აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოსთან თანამშრომლობას ცალკე ქვეთავი ეთმობა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი დაამტკიცა, რომელშიც აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობას ცალკე ქვეთავი ეთმობა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეუქცევადობას.

„ამ კანონპროექტში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ასევე, დადასტურებულია არაღიარების პოლიტიკა. მნიშვნელოვანი ხაზგასმაა გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის აგრესიის შეკავების და შეჩერების თვალსაზრისით, უნდა გაიზარდოს საქართველოს მდგრადობა თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით, მათ შორის თავდაცვითი შესაძლებლობების მიწოდების თვალსაზრისით, როგორც ლეტალური, ისე არალეტალური. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტი ადასტურებს ჩვენს თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან და თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსთან და სხვა ნატოელ პარტნიორებთან ერთად, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივანმა თავდაცვის მდივანთან კოორდინაციით, კანონპროექტის მიღებიდან 180 დღის შემდეგ უნდა წარმოადგინოს ანგარიში, სადაც იქნება საუბარი იმაზე, თუ რა სახის ეკონომიკურ დახმარებას უწევს აშშ საქართველოს და სხვა ნატოს პარტნიორ წევრ ქვეყნებს. ასევე, ამ ანგარიშში უნდა იყოს ასახული საქართველოში, აზერბაიჯანში, მოლდოვასა და უკრაინაში იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტოტიებზე გარე ძალების მიერ მოკლულ პირთა რაოდენობის შესახებ და ასევე, კანონპროექტის მიღებიდან 180 დღის განმავლობაში უნდა იყოს წარმოდგენილი ანგარიში საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კანონის უზენაესობის მხრივ გადადგმული ნაბიჯები. მე ვფიქრობ, რომ ეს კანონპროექტი არის კიდევ ერთი დასტური, რომ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში და მთლიანად აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით, ჩვენი თანამშრომლობა ისეთ მაღალ ნიშნულზეა, როგორც არასდროს. როდესაც კანონპროექტი გადაინაცვლებს სენატში, ვიმედოვნებ, იქაც ასეთივე წარმატებით გაივლის პროცედურებს და მიღებული იქნება სენატის ვერსია იმისთვის, რომ ის უკვე საბოლოოდ იქცეს კანონად”, - განაცხადა ზალკალიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა