რუსთავის მუნიციპალიტეტსა და „ მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

რუსთავის მუნიციპალიტეტსა და „მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მემორანდუმს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელმა ნინო ჩხობაძემ მოაწერეს ხელი.

მათი ინფორმაციით, ხელმოწერის ღონისძიებას, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მუნიციპალიტეტი გარემოს დაცვის საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციასთან საკმაოდ ნაყოფიერად თანამშრომლობ და დღეს უკვე ოფიციალურად გაფორმდა მემორანდუმი.

,,გარემოს დაცვის საკითხებზე ქალაქში არის გარკვეული გამოწვევებიც და ძველი პრობლემებიც, რომელთა მოგვარებაც, ერთ-ერთი პრიორიტეტულია, როგორც მუნიციპალიტეტისთვის, ასევე რუსთავის მოსახლეობისთვის. ჩვენ გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან გადავწყვიტეთ თანამშრომლობა. დღეს ოფიციალურად გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელშიც არის გარკვეული ვალდებულებები, როგორც ატმოსფერული ჰაერის მართვის გეგმასთან, ასევე საწარმოების მიერ ნარჩენების მართვის და გარემოზე ზემოქმედების კუთხითაც. ვფიქრობთ, რომ უფრო გავამყაროთ ურთერთობა და საერთაშორისო ორგანიზაციების იმ საგრანტო კონკურსებშიც მივიღოთ მონაწილეობა, რომლებიც ჩვენი ქალაქის გარემოსა და ეკოლოგიის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

პრესსამსახურის ცნობით, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარემოსდაცვითი ღონისძიებების ერთობლივ გატარებას, გარემოს დაბინძურებისა და რისკების შემცირებისკენ მიმართული ქმედებების განხორციელებას, სემინარების, ტრენინგების ორგანიზებას, ასევე მუნიციპალური ნარჩენების მართვის არსებული სისტემის მონიტორინგს და სრულყოფას ისახავს მიზნად.

„ეს მემორანდუმი არის საწყისი იმისა, რომ უნდა ითანამშრომლოს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტმა და სამოქალაქო სექტორმა, არამედ ამ პროცესში, ვფიქრობ, რომ ჩაერთვება რუსთავის მთელი სამრეწველო პოტენციალი და ინტერესი იქნება ყველასი, მათ შორის საწარმოებსაც. ვგეგმავთ საკმაოდ საინტერესო ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას როგორც ნარჩენების, ასევე წყლისა და ნიადაგის დაცვის კუთხით, რა თქმა უნდა, რუსთავის გამწვანებისა და გაძლიერების კუთხით“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ნინო ჩხობაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა