გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მისაღებად მზადაა

ხვალ, 13:30 საათზე, გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ოფიციალურად გაიხსნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, ბაღის სტუმრებს წელს, უნიკალური ქვის ბაღის ალპინარიუმის მონახულება შეეძლებათ, რომლის მოწყობაზეც ქართველ სპეციალისტებთან ერთად მიუნხენის ბოტანიკური ბაღის მებაღეც მუშაობს.

მათი ინფორმაციით, ალპინარიუმი 200 მ2 ტერიტორიაზე მცენარეებთან შერწყმული სპეციალური ქვების კომპოზიციებითაა წარმოდგენილი.

„ბაღში, სადაც სუბალპური და ალპური ზონებისთვის დამახასიათებელი მცენარეების მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი, სტუმრებისთვის საპიკნიკე და საკემპინგე ზონებია მოწყობილი. გოდერძის ალპური ბაღი ჯამში 15 ზონას მოიცავს, რომელთა შორის გამოირჩევა ტბისა და ჭაობის ზონები, წყაროსა და საპიკნიკე ზონები, ასევე მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ზონა, სადაც ვიზიტორებს საშუალება აქვთ ჯარას ველური თაფლის უნიკალურ ტრადიციას გაეცნონ. ბოტანიკური ბაღი ერთი-ერთი საინტერესო ტურისტული დანიშნულების ადგილია ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტული მარშრუტსა და მწვანე ტბაზე მოგზაურებისთვის, ასევე კურორტ გოდერძისა და ბეშუმში დამსვენებლებისთვის. მიმდინარე წელს ალპურ ბაღში განხორციელებულ პროექტებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე გაეცნენ.

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ხულოში, ზღვის დონიდან 1960 მეტრ სიმაღლეზე კურორტ გოდერძისთან ახლოს „შქერნალის“ ტერიტორიაზე მდებარეობს. ათეულობით წლის წინ ტერიტორიის დიდი ნაწილი სუბალპური ტყით იყო დაფარული. ამჟამად, ალპური ბაღის ტერიტორიაზე ექვსი სახეობის მერქნოვანი და ასამდე სახეობის ბალახოვანი მცენარე არსებობს, რომელთა ძირითადი ნაწილი აბორიგენული სახეობაა. ბაღს, რომელიც 2016 წელს შეიქმნა, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს. მასში შესვლა უფასოა. ბაღის მონახულებისთვის საუკეთესო დრო მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე პერიოდია. წლის დანარჩენ დროს კი იქაურობა თოვლითაა დაფარული“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს