აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობასთან თანამშრომელთა ნაწილი კვლავ საპროტესტო აქციას მართავს.
მათი განცხადებით, ტელეკომპანიის ადმინისტრაციამ ორშაბათს 18:00 საათამდე სამი თანამშრომელი გიორგი მურვანიძე, ბაჩო გურაბანიძე და გუგა ქადიძე სამსახურში უნდა აღადგინოს.
აქციის მონაწილეების თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართავენ.
"ორშაბათს 18:00 საათამდე ხელმძღვანელობას ვადას ვაძლევთ, რომ სამი ადამიანი სამსახურში დაბრუნონ და ამით გამოასწორონ მათი მიერ დაშვებული მავნებლობა. ჩვენ თანამშრომლების სამსახურში დაბრუნების მოთხოვნით, 160 თანამშრომლის ხელმოწერა გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის კანონიერ ფორმას, რადიკალურ ზომებს მივმართავთ",- განაცხადა აქციის მონაწილე მალხაზ რეხვიაშვილმა.
ცნობისთვის, აჭარის მაუწყებლის ხელმძღვანელობამ არხის სამი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილებას თანამშრომლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.