რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი - ზარალის დათვლა დაიწყო, სტიქიის ზონიდან 60-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, რაჭაში, სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა უკვე დაიწყო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ზარალი საკმაოდ დიდია სრულად დათვლას რამდენიმე დღე სჭირდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯაფარიძემ ონში განუცხადა, სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა ახლაც მუშაობს.

არჩილ ჯაფარიძის თქმით, ქალაქ ონში, ადგილზეა ვერტმფრენი და ვისაც სტიქიის ზონიდან უსაფრთხოებიდან გამომდინარე გამოსვლის სურვილი ექნება, ვერტმფრენით გამოიყვანენ.

მისივე თქმით, ქალაქ ონში ამ დროისთვის, აღდგენილია წყალმომარაგება, რომელიც შეზღუდული ჰქონდა 400 აბონენტს. ელექტროენერგიის მიწოდება კი ხუთ სოფელში დღის ბოლომდე განახლდება. რაც შეეხება დანარჩენ სოფლებს, შემოვლითი გზების მოწესრიგებისთანავე პარალელურად აღდგება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების აღდგენა. შესაბამისად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ მიეწოდება დენი დანარჩენ სოფლებს.

გუბერნატორის განმარტებით, სტიქიის მიერ მიყენებული ვითარების მხრივ თორმეტივე სოფელში ერთნაირი მდგომარეობაა, თუმცა ყველა სოფელს ყურადღებას მაქსიმალურად აქცევენ. მისი თქმით, მედიკამენტებისა და პროდუქტის დეფიციტი არც ერთ სოფელში არ არის.

"უკვე გამთენიისას დავიწყეთ შემოვლითი გზების მოწყობა. ასევე დაიწყო წყალმომარაგების სისტემის აღდგენის პროცესი. პროცესში დროულად ჩაერთო ვერტმფრენი. ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან 60-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი. დაახლოებით 12-მდე კრიტიკული ლოკაცია გვაქვს, მათ შორის, რამდენიმე ძალიან რთული. ამ საქმეს საკმაოდ ხანგრძლივი და პროფესიონალური მუშაობა სჭირდება. წინასწარ ვერ ვიტყვით, თუ რამდენ დღეში მოხერხდება საბოლოოდ ამ პრობლემის აღმოფხვრა. მობილიზებულია 12 ერთეული მძიმე ტექნიკა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი რესურსიც შესაძლოა, იყოს მობილიზებული. მაქსიმალური კოორდინაციაა მოსახლეობასთან. ჩვენი სოფლების დეპუტატების მეშვეობით ვიგებთ თუ რა პრობლემაა ყველა ოჯახში. პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილია შტაბი, შტაბის წარმომადგენლები ურეკავენ სასტუმროებს, ოჯახებს იგებენ მათ საჭიროებას და ნებისმიერი მოთხოვნა პროდუქტის თუ მედიკამენტების დაკმაყოფილებული იქნება. აბსოლუტურად უსაფრთხო გარემოში იმყოფება მოსახლეობა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს პრობლემა დროულად აღმოიფხვრას და ადგილობრივი თუ ტურისტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს", - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა