გიორგი ვაშაძე - ჩვენ ვართ ნათელ მხარეს და დავამარცხებთ იმ ბნელ მხარეს, რომელიც „დამსხვრეული ოცნებების პარტიამ“ შემოიტანა

ვაპირებ, გავხდე ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ერთადერთი მიზნისთვის, რომ აღარც ერთ ადამიანს ნაგავსაყრელზე არ უწევდეს ლუკმა-პურის ძიება და ამისთვის ვაპირებ, რომ მთელი საქართველო შემოვიაროთ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანა უმძიმეს ვითარებაშია, რადგან მილიონზე მეტი ადამიანი მშიერია და ყოველდღიურად იბრძვის საკვების მოსაპოვებლად. აქედან გამომდინარე ვაშაძე მიიჩნევს, რომ არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს არ აქვს უფლება დაუსაბუთებლად ტალახი ისროლოს. ვაშაძის განმარტებით, 8-წლიანმა გამოცდილებამ კონკრეტულად აჩვენა, რომ ერთპარტიულ ინტერესს კი არა, ხალხის ინტერესს აქვს მნიშვნელობა და მორალური კომპასიც სწორედ ეს არის.

„ერთი კვირის წინ ჩვენ დავაფუძნეთ „სტრატეგია აღმაშენებელი“ და დავიწყეთ კამპანია იმ მიზნით, რომ დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი და დავამარცხოთ სიღარიბე ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ ის კონკრეტული სტრატეგია, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, არის აღმშენებლობის სტრატეგია, რომელიც ქვეყანას უმძიმესი კრიზისიდან გამოიყვანს. 300 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა ტექნოპარკებით, IT-ქალაქებით, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებით. სესხებზე პროცენტის განახევრება, პენსიონრებისთვის პროცენტის ჩამოწერა დეკემბერშივე, ბიზნესისთვის ხელშეწყობა და მილიონამდე დღგ-ს გადასახადის გაუქმება, წამლების გაიაფება 30%-ით და რაც მთავარია, სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრება ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ და სწორედ აქ ვფიქრობ, რომ უნდა ვიყოთ ყველანი ერთიანები. ძალა ერთობაშია და არა ერთმანეთისთვის ტალახის სროლაში.

მე მოვისმინე მიხეილ სააკაშვილის განცხადება და მინდა მივმართო მას, რომ ჩვენ წარსულით კი არ უნდა ვიბრძოლოთ და წარსულში კი არ უნდა ვიყოთ, არამედ მომავალზე, ერთანობასა და ერთიან ფრონტზე უნდა ვიფიქროთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთის. ჩვენ ვართ ნათელ მხარეს და დავამარცხებთ იმ ბნელ მხარეს, რომელიც „დამსხვრეული ოცნებების პარტიამ“ საქართველოში შემოიტანა. გამარჯვებისა და ქვეყანაში სწრაფი ცვლილებებისთვის ჩვენ გვჭირდება არა ერთპიროვნული ან ერთპარტიული სისტემა, ამით ვერ დავამარცხებთ იმ „დამსხვრეული ოცნებების პარტიას“, რომელმაც უმძიმეს ვითარებაში ჩაგვაყენა, არამედ გვჭირდება ერთმანეთთან თანამშრომლობა, საერთო ოპოზიციური ფრონტი, რომლითაც უნდა დავარწმუნოთ ჩვენ მოქალაქეები, რომ საქართველოს აქვს მომავალი“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა