მარნეულში, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების მოთხოვნით, აქცია გაიმართა

მარნეულის ცენტრში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები, მარნეულის თვითმმართველობისგან მოითხოვდნენ, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებასთან დაკავშირებით. აქციას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სასულიერო პირები და ,,ქართული მარშის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

სკვერში შეკრებილებს სიტყვით მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგიმ (ჯამდელიანი) მიმართა. მანამდე კი სასულიერო პირებმა სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადეს.

,,გარკვეული საზოგადოება შეიკრიბა დღეს აქ, რათა თავისი პოზიცია მიაწვდინოს უპირველეს ყოვლისა თვითმმართველ ქალაქს, მათ ხელისუფალთ, მათ საკრებულოს, მერს და იმ პირებს, ვისაც ხელეწიფების სამართლიანად გადაჭრა საკითხისა. მე რა თქმა უნდა, ჩემს სამწყსოს ვუერთდები, მოვედი, გადავიხადე პარაკლისი და ამ ხმას რა თქმა უნდა, მეც ვუერთდები. აი, ჩვენ ვართ ამ სკვერში, ჩვენ წინ დგას ძეგლი, ახლა პირველ რიგში, ვთქვათ, რა არის ძეგლი, რა დანიშნულება აქვს მას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ძეგლი არის ღირებულების, ფასეულობის მატარებელი, შინაარსის, ისტორიის მატარებელი. ჩვენ ძეგლებს ვუდგამთ იმ ადამიანებს, ვისაც ამა თუ ამ ქვეყნის წინაშე აქვს განსაკუთრებული როლი და დამსახურება, თორემ რამდენი არის გმირი, რომელთა ძეგლები არა გვაქვს ჩვენ, რომელთა სახელები მივიწყებას მიეცა დღეს.

დავუბრუნდები ნარიმან ნარიმანოვის ძეგლს, მის პიროვნებას, იქნება მართლაც რაიმე დამსახურება აქვს ამ ადამიანს და დგას ეს ძეგლი?! არავითარი დამსახურება მას ჩვენი ქვეყნის მიმართ, მტრობის მეტი, ჩვენი წინაპართა სისხლის დაღვრის მეტი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, თვითმყოფადობის ხელყოფის მეტი, სხვა როლი ჩვენი ქვეყნის წინაშე არაფერი არა აქვს, როგორც იმ გამყიდველ, ავადსახსენებელ გვარით ქართველებს სერგო ორჯონიკიძეს, ფილიპე მახარაძეს. მე ყველა სიტყვაზე ვარ პასუხისმგებელი, რასაც მე ვიძახი. დაიდო საექსპერტო დასკვნა ჩვენი მეცნიერების, აკადემიკოსების და ირკვევა, რომ არამც თუ წითელ ტერორს შემოუძღვა ნარიმანოვი, ორჯონიკიძე, ავადსახსენებელი ფილიპე მახარაძე და სხვები ჩვენს ქვეყანაში და მიუხედავად იმისა, რომ აქ დაბადებული კაცი იყო და ეთნიკურად აზერბაიჯანელი, დაასამარა ჯერ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა, მერე დაასამარა საქართველოს დამოუკიდებლობა, როგორც ასევე სომხეთის. თქვენ იცით, მოეწყო მერე დევნა ყველა იმ მამულიშვილისა, ვინც ხმას აღიმაღლებდა ამ ყველაფრის წინაშე. თქვენ იცით?- სისხლში ჩაახშო ქაქუცა ჩოლოყაშვილის აჯანყება, ყველა სამხედრო ოპერაციას ხელმძღვანელობდა ნარიმანოვი, ფილიპე მახარაძე და სერგო ორჯონიკიძე. უფრო მეტს გეტყვით, ირკვევა, რომ ნარიმანოვს ხელი აქვს მოწერილი გამყიდველ ქართველ ფილიპე მახარაძესთან ერთად, მთელი ზაქათალის ოლქის გადაცემაში და გარეჯი-ქვემო ყარაიას ველების, საძოვრების გადაცემაში. გესმით ხალხო, აი ეს დამსახურება აქვს ნარიმანოვს“, - განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ.

აქციის მონაწილეების განცხადებით ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია, თუ ძეგლის აღების თაობაზე მარნეულის საკრებულო გადაწყვეტილებას დროულად არ მიიღებს, აქციებს პერმანენტულად გამართავენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა