სალომე ზურაბიშვილი - მზად ვარ, შევეცადო უკრაინასთან ურთიერთობებისა და ჩვენ შორის არსებული ტრდიციული მეგობრობის განახლებას

მზად ვარ, შესაძლებლობისთანავე განვახორციელო უკრაინაში დიდწილად, კოვიდის მიზეზითა და შესაძლოა, არა მხოლოდ ამის გამო, გადადებული ვიზიტი, შევეცადო უკრაინასთან ჩვენი ურთიერთობებისა და ჩვენ შორის არსებული ტრადიციული მეგობრობის განახლებას , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა დისკუსიაზე, რომელიც პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილებას შეეხებოდა.

მისი თქმით, ცრუ, ან დამახინჯებულ ახალი ამბების მიღმა ასევე, არის რეალური ამბებიც, რომლებიც მიზნად ისახავს ურთიერთობების შეფერხებას.

„ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა უკრაინასთან. ამ ქვეყანასთან ვიზიარებთ საერთო წარსულსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.

ამ პარტნიორობის დასუსტების ნებისმიერი მცდელობა, ამ მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც ევროკავშირი თავისი მომავლის ფორმირების პროცესის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული წევრების ადგილისა და მათი მომავლის გადახედვას გეგმავს, მხოლოდ დაასუსტებს ჩვენს ორ ქვეყანასა და საქართველო-უკრაინის გავლენას ამ გადამწყვეტ განხილვაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიმართ პროვოკაციული ტონი, რომელიც ასევე შეიცავს ხელისუფლების არალეგიტიმურად დახასიათებას და მომდინარეობს უცხო ქვეყნის სამსახურში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქისგან, უარყოფითად მოქმედებს ორმხრივ ურთიერთობებზე.

„მინდა თქვენ და თქვენი საშუალებით თქვენს ხელისუფლებებს მოგმართოთ, მოახდინოთ ზომიერი და საგულისხმო გავლენა, წაახალისოთ გარკვეული რაციონალურობა, რათა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა ორივე სახელმწიფოს საერთო ინტერესების გათვალისწინებით წარიმართოს.

პირადად მე მზად ვარ, შესაძლებლობისთანავე განვახორციელო დიდწილად კოვიდის მიზეზითა და შესაძლოა, არა მხოლოდ ამის გამო გადადებული ვიზიტი, შევეცადო ჩვენი ურთიერთობებისა და ჩვენს შორის არსებული ტრდიციული მეგობრობის განახლებას.

ასეთი ურთიერთობა აუცილებელია ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი საერთო გზისა და ასევე, შავი ზღვის პროექტების განახლებული მნიშვნელობის ფონზე, რომელიც დამოკიდებულია საქართველოს, უკრაინის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის თანამშრომლობაზე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
გიორგი პერტაია - სავაჭრო პალატა მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ ყველა პროგრამას ერთ ონლაინ პლატფორმაზე სთავაზობს
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში