გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ბოლო ორი დღის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა განაცხადა, გუშინ „პისიარ“ ტესტირება სოფელ ყარაჯალარში თვითიზოლაციაში მყოფ 22 პირს ჩაუტარდა, რომელთაც ორკვირიანი ვადა ამოეწურათ.
„დღეიდან სოფელ ყარაჯალარში ვიწყებთ შეჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის საკვები პროდუქტისა და ჰიგიენის საშუალებების დარიგებას. ადგილზე აქტიურად გრძელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი. 14- დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ტესტირება ჩაუტარდა 22 პირს, რომლებიც სოფელ ყარაჯალარში თვითიზოლაციაში იმყოფებიან და ყველაზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ ლუგარიდან. დღეისათვის თვითიზოლაციაში ჯამში 39 პირია, საკარანტინე სივრცეში კი 90“, - განაცხადა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში 24 ივლისიდან, მკაცრი კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. მუნიციპალიტეტში დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირების 63 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 38 სოფელ ყარაჯალარში.