდეთ მსგავსი ტიპის შეხვედრები, იქნება ეს სამოქალაქო სექტორი, პოლიტიკური პარტია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები იყოს პერმანენტულად და არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ, არამედ ყველა იმ პრობლემის გამოჩენისთანავე, რომელიც ქვეყანას ან რეგიონს აქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის თემები, რომლებიც ეხება გლობალურ საკითხებს, თუ რამდენად შესაძლებელია იმ პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრა, რომელიც არსებობს ბიზნესისა და პოლიტიკის გზაგასაყარზე“,- განაცხადა ციალა ქათამიძემ.

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის სოფო შამანიდის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა, რადგან ისინი საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომელიც რეგიონს აქვს და კარგად იცნობენ საქმის შინაარსს.

„არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არ ერიდებიან მწვავე შეკითხვებს და ასეთი შეხვედრა იყო დღეს აჭარაში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მუშაობენ. მათ დასვეს ის საკითხები, რომელიც ბათუმს და რეგიონს აწუხებს, ეს იქნება ურბანული განვითარების, ეკონომიკური, თუ ადამიანის უფლებების პრობლემები. საინტერესო დიალოგი გამოვიდა, რადგან ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს უკვე აქვს პასუხები და კონკრეტული გეგმა, რომელიც რეგიონში ამ პრობლემებს მოაგვარებს,“ - აცხადებს შამანიდი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო