„რეფორმერის“ წევრი - საქართველო შენელებული მოქმედების ნაღმზეა

საქართველო შენელებული მოქმედების ნაღმზეა და აზერბაიჯან-სომხეთის ბოლოდროინდელი მოვლენები რეგიონში გამოსაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „რეფორმერის“ წევრმა და ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში ლაშა პატარაიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აზერბაიჯან-სომხეთის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, თუ კონფლიქტის განვითარების დინამიკას გავითვალისწინებთ, ყურადსაღებია, რომ ყარაბაღის ნაცვლად, შეტაკება თოვუზის რაიონში, პრაქტიკულად საქართველოს საზღვართან ახლოს მოხდა.

ლაშა პატარაიას განცხადებით, ვითარების მკვეთრად და რადიკალურად ესკალაციის პირობებში პირდაპირ დგება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, რადგან ოპერატიულ-ტაქტიკური თუ სტრატეგიული გადმოსახედიდან არსებობს ლოგიკური მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაცია საომარი ვითარების შემთხვევაში მოითხოვს სამხედრო ან სულ მცირე ჰუმანიტარულ კორიდორს სომხეთთან, ხოლო თურქეთი აზერბაიჯანთან.

„ასეთ დროს თუ ჩამოყალიბებული სტრატეგია არ გვექნება, შესაძლოა ჩვენდაუნებურად მხარეც კი აღმოვჩნდეთ. ამას გარდა, გასათვალისწინებელია რუსული სამხედრო ბაზების სიახლოვე უშუალოდ თბილისთან. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ საერთაშორისო ყურადღების მობილიზება სათავისოდ გამოიყენოს რუსეთმა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროვოკაციების მოწყობა დაიწყოს, რამაც შესაძლოა მიგვიყვანოს სრულმასშტაბიან რეგიონულ კონფლიქტამდე, სადაც რამდენიმე მხარე იქნება ჩართული. ეს ყველაზე ცუდი სცენარია მოსალოდნელი სცენარებიდან, თუმცა სხვადასხვა დონეზე თუ ჩავშლით რისკებს და სულაც გამოვრიცხავთ საქართველოზე პირდაპირ სამხედრო გავლენას, ასევე აღსანიშნავია კოლოსალური ეკონომიკური პრობლემები რეგიონში, რომლებიც ასეთ დროს შეიძლება განვითარდეს და პანდემიის შემდგომი რეალობა უფრო დაამძიმოს.

მის თქმით, ასეთ დროს, ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად აქტიურები და შევძლოთ სამეზობლოში მშვიდობის მხარდაჭერა დიპლომატიის გზით, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენი როგორც რეგიონული მედიატორის პოზიციის ინიცირება, რაც აქამდე არ გაკეთებულა. შესაძლებლობა კი სახეზეა და საჭიროებაც, რადგან ეს პირდაპირ გადის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე და მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების საკითხი არ არის“, - განაცხადა ლაშა პატარაიამ.

მისი თქმით, დღეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებები პრაქტიკულად აღარ მიმდინარეობს, თუ OSCE-ს ფორმატს არ ჩავთვლით, რომელიც არ არის საკმარისი და თანაც უკვე დადგა დღის წესრიგში ამ ფორმატიდან გასვლა.

„ამდენად, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ მომრიგებლის როლი, გავხდეთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის პროვაიდერი. მითუმეტეს, რომ თოვუზის რაიონთან, სადაც შესაძლოა კვლავ განვითარდეს დაპირისპირება, მოკლედ, ნიადაგი იმისა, რომ ამ ვითარებაში უზუნველვყოთ ეროვნული უსაფრთხოების დაცვა, რეგიონის მშვიდობის უზრუნველყოფაში კონტრიბუცია, საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება და ჩვენი გეო-პოლიტიკური მდებარეობის რეალური პოტენციალის გამოყენება, რომელზეც უნდა ხდებოდეს სწორება ჩვენს ყველა ნაბიჯში.

ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთიან, მტკიცე სტრატეგიაზე რეგიონში ჩვენი როლის გაძლიერებაზე, რაზეც აქამდე ჯერ საგნობრივი ინიციატივა და დისკუსიაც კი არ ყოფილა. მსგავსი მოვლენები კიდევ ერთხელ გვახსენებენ იმ სტრატეგიულ სიცარიელეებს, რომლებიც ქვეყანაში ასე უხვად გვაქვს და ზოგჯერ ეს ყველაფერი ჰგავს ცათამბჯენის აშენების მცდელობას პირდაპირ მესამე სართულიდან, როდესაც სართულები კი არა, ჯერ ფუნდამენტიც არ არსებობს.

სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ მაქსიმალურად სწრაფად უნდა შეიმუშავოს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც იქნება ორიენტირებული არსებულ რეალობასა და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. ასევე, ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს ყველა შესაძლო ვარიანტი, სადაც მკაფიოდ აისახება კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგმება რეგიონში მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში. აღნიშნული საკითხი არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და მხოლოდ ხელისუფლების ნაბიჯები ვერ იქნება საკმარისი.

რეფორმერის გუნდი უკვე ვმუშაობთ სხვადასხვა ვორქშოპის ფორმატში და ვიწყებთ აქტიურ დისკუსიებს, მათ შორის, კავკასიის გეოპოლიტიკური დოქტრინის ფუნდამენტურ საკითხებზეც. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა მხოლოდ სიტყვები არ არის, რომელსაც ყველა კონტექსტში ძლიერ მხარედ მივიჩნევთ და თითქოს ამაზე საუბარი უკვე პოპულისტურიც გახდა. არამედ, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი რეალური პოტენციალი, რომელიც შეგვიძლია ეფექტურად გამოვიყენოთ ეკონომიკური, სამხედრო, დიპლომატიური და სხვა ფუნდამენტური მიმართულებებით“. - აღნიშნავს რეფორმერის წევრი, უსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარაია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა