რაჭაში, სტიქიის შედეგად დატბორილი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების გაწმენდა მიმდინარეობს

რაჭაში, სტიქიის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი მცხოვრებლების დატბორილი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების გაწმენდა მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, სოფლების მოსახლეობის დასახმარებლად მუშაობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის 25-კაციანი ჯგუფი.

მათი ინფორმაციით, ქალაქ ონში, წმენდით სამუშაოებში ასევე აქტიურად მონაწილეობენ „წითელი ჯვრის“ მოხალისეთა ჯგუფები.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, დასრულების ეტაპზეა სტიქიის შედეგად დაზიანებული ონის წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაციის სამუშაოები.

„რაც შეეხება საავტომობილო მოძრაობას, გადაადგილება აღდგენილია სოფელ ჟამიერეთთან მისასვლელ გზაზე. ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 129-ე კმ-ზე ჩაშლილი გზის დროებით აღსადგენად კი, სამუშაოები გრძელდება. ამ მონაკვეთის გადალახვის შემდეგ, მძიმე ტექნიკა გზის მომდევნო დაზიანებული მონაკვეთის აღდგენაზე იმუშავებს.

სარმის ხიდის მონტაჟის სამუშაოები გრძელდება სოფელ ხიდეშლებთან და სოფელ ლაგვანთასთან მისასვლელ გზებზე. სოფელ ღარში კი, დაიწყო მდინარე რიონის კალაპოტის ფორმირების სამუშაოები.

სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველა სოფელს მეორე დღეა ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა კოორდინირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენებმა სოფელ ღებიდან, გლოლადან და ჭიორადან დღეს 100-ზე მეტი მოქალაქე გამოიყვანეს. სულ, 29 ივლისიდან დღემდე, სტიქიის გამო გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან 562 ადამიანის, აქედან 122 ბავშვის გადმოყვანა გახდა შესაძლებელი.

სოფლის მოსახლეობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ვერტმფრენებით უწყვეტად აწვდიან სურსათს და საჭირო ნივთებს. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობით ადგილზე მუშაობას აგრძელებს ზარალის დამდგენი კომისიაც.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და გარესამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობისათვის საჭირო დახმარების გაწევის მიზნით, მუშაობას აგრძელებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო-პრო ჯორჯიას", შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო