„ირაომ“ ვარკეთილის ბაზრობის ხანძრისგან გამოწვეული ზარალის ანაზღაურება დაიწყო

15 ივნისის საღამოს ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის ანაზღაურება სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ უკვე დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სადაზღვევო კომპანიიდან აცნობეს, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, „ირაოს“ მხრიდან ჯამურად 1.5 მლნ ლარის ოდენობის თანხა ანაზღაურდება.

თანხის ანაზღაურება ხანძრისგან დაზიანებული კომერციული ობიექტების მფლობელების მიმართ მოხდება. კომპენსაციას კი ჯამში დაახლოებით 315 მეწარმე, 465 კომერციულ ობიექტზე მიიღებს.

ზარალის შეფასებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვების პროცესი“ ირაოს“ წარმომადგენლების მიერ, ბაზრობის ადმინისტრაციასთან და მეიჯარეებთან თანამშრომლობით, ხანძრის გაჩენისთანავე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.

პროცესის შედეგად უკვე დადგინდა ინფორმაცია ობიექტებში ხანძრის შედეგად განადგურებული პროდუქციის ღირებულების შესახებ.

„ამ დროისათვის დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე, უკვე დარეგულირდა 149 კომერციული ობიექტის ზარალი და 13 ივლისს, ანაზღაურების პირველ ეტაპზე, „ირაომ“ 97 მეწარმეს გადაურიცხა შესაბამისი კომპენსაცია, ჯამურად 299 395 ლარის ოდენობით.

ანაზღაურების შემდეგი ეტაპი დაახლოებით 1 კვირის ვადაში იგეგმება. ანაზღაურების მეორე ეტაპზე 178 კომერციული ობიექტის შესაბამისი ზარალის ანაზღაურებას, 114 მეწარმე მიიღებს, ჯამურად 431 000 ლარის ოდენობით.

ამას გარდა, დარჩენილია ობიექტები, რომელთა ზარალის შეფასება კვლავ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ხდება ზარალთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოგროვება.

„ირაოს“ მხრიდან მუდმივად მიმდინარეობს კომუნიკაცია დაზარალებულ მოიჯარეებთან.

ვარკეთილის ბაზრობა სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ მიერ დაზღვეული იყო „მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ ფარგლებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა