კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფლად, დაშინებისა თუ სხვა დაბრკოლების გარეშე მივიდეს არჩევნებზე

მნიშვნელოვანია არჩევნების დროს საარჩევნო კანონმდებლობა პრაქტიკაში დაწვრილებით იყოს აღსრულებული, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

კელი დეგნანმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრაზე 2020 წლის არჩევნებსა და საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრეს.

„გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან. ჩვენ სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის, ადგილობრივი მმართველობის მნიშვნელობაზე და იმაზე რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უკეთ მოახდინოს თავისი პრობლემატური საკითხების წამოჭრა ადგილობრივ მთავრობასთან მოგვარების მიზნით. ვისაუბრეთ მომავალ არჩევნებზე, თავისუფალი და სამართლიანი რომ იყოს. ამ სიტუაციაში გასათვალისწინებელია კორონავირუსით გამოწვეული სიტუაციაც. გარდა ამისა, ჩვენ შევეხეთ ეკონომიკური შესაძლებლობების და განვითარების საკითხსაც. ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებზე, რაც იმერეთის რეგიონში ხორციელდება, რითაც საბოლოოდ რეგიონში მეტი დასაქმებული იქნება“,-განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ს ელჩი დასძენს, რომ მნიშვნელოვანია ამომრჩეველს არჩევნებზე თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეს.

„მოხარულები ვართ, რომ პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები და განხორციელდა საარჩევნო რეფორმა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობამ არ ასახა ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჩვენ და საერთაშორისო ექსპერტებს გვქონდა, ეს იყო მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ახლა მნიშვნელოვანია არჩევნების დროს საარჩევნო კანონმდებლობა პრაქტიკაში დაწვრილებით იყოს აღსრულებული, იმისთვის რომ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფლად, დაშინებისა თუ სხვა დაბრკოლების გარეშე მივიდეს არჩევნებზე და ჰქონდეს ნდობა, იმ შედეგებზე, რაც დადგება.

მნიშვნელოვანია ამომრჩევლების ცნობიერების ამაღლება, მათი განათლება, როგორ მისცენ ხმა უსაფრთხოდ კორონავირუსის დროს, რა არის მათი უფლებები“,-განაცხადა კელი დეგნანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა