„ახალგაზრდა ადვოკატები“ „ლიდერფუდის“ ყოფილ მესაკუთრე ირაკლი დუმბაძესა და მის წარმომადგენელს პასუხობს

რუბრიკა - „ახალგაზრდა ადვოკატები“ „ლიდერფუდის“ ყოფილ მესაკუთრე ირაკლი დუმბაძესა და მის წარმომადგენელს პასუხობს. ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ახალგაზრდა ადვოკატები“ სრულად იღებს პასუხისმგებლობას გამოქვეყნებული კვლევის შინაარსა და დასკვნებზე, რომელიც სწორედ პროცესის მონაწილე ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი მასალების შეფასებას დაეყრდნო, რამაც საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძვლების შემოწმების დამოუკიდებელი და პროფესიული ხედვა გააჩინა.

„ორგანიზაცია ყურადღებით გაეცნო ირაკლი დუმბაძისა და მისი წარმომადგენლის განცხადების შინაარს, რომელიც 2020 წლის 13 და 14 ივლისს ახალი ამბების სხვადასხვა სააგენტოზე გამოქვეყნდა. ვინაიდან ორგანიზაციას მიუღებლად მიაჩნია მისი პროფესიული საქმიანობისა და საზოგადოებრივი ნდობის მიმართ გამოთქმული მოსაზრებები, კერძოდ, მიკერძოებაზე მითითება, მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ გამონათქვამები, რომლებიც მოყვანილია განცხადებაში, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ კანონის თანახმად, შეიძლება შეფასდეს, როგორც ცილისწამება და ემსაუხრებოდეს ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის შელახვას.როგორ ჩანს, პროცესის მონაწილე მხარეებს კვლავ უნდა შევახსენოთ, რომ ორგანიზაცია არავითარ შემთხვევაში განიხილავდა დავის შინაარს და არ წარმოადგენდა მათზე რაიმე სახის შეფასებას, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს და, მხარეთა შეჯიბრებითობიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთს. ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენდა, შეეფასებინა მხოლოდ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინაპირობები და წარმოედგინა ხედვა, თუ რამდენად კანონიერი, დასაბუთებული და იურიდიულად მყარი აქტი იქნა მიღებული სასამართლოს ორი ინსტანციის მხრიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების სახით. ირაკლი დუმბაძე თავს განცხადებაში ამბობს: „ეს ეგრეთ წოდებული „დასკვნაც“, ჩემი შეფასებით, დავით ზეიკიძის „ნაჩალიჩარ-ნაყიდი“ საქმეების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია და სამწუხაროდ, არა ერთადერთი“, რასაც ორგანიზაცია “ცილისწამებად” აფასებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, როგორც უაღრესად პასუხისმგებლიანი ორგანიზაცია, მოუწოდებს ირაკლი დუმბაძეს, უფრო ღრმად გაეცნოს ორგანიზაციის საქმიანობასა და კვლევით შედეგებს, ორგანიზაციის გუნდის კეთილსინდისიერებასა და გამოცდილებაზე მეტი ინფორმაცია იქნეს მიღებული თავად მისი წარმომადგენლების მხრიდან, ვინაიდან „ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანობის მთავარი საფუძვლები სწორედ ობიექტურობა, მიუმხრობლობა და კომპეტენტურობაა. მიუხედავად იმისა, რომ გამოქვეყნებული კვლევა არ იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას და ცალსახად პასუხობს საქმის პრობლემურ ეპიზოდებს (სარჩელის ჩაბარების ფაქტი, ამართლებდა თუ არა იურიდიულ საფუძვლებს სასარჩელო მოთხოვნები), არ მომხდარა ამ ეპიზოდებთან არსებული არცერთი მტკიცებულების შეფასების უარყოფა, ორგანიზაცია მზად არის, ნებისმიერ საჯარო ფორმატში კვლავ დაუბრუნდეს გამოქვეყნებული კვლევის შინაარსა და საზოგადოებას, ბატონ ირაკლი დუმბაძეს, მის ადვოკატებს ან დავით ზეიკიძეს, რომელიც ასევე არ ეთანხმება ორგანიზაციას კორესპონდენციის ჩაბარების ადგილთან/მისამართთან დაკავშირებული შეფასებას, წარუდგინოს დასაბუთებული მსჯელობა და უპასუხოს ყველა არგუმენტს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ირაკლი დუმბაძის ინტერესების დამცველებს შეახსენებს და აღნიშნავს, რომ საქმეს ამჟამად განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს, მათ შორის, კვლევით დასმული შეხედულებების მართებულობას. ვინაიდან საქმეზე შემაჯამებელი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, შეუძლებელია, ორგანიზაციის კვლევა გახდეს სასამართლოს მომავალი გადაწყვეტილების საპირწონე. ორგანიზაციაც ინტერესით ელოდოება უზენაესი სასამართლოს დასკვნას, რომლის შემდგომაც, უფრო მეტად შეიძლება მსჯელობა სადავო გარემოებებზე.ორგანიზაციამ თავისი პროფესიული და სამართლებრივი შეფასება მისცა დაუსწრებელი გადაწყვეტილების იმ დასაბუთებას, რომელიც დაინახა საქმის მასალებით. სარჩელის შესაძლო ჩაბარების გარემოებას, თავად ორი ინსტანციის სასამართლომ, სხვადასხვა შეფასება მისცა. რაც შეეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების კიდევ ერთ წინაპირობას – სასარჩელო მოთხოვნების იურიდიულად მართებულობას, ორგანიზაციას ამ საკითხზე სასამართლოებისგან განსხვავებული შეფასება აქვს – თუ ირაკლი დუმბაძე ან მისი დამცველები ერთ მტკიცებულებას მაინც მიგვითითებს საქმიდან, რომელიც შეეხება იძულების ან შანტაჟის გზით წილის დათმობის გარემოებას ან გარემოებაზე პროკურატურის/პოლიციის მიმართ საჩივრის წარდგენით პრეტენზიას, რაც საქმის მასალებით იქნებოდა დაცული, ორგანიზაციას ექნებოდა მეტი სამართლებრივი მოტივაცია დაეზუსტებია საკითხზე გამოთქმული თავისი პოზიციები.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებამდე უშუალოდ მიმართავს ირაკლი დუმბაძეს – პატივი სცეს ორგანიზაციის საქმიანობის პროფესიულ პრინციპებს, თავი შეიკავოს დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან, რაც შეიძლება, გახდეს ცალკე სასამართლო დავის საგანი და კვლევის კრიტიკის დროს დაეფუძნოს მხოლოდ იურიდიულ არგუმენტებს და არა – მსჯელობას: თუ ვინ „არაკვალიფიციური“,„ტენდენციური“, „მიკერძოებულია“ ან/და „ამახინჯებს ფაქტებს“.ორგანიზაცია ნამდვილად ვერ გაიზიარებს და თავის დასკვნებს ვერ გამოიტანს ირაკლი დუმბაძესა და დავით ზეიკიძეს შორის ოჯახური უთანხმოების სირთულიდან. ჩვენთვის დავა რჩება მაღალი საჯარო ინტერესის საქმედ, ვინაიდან საქმეზე საჯარო ინტერესი ემსახურება მრავალ მილიონიან საქმეზე სასამართლოების მიერ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. სასამართლო დადანაშაულებულ იქნა სავარუდო კორუფციასა და გავლენის ჯგუფების კონტროლთან. შესაბამისად, ორგანიზაციამ ყურადღება დაუთმო ბიზნეს დავის ირგვლივ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შესწავლის ინტერესს და აღნიშნა, რომ სასამართლოს მხრიდან ბიზნეს-დავების განხილვა ნდობის მაღალ ხარისხს უნდა ეფუძნებოდეს.

ამ მიზნით ორგანიზაციამ საქმის მასალებზე ხელმისწავდომობა პროცესის მონაწილე მხარეებს სთხოვა. პროცესის მონაწილე მხარეებმა სრულად მიაწოდეს ორგანიზაციას საქმის მასალები, რაც იქნა შესწავლილი, მომზადდა და 2020 წლის 6 ივლისს გამოქვეყნდა სამართლებრივი დასკვნა”, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი