ბორჯომის მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დააფუძნებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტი პირველია, რომელსაც საქართველოს მთავრობამ უფლება მისცა შექმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი კურორტ ბაკურიანის ეფექტურად მართვის მიზნით. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ უფლების განსახორციელებლად, პირველ ეტაპზე, დაბა ბაკურიანი და სოფელი მიტარბი განისაზღვრა იმ დასახლებათა ერთობლიობად, რომელშიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო დააფუძნებს ახალ მართვის ორგანოს.

უწყების ცნობით, 2019 წელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, ტურისტულად დატვირთული დასახლებების მართვის განსხვავებული მოდელი მომზადდა. ასეთი მოდელის შემუშავება განაპირობა კურორტების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, რაც მეტწილად გამოწვეულია თვითმმართველობებში არასაკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსით.

სამინისტროს მიერ შემუშავებული მოდელის სამართლებრივი საფუძვლისთვის მომზადებული „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტი საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა.

სამინისტროს ინფორმაციით, კანონში შეტანილი ცვლილებებით, მუნიციპალიტეტებს მიეცათ შესაძლებლობა, საკრებულოების გადაწყვეტილებით, შექმნან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ისეთი მუნიციპალური სერვისების მიწოდებაზე, როგორებიცაა: ტერიტორიის კეთილმოწყობის და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება, ქუჩების დასუფთავება და ნარჩენების მართვა, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა, პარკირების უზრუნველყოფა, მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობაზე ზედამხედველობა, გარე რეკლამის განთავსების ადმინისტრირება. ამასთან, სსიპ-ს მიეცემა ისეთი უფლებები, როგორებიცაა ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობისა და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება, გარე ვაჭრობის ადმინისტრირება, გამოფენების, ბაზრობების გამართვის ორგანიზება, საჯარო ადგილების გამწვანება, უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა და სხვა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ეფექტიანი საჯარო მმართველობის განხორციელება, მოსახლეობისა და დაინტერესებული მხარეებისთვის სერვისების შეუფერხებლად მიწოდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ მუნიციპალიტეტებში, სადაც არსებობს სწრაფი ეკონომიკური განვითარების პირობები, მზარდია ტურიზმი და ინვესტიციების მოცულობა. შესაბამისად, მსგავსი უფლებებით აღჭურვილი მართვის ორგანო აუცილებელია ისეთი ტიპის საკურორტო თუ ტურისტულად აქტიური დასახლებებისთვის, როგორებიცაა -ბაკურიანი, გუდაური, უშგული, ბახმარო, ურეკი, თუშეთი და სხვა.

დასახლებებს, სადაც უნდა ამოქმედდეს მართვის ახალი მოდელი, მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ხოლო სსიპ-ის დაფუძნების საკითხს დამოუკიდებლად გადაწყვეტს მუნიციპალიტეტი. ამასთან, მუნიციპალიტეტების უფლება შექმნან სსიპ-ები, იმოქმედებს 2030 წლამდე, რის შემდეგაც გადაიხედება ასეთი მოდელის მოქმედების საჭიროება.

ბაკურიანის განვითარებისათვის ინფრასტრუქტურის სამინისტრო 58 მილიონი ლარის 8 პროექტს ახორციელებს.

უწყების ინფორმაციით, უკვე დასრულდა ბაკურიანის შემოვლითი 3 კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რომელმაც განტვირთა ბაკურიანი საცობებისაგან და მნიშვნელოვნად მოაწესრიგა დაბაში ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

დასრულდა ბაკურიანის სოფელ ანდეზიტთან და სოფელ ციხისჯვართან დამაკავშირებელი 7.5 კილომეტრიანი გზის მშენებლობა და მიტარბი-კოხტას საბაგირომდე მისასვლელი 3 კილომეტრამდე გზისა და დიდველზე 150 მანქანაზე გათვლილი პარკინგის გაფართოების სამუშაოებიც.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, დაბაში აშენდა პოლიციის ახალი ორსართულიანი შენობა, მოეწყო ბაკურიანის წრიული ბილიკი და გზა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს განათების მონტაჟისთვის შესყიდვის პროცედურები.

ასევე, დაწყებულია ბაკურიანის ურბანული განახლების პროექტის მომზადება. პროექტის ფარგლებში შემუშავდება სატრანსპორტო და საფეხმავლო მოძრაობის გეგმა, დაბის ცენტრალური ნაწილის განახლების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის, ცენტრალური სატრანსპორტო სადგურის საპროექტო დოკუმენტაცია. შემუშავებული პროექტების მიხედვით დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით შემუშავებულია ბაკურიანის რეკრეაციულ პარკის რეაბილიტაციის პროექტიც და მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად საჭირო პროცედურები.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანისთვის 26 ერთეულ ტექნიკასაც შეიძენს. აქედან, 10 სათხილამურო კურორტებისთვის ადაპტირებული ავტობუსი ნოემბერში, ხოლო 13 ერთეული სპეციალური ტექნიკა წლის ბოლომდე გადაეცემა კურორტს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს