თორნიკე რიჟვაძე - ალპური ბოტანიკური ბაღი მაღალმთიანი აჭარისთვის იქნება კიდევ უფრო მეტი წარმატების, მეტი ტურისტის წინაპირობა

მაღალმთიან აჭარას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული დანიშნულების ადგილი, გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ბოტანიკური ბაღის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე და ბოტანიკური ბაღის, როგორც უნიკალური ტურისტული ატრაქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ყველანი ერთად ვებრძვით პანდემიას. ამ ტიპის ატრაქციების გახსნა და ბუნების ძეგლის დამატება ამ ძალიან ლამაზი მუნიციპალიტეტისთვის იქნება მეტი წარმატების, მეტი ტურისტის კიდევ ერთი წინაპირობა. ჩვენ ყველა ერთად აქტიურად ვმონაწილეობთ კამპანიაში, რომელიც ემსახურება საქართველოში შიდა ტურიზმის სტიმულირებას.

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, სადაც წარმოდგენილია როგორც ალპური, ასევე სუბალპური ნაირსახეობა, რომელიც მაღალმთიანი აჭარისთვის არის დამახასიათებელი.

ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ინფრასტრუქტურას მაღალმთიან აჭარაში. არაუმეტეს სამი წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება დასრულებული ხულო-გოდერძის მონაკვეთი. ამის პარალელურად მწვანე ტბის და ბეშუმის მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.

უწყების ცნობით, გოდერძის ალპური ბაღის იდეას 2015 წელს ჩაეყარა საფუჭველი. ბაღის ძირითადი დანიშნულებაა ეკო-განათლების პოპულარიზაცია, კავკასიის ეკო-რეგიონის მცენარეთა კოლექციის თავმოყრა და კონსერვაცია, სოფლად ტურიზმის განვითარება.

„ალპურ ბაღში წარმოდგენილია აჭარის სუბალპური და ალპური ზონისთვის დამახასიათებელი უნიკალური მცენარეულობა და მრავალფეროვნება. პროექტის მხარდამჭერები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსი (Mercy Corps), „აჭარისწყალი ჯორჯია“, ბათუმის, მიუნხენისა და ლოტარეს ბოტანიკური ბაღები. ტერიტორიაზე წარმოდგენილია მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ზონა, სადაც ჯარას ველური თაფლის უნიკალურ ტრადიციას გაეცნობით. ალპური ბოტანიკური ბაღის გახსნას შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი, აჭარის მთავრობის წევრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა