ქობულეთის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მცხოვრებლებმა ქობულეთის მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის: ბუკნარის, მუხაესტატესა და ხუცუბნის მცხოვრებლებმა ქობულეთის მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი აღნიშნულ სოფლებში წყლის მიწოდებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ყოველ ზაფხულს წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ და სასმელი წყალი არ აქვთ.

აქციის მონაწილეებმა მერიის შენობასთან ტრანსფარანტები მიიტანეს და ქობულეთის მერთან მირიან ქათამაძესთან შეხვედრა მოითხოვეს.

მათი განცხადებით, თუ ქობულეთის მერია აღნიშნულ სოფლებში წყლის პრობლემას არ მოაგვარებს, აქციები ფართომასშტაბიანი გახდება.

აქციის მონაწილეებს ქობულეთის ვიცე-მერი ლევან ზოიძე გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს და ეტაპობრივად ყველა სოფლის წყლის სისტემა მოგვარდება.

„სოფელ ბუკნარში ზაფხულის პერიოდში დებეტთან დაკავშირებით არის პრობლემები, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოსახლეობას წყალი მივაწოდოთ. ამ ეტაპზე მათ წყალი მიეწოდება, 300 ტონიან აუზზე 220 ოჯახია დაერთებული, დღის განმავლობაში 700 ტონამდე წყალი მიეწოდებათ, დღეში ორჯერ ივსება აუზი.

მოსახლეობას ბოსტნებში აქვთ წყალი გაშვებული და ყაირათიანად არ იყენებენ. სოფელ მუხაესტატეს შემთხვევაში წყლის სისტემის პროექტი გავამზადეთ და მოსახლეობას გავაცანით, უახლოეს პეროდში ტენდერი გამოცხადდება. „აჭარის წყლის ალიანსი" წყლისა და წყალარანირების სისტემას აწესრიგებს, ეს ნიშნავს, რომ სოფელში თითოეულ დასახლებას თანამედროვე წყლის მოწოდება ექნება.

სოფელ ოჩხამურში, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე მზად არის მუხაესტატეს მეურნეობისთვის პროექტი. სოფელ ოჩხამურთან დაკავშირებით კვლევები მიმდინარეობს, თუ სად შეიძლება ჭაბურღილების განთავსება. პირველ ეტაპზე მუხაესტატეს მეურნეობაში დაიწყება სამუშაოები, შემდეგ სოფელ ოჩხამურში და ეტაპობრივად სხვა სოფლებში, რადგან ეს არის მასშტაბური პროექტი",- განაცხადა ქობულეთის ვიცე-მერმა ლევან ზოიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს