თენგიზ ცერცვაძე - ცოტა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ 10 წელი, ჩვენ ცენტრს, რომელიც უმნიშვნელოვანესია, არ ჰქონდა შენობა-ნაგებობები

ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი ერთი სამედიცინო დაწესებულება მაინც, რომელსაც ექნება შესაძლებლობა მოემსახუროს განსაკუთრებით საშიშ, მძიმე და გადამდები ინფექციებით ავადმყოფებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა, რითიც ის გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ინფექციური საავადმყოფოსთვის 40 მილიონი ლარის გამოყოფასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება იოლად და მოკლე დროში არ ყოფილა მიღებული.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს დილით, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ჩვენთვის და ალბათ მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო განცხადება. ამას უკვე რამდენიმე წელია ელოდება მთელი ქვეყანა. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრისთვის მთავრობა გამოყოფს 40 მილიონ ლარს, რომელიც მოხმარდება ამ ცენტრისთვის ახალი შენობის შეძენას ან ახალი შენობის აშენებას. ეს გადაწყვეტილება მოკლე დროში არ ყოფილა მიღებული და იოლად. ჯერ კიდევ 2009 წელს, მაშინდელი ხელისუფლების მიერ ამ ცენტრის ტერიტორია და შენობა-ნაგებობები გაიყიდა და ის კომპანია „ავერსი ფარმამ“ შეიძინა. ცოტა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ, გასული 10 წელი, ჩვენ ცენტრს, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი, არ ჰქონდა შენობა -ნაგებობები და იმყოფებოდა მდგუმრად „ავერსი ფარმას“ საკუთრებაში მყოფ ტერიტორიაზე. ეს იყო ძალიან მძიმე პერიოდი და უკიდურესად უსამართლო პერიოდი, როცა ქვეყნის მთავარ სამედიცინო დაწესებულებას არ ჰქონდა საკუთარი ტერიტორია და შენობები. იმყოფებოდა ენით აღუწერლად მძიმე პირობებში. თქვენი დამსახურებაა, მედიის, რომ მთავრობის ყურამდე მიგქონდათ ეს მდგომარეობა,“ - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოს ბოლოს და ბოლოს ექნება საკუთარი ტერიტორია და საკუთარი ჭერი.

„აქ არ გვქონდა ისეთი პირობები, რომ კიდევ უფრო უკეთესი შედეგები დაგვედო. ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი ერთი სამედიცინო დაწესებულება მაინც, რომელსაც ექნება შესაძლებლობა მოემსახუროს განსაკუთრებით საშიშ, მძიმე და გადამდები ინფექციებით ავადმყოფებს, ეს რომ აუცილებელია ძალიან თვალსაჩინოდ დაგვანახა კოვიდ პანდემიამ,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა