ჭიათურის საბაგირო გზის მშენებლობის დასკვნითი ფაზისთვის სპეციალისტები პარიზიდან ჩამოვიდნენ

ჭიათურაში, საბაგირო გზების მშენებლობის სამუშაოს დასრულების მიზნით, საქართველოში ფრანგული კომპანიების „ტექკაბელის“ და „პომას“ სპეციალისტები ჩამოვიდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, მშენებლობის პროექტი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, საბაგირო გზებისა და სადგურების სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა და ორი მიმართულებით ბაგირის მონტაჟი, დაგეგმილი სამუშაო კი ბაგირის დანარჩენი ორი მიმართულების მშენებლობას, ოთხივე სადგურის ტესტირებას და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას გულისხმობს. ბოლო ეტაპის დასრულების შედეგად, სრულად აღდგება ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი მიმართულება.

უწყების განმარტებით, ჭიათურის საბაგირო გზების მშენებლობაზე მომუშავე ფრანგული კომპანიების „ტექკაბელის“ და „პომას“ სპეციალისტები სამშობლოში მარტში Covid-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი სიტუაციის გამო დაბრუნდნენ, ბიზნეს ვიზიტორებისთვის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ კი საქართველოში პირველივე რეისით ჩამოვიდნენ.

ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, საქმიანი ვიზიტებით ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, მუნიციპალური განვითარების ფონდის კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ჩამოსვლისთანავე, თბილისის აეროპორტში გაიარეს PCR ტესტირება და მიიღეს ექიმის დასკვნა.

ფრანგი სპეციალისტები საბაგირო გზის მშენებლობაში დღესვე ჩაერთვებიან და საბჭოს მიერ დადგენილი წესით, 14 დღის განმავლობაში, 3 დღეში ერთხელ გაივლიან PCR ტესტირებას.

ასევე, სამუშაოების წარმოებისას დაცული იქნება საქართველოში მოქმედი ყველა რეგულაცია.

როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას, კერძოდ, ბაგირების მონტაჟისა და სადგურების ტესტირების პერიოდში, უსაფრთხოების მიზნით, ქალაქ ჭიათურის ნაწილს დადგენილი პერიოდულობით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ჭიათურის საბაგირო გზების მშენებლობის სამუშაოებს მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაასრულებს.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია