სოზარ სუბარი - რაც ხდება ხოლმე პერიოდულად ჩვენს ადმინისტრაციულ საზღვართან, ყოველგვარი კანონის ნორმის მიღმაა

სოზარ სუბარი - რაც ხდება ხოლმე პერიოდულად ჩვენს ადმინისტრაციულ საზღვართან, ყოველგვარი კანონის ნორმის მიღმაა

რაც ხდება ხოლმე პერიოდულად ჩვენს ადმინისტრაციულ საზღვართან, ყოველგვარი კანონის ნორმის მიღმაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახში იმყოფებოდა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, საოკუპაციო ძალების მიერ ზაზა გახელაძის დაკავება ყოველგვარ კანონის ნორმებს სცდება.

,,ვიყავით ზაზა გახელაძის ოჯახში და მის ახლობლებს მოვუყევით იმის შესახებ, რაც ვიცით. გადავეცით ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია. ასევე, რა ნაბიჯები იდგმება სახელმწიფოს მხრიდან იმისთვის, რომ იყოს მისი ჯანმრთელობა დაცული, საფრთხე არ დაემუქროს მის ჯანმრთელობას და რაც შეიძლება მალე მოხერხდეს გათავისუფლება უკანონო ტყვეობიდან თუ პატიმრობიდან, არც ვიცი რა დავარქვა, იმიტომ, რომ ეს ყოველგვარი კანონის ნორმის მიღმაა, რაც ხდება ხოლმე პერიოდულად ჩვენს ადმინისტრაციულ საზღვართან, რომელიც დროებით საოკუპაციო ხაზად არის გადაქცეული", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, 33 წლის მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ზაზა გახელაძე ფეხის არეში დაიჭრა.