ბათუ ქუთელია - მეთიუ ბრაიზას დასკვნას ვეთანხმები - როდესაც რაღაც ცუდი ხდება, პირველი შეკითხვაა, ვის აწყობს ეს

მეთიუ ბრაიზას დასკვნას ვეთანხმები, მეც ვფიქრობ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი „კავკასუს ონლაინთან“ დაკავშირებული საკითხები იყო, - ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, საქართველის ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზედენტმა ბათუ ქუთელიამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

ამ განცხადებით ის გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, მეთიუ ბრაიზას ექსკლუზიურ ინტერვიუს „ინტერპრესნიუსთან“, სადაც ყოფილი დიპლომატი საუბრობს რეგიონული ციფრული ჰაბის პროექტზე, რომლის განხორციელებაზეც აზერბაიჯანული კომპანია „აზერტელეკომი“ მუშაობს და რომლის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებია, რომელსაც შავი ზღვის ქვეშ „კავკასუს ონლაინი“ ფლობს.

„მეთიუ ბრაიზას დასკვნას მეც ვეთანხმები, მეც ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი ამ ცვლილებების იყო „კავკასუს ონლაინთან“ დაკავშირებული საკითხები, რადგან მსჯელობაში, რაც ამ საკითხის ირგვლივ განვითარდა და ასევე, ის სიჩქარე და მცდელობა, რომ სწრაფად, რაღაც კონკრეტულ საკითხზე და კონკრეტულ ინტერესებზე მთავრობას მოერგოს კანონი და მისი მიღება დაეჩქარებინა, სწორედ ასეთ ეჭვებს აღძრავს. თუმცა, ასევე ამ პროცესში შეინიშნება ზოგადად მთავრობის სურვილი, რომ არაჯანსაღად გაზარდოს მთავრობის მარეგულირებელი როლი, ყველა ასეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ეკონომიკის ნაწილთან ან ბიზნესთან.

მეორე მნიშვნელოვანი, რაშიც ასევე ვეთანხმები ბრაიზას, არის ის, რომ ამის გარედან აღქმა სამომავლოდ ძალიან გაართულებს ქვეყნის ეკონომიკაში თავისუფალი ინვესტიციების მოზიდვას და ასეთ კონკრეტულ ინტერესებზე, სახელმწიფოს როლის გაძლიერებაზე მორგებული პროცესი მთლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საინვესტიციო გარემოს, ინსტიტუციურ პროცესს. ანუ, რაზეც ხშირად იყო ეჭვები, ბევრი საუბრობდა, ეს კიდევ ერთი დამატებითი კონკრეტული მაგალითია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაადგა იმ გზას, რომელიც არ შეესაბამება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, პირიქით, ავტორიტარული მმართველობის და მაქსიმალური კონტროლის ნიშნები შეინიშნება.

სამწუხაროა ასევე ის, რომ თავისი ნაბიჯების გამართლებას ისინი ცდილობენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეგულირებით. კრიტიკული ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მასზე მორგებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური სისტემა გაცილებით უფრო გახსნილად უნდა ფუნქციონირებდეს, კრიტიკული ინფრასტრუქტურის კონტროლის თანამედროვე სტანდარტი ინკლუზიური პროცესია, ანუ ამ სექტორის მონაწილეობა და სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა უნდა იყოს გახსნილი, რათა მეტი ნდობა იყოს - სწორედ ესაა კრიტიკული ინფრასტურქტურის ნებელობის მთავარი ამოცანა და ყველა დემოკრატიული, წარმატებული ქვეყანა სწორედ ამ პრინციპებს იყენებს. ის, რაც ხდებოდა და ხდება „კავკასუს ონლაინთან“ დაკავშირებით, აღიქმება როგორც სახელმწიფო მცდელობა ნაციონალიზაციის. ასე რომ, იმ ეჭვებს, რაც მეთიუ ბრაიზამ გამოთქვა, მეც ვიზიარებ და ჩემ გარდა ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ამ პროცესს გარედან აკვირდება“, - აღნიშნა ბათუ ქუთელიამ.

მანვე უპასუხა კითხვას რეგიონალური ციფრული ჰაბის პროექტთან დაკავშირებით, ხომ არ შეიძლება, ემსახურებოდეს „კავკასუს ონლაინის“ მიმართ ინტერესი სწორედ ამ პროექტისთვის ხელშეშლას, რაც შეიძლება, რუსეთის ფედერაციას აწყობდეს.

„საერთოდ, როდესაც რაღაც ცუდი ხდება, პირველი შეკითხვაა, თუ ვის აწყობს ეს. „კავკასუს ონლაინის“ საკითხს თუ ცოტა გადავახვევთ და წინა პერიოდს დავაკვირდებით, ძალიან საინტერესო მოვლენები ვითარდებოდა 2015 წელს - „ვიმპელკომი“, რუსული კომპანია ცდილობდა „კავკასუს ონლაინის“ ყიდვას, მაშინ ამაზე საკმაოდ დიდი ხმაური ატყდა, იგივე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სპეციალური განცხადებაც გავავრცელეთ, რომ ამის დაშვება არ შეიძლებოდა, რადგან რეალურად, რუსეთი და კრემლთან პირდაპირ დაკავშირებული კომპანია, „ვიმპელკომი“ იღებდა პირდაპირ კონტროლს ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელზე და ასევე, საცალო ინტერნეტის ბაზრის 50%-ზე. ეს ავტომატურად რუსეთს ძალიან დიდ ბერკეტებს აძლევდა როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურის კონტროლის კუთხით, ასევე, საინფორმაციო ველის და პროპაგანდისტული ამოცანებისთვის. მაშინ ეს რუსეთს არ გამოუვიდა, ეს დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა „ვიმპელკომი“ დააჯარიმა 700 მილიონით კორუფციული ბიზნეს პრაქტიკის გამო და ამ სკანდალისა და შიდა პროტესტის გამო ეს არ მოხერხდა. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა, პირდაპირ თუ ირიბად, ამ ინფრასტრუქტურის კონტროლზე ხელი აიღო ან უარი თქვა. ხოლო ეს დაჩქარებული პროცესი, იგივე, აზერბაიჯანული კომპანიისთვის „კავკასუს ონლაინის“ წილის ჩამორთმევის მცდელობა, რაც კანოპროექტის პირველ ვერსიაში ძალიან კარგად ჩანდა, ასეთ ეჭვებს აღძრავს, რომ აქ ისევ შეიძლება იყოს რუსული ინტერესი და სწორედ ამ რუსული ინტერესების გამტარად ამ შემთხვევაში გვევლინება მარეგულირებელი, რომელიც პირდაპირ, მთავრობის დავალებით მოქმედებს“, - განუცხადა ქუთელიამ „ინტერპრესნიუსს“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა