რომან გოცირიძე - ვიბრძოდით იმისათვის, რომ პარლამენტს არ მიეღო ისეთი კანონები, რომლებიც ქვეყნისთვის იქნებოდა საზიანო და ამ ბრძოლაში გაილია გასული წელი

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, გასული წლის საპარლამენტო ცხოვრება ძალიან მძიმე იყო როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად. ამის შესახებ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პარლამენტის 2019 წლის საქმიანობის შეფასებას.

გოცირიძის თქმით, გასულ წელს „პარლამენტში მიმდინარეობდა ბრძოლა“.

„ვიბრძოდით იმისათვის, რომ პარლამენტს არ მიეღო ისეთი კანონები, რომლებიც ქვეყნისათვის იქნებოდა საზიანო და ამ ბრძოლაში გაილია გასული წელი. მისი ერთ-ერთი შედეგია ის რომ, როგორც იქნა, ერთი წლის თავზე მივიღეთ პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემა. იყო მუდმივი ზეწოლა, რომლის გარეშეც არც ერთ სასიკეთო ნაბიჯს არ დგამდა ეს პარლამენტი, რომელიც დამოკიდებული იყო ერთი ადამიანის ნებაზე, რომელმაც დაიმორჩილა სასამართლო სისტემა. პარლამენტს ძალიან ცუდი როლი მიუძღვის სწორედ მოსამართლეების დანიშვნისა და სხვა საქმეების პარლამენტში გატანის სახით, რომელიც მოდიოდა ერთი ადამიანისგან. ეს იყო ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული მორჩილი დეპუტატების ერთობლიობა, რომლებსაც არ ჰქონდათ დამოუკიდებელი ნება. დამოუკიდებელი ნება ისჯებოდა და ჩვენ ვნახეთ უმრავლესობიდან გაძევებული მრავალი პარლამენტარი”,- განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, მომავალი პარლამენტი უნდა იყოს შემოქმედებაზე ორიენტირებული.

„ოპოზიციას, რაც შეგვეძლო, ეს ჩანდა. თქვენ დაინახეთ ჩვენი მწირი რესურსებით თუ რამდენი საკანონმდებლო ინიციატივა განვახორციელეთ, როგორ ვმონაწილეობდით თუნდაც მოსამართლეების მხილების პროცესში და რა მოხდა „გავრილოვის ღამეს”. ფეხბურთის ენით რომ ვილაპარაკოთ, საყრდენ ნახევარ მცველს რომ ჩაშლაზე უნდა ორიენტირება და მოწინააღმდის ცუდი საქმეები რომ უნდა გაანეიტრალოს, ასეთ პოზიციაში ვიყავით, რომ არ გაეკეთებინათ ცუდი. დადგება დრო და მომავალი კოალიციური პარლამენტი იქნება ისეთი, სადაც შემოქმედებაზე, შენებაზე იქნება აგებული და ვიმუშავებთ არა ჩაშლაზე, არამედ - განვითრებაზე”,- განაცხადა გოცირიძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ პარლამენტის 2019 წლის საქმიანობის კვლევის მიხედვით, მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები, სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას. კვლევის თანახმად, 2019 წელს, 46-ჯერ დაიბარეს ანგარიშვალდებული პირები, მათგან 21 შემთხვევაში თანამდებობის პირი არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო კომიტეტის სხდომას.

ამავე კვლევის მიხედვით, 2019 წელი პოლიტიკურად დაძაბული და აქტიური წელი იყო, რამაც გავლენა მოახდინა საკანონმდებლო ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებასა და საქმიანობის განხორციელებაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა