ადვოკატი - როგორც კი FBI-ის ექსპერტების ჩამოყვანა მოვითხოვე, უცებ იპოვეს კომპიუტერის გასახსნელი კოდი - ლეპტოპი დალუქული არ დამხვედრია, რაც კითხვებს ბადებს

გარდაცვლილი პროგრამისტის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ექსპერტიზის ბიუროში მას ბაჩალიაშვილის კომპიუტერი დალუქულ მდგომარეობაში არ დახვდა, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რამიშვილი აცხადებს, აღნიშნული ფაქტი ამართლებს გარდაცვლილის მამისთვის პოლიციელის მიერ ნათქვამ ფრაზას - „კომპიუტერი გავხსენით და თქვენი გოგო შარში“ არისო.

„კომპიუტერის სკანირებას რამდენიმე დღე შეიძლება დაჭირდეს. მათ იცოდნენ, რომ კომპიუტერი გახსნილი არ უნდა ყოფილიყო, დალუქულ მდგომარეობაში უნდა დამხვედროდა, მაგრამ გახსნილი დამხვდა. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება უკვე და ძალიან ამყარებს ეს იმ ნათქვამს, რაც მამას, ბატონ ჯუმბერს უთხრა იმ მაღალჩინოსანმა, რომ „კომპიუტერი გავხსენით და თქვენი გოგო შარში“ არისო. ახლა ამბობს, არაფერი ამდაგვარი არ მითქვამსო, ეტყობა, მაშინ ეს ყველაფერი უკვე ნანახი ჰქონდათ, ბევრი კითხვის ნიშანია.

მას შემდეგ, რაც განცხადება გავაკეთე, რომ აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროდან ექსპერტის ჩამოყვანა მინდოდა იმისთვის, რომ კომპიუტერი მათ გაეხსნათ, ვინაიდან ესენი ამბობდნენ, ვერ ვხსნითო, უცებ, იპოვეს კოდი, არადა მანამდე იმ მაღალჩინოსანს ნათქვამი ჰქონდა, რომ „გოგო შარში“ იყო. ოჯახს უკვე გამოძიების მიმართ ძალიან დიდი უნდობლობა აქვს.

ექსპერტიზის ბიუროში მითხრეს, რადგან კომპიუტერი დადგენილების მიხედვით მოიტანეს, იმ წუთას დავიწყეთ კოდის ძებნა და ახლა თქვენს თვალწინ ვიწყებთ ამის გახსნასო. არადა, ლუქის ახსნა და მთელი რიგი პროცედურები ჩემ თვალწინ უნდა მომხდარიყო“, - აცხადებს რამიშვილი.

ამასთან, ადვოკატის განმარტებით, მისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ აეროგადაღების ჩანაწერი.

იხილეთ ვიდეო: როგორც კი FBI-ის ექსპერტების ჩამოყვანა მოვითხოვე, უცებ იპოვეს კომპიუტერის გასახსნელი კოდი - ლეპტოპი დალუქული არ დამხვედრია, რაც კითხვებს ბადებს - ადვოკატი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა