მინდია დავითაძე - „საქპატენტმა“ შეიმუშავა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ ცვლილებების პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე უკვე კერძო სექტორთან განხილვას საჭიროებს

საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა პარლამენტში საქართველოში კრეატიული ინდუსტრიების განვითარების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე - მეკობრეობის პრობლემაზე იმსჯელეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქპატენტიდან“ აცნობეს.

მათი ცნობით, სექტორებს შორის დიალოგის ფორმატი ორგანიზებული იყო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის (The USAID Economic Security Program) ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დეპუტატთა მხარდაჭერით.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსია და განხილულ იქნა ყველა ის საკითხი, რომელიც დაისვა ინდუსტრიის წარმომადგენლების მიერ.

„დღეს განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს საავტორო უფლებების დაცვა ინტერნეტ სივრცეში. „საქპატენტმა“ შეიმუშავა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე უკვე საჭიროებს კერძო სექტორთან განხილვას. კანონმდებლობის დახვეწა უკავშირდება ინტერნეტ სერვის პროვაიდერთა პასუხისმგებლობის სისტემის შემუშავებას, რაც უზრუნველყოფს ინტერნეტ სივრცეში საავტორო უფლებების მფლობელებისათვის საჯარო უწყებების გარეშე კერძო სამართლებრივი გზით უფლებების აღსრულების ეფექტური მექანიზმის შემოღებას. მნიშვნელოვანია ბოლო წლების განმავლობაში სწორედ კერძო სექტორისა და უფლებების მფლობელების გააქტიურება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, მათ შორის, ინტერნეტ სივრცეში უფლებების ეფექტურ აღსრულებას“, - აღნიშნა შეხვედრაზე „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ.

მისი განცხადებით, საქართველოში საავტორო უფლებების აღსრულების ეფექტური სისტემის უზრუნველყოფა მოითხოვს აქტიურ მუშაობას როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის მხრიდან და მოუწოდა მხარეებს თანამშრომლობისთვის ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და აღსრულებისათვის, პროგნოზირებადი და მდგრადი გარემოს შექმნის კუთხით.

„საქპატენტის“ ცნობითვე, იგეგმება საჯარო და კერძო სექტორის დიალოგის პროცესის გაგრძელება და საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე მუშაობის დასრულება, რომელიც გადაეგზავნება განსახილველად საქართველოს მთავრობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა