ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ზუგდიდში დევნილებისთვის 3 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაასრულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 3 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაასრულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორცილდა და მისმა ღირებულებამ დაახლოებით 21.5 მლნ ლარი შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ 360 დევნილი ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ბინას.

„გარდა დასრულებული 3 საცხოვრებელი კორპუსისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდში დამატებით 5 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს 600 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის.

სამუშაოები ითვალისწინებდა 3 საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას და გარე განათების მონტაჟს. სამივე კორპუსს აქვს საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართა სანიაღვრე სისტემები. საცხოვრებელი ბინები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

გარდა ამ პროექტისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში და წყალტუბოში ახორციელებს დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობას. ამ პროექტების განხორციელების შემდეგ საცხოვრებელ ბინას მიიღებს 2000-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს